რევმატოიდული ართრიტის მართვის ახალი პარადიგმა: ბიოფსიქოსოციალური ფაქტორების ინტეგრაციის მნიშვნელობა

გააზიარე

ავტორიტეტულ სამედიცინო ჟურნალებში — Nature Reviews Rheumatology და The Lancet Rheumatology — გამოქვეყნებულმა უახლესმა კვლევებმა, რომლებიც რევმატოიდული ართრიტის მართვაში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების გავლენასა და მათი ინტეგრაციის მნიშვნელობას მიმოხილავს, დაავადების მართვის არსებული თერაპიული მიდგომების გადახედვის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მეცნიერთა შეფასებით, დაავადების ოპტიმალური მართვა ვერ შემოიფარგლება მხოლოდ ანთებითი პროცესის ფარმაკოლოგიური სუპრესიით. აუცილებელია ინტეგრირებული მიდგომა, რომელიც ამ სამ კომპონენტს გააერთიანებს. ანალიზი ცხადყოფს, რომ ცხოვრების წესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სტატუსი და კომორბიდული პათოლოგიები დაავადების პროგრესირებისა და თერაპიული პასუხის განმსაზღვრელ კრიტიკულ დეტერმინანტებს წარმოადგენს.

რევმატოიდული ართრიტი ქრონიკული აუტოიმუნური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება სახსრების ტკივილით, შეშუპებით, შებოჭილობითა და მოძრაობის ფუნქციური შეზღუდვით. პათოლოგია გამოწვეულია იმუნური სისტემის დისფუნქციით, რა დროსაც გარკვეული უჯრედები მიზანმიმართულად აზიანებენ ორგანიზმის ჯანმრთელ ქსოვილებს, განსაკუთრებით — სახსრებს.

მიუხედავად იმისა, რომ დაავადება უპირატესად სახსრების დაზიანებით ვლინდება, ანთებითი პროცესი სისტემურ ხასიათს ატარებს და შესაძლოა გავრცელდეს კანზე, სისხლძარღვებზე, ფილტვებზე, თირკმლებზე, სანერწყვე ჯირკვლებსა და ნერვულ ბოჭკოებზე. დაავადების პროგრესირება დროთა განმავლობაში იწვევს სახსრების დეფორმაციას და ფუნქციის შეუქცევად დაქვეითებას ან სრულ დაკარგვას. 2021 წლის მონაცემებით, მსოფლიოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებულთა რაოდენობა დაახლოებით 18 მილიონს შეადგენს.

რევმატოიდული ართრიტის სტანდარტულ თერაპიას ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული პრეპარატებით მკურნალობა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თერაპია ეფექტიანია დაავადების პროგრესირებისა და სახსრების შემდგომი დაზიანების შესაჩერებლად, კლინიკური გამოცდილება ცხადყოფს, რომ პაციენტთა მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც განიცდის სიმპტომების პერსისტენციას, ტკივილს, ქრონიკულ დაღლილობასა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას. აღნიშნული გარემოება ცხადჰყოფს, რომ მხოლოდ იმუნოლოგიური ფაქტორების კონტროლი არ არის საკმარისი დაავადების კომპლექსური მართვისთვის.

Nature Reviews Rheumatology-სა და The Lancet Rheumatology-ში გამოქვეყნებული უახლესი კვლევების მიხედვით, რევმატოიდულ ართრიტსა და დეპრესიას შორის კავშირი გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ტრადიციულად, დეპრესია განიხილებოდა მხოლოდ როგორც ქრონიკული დაავადების, მუდმივი ტკივილისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების შედეგად ჩამოყალიბებული ფსიქოლოგიური ფონი. თუმცა, მკვლევართა შეფასებით, დეპრესია შესაძლოა დამოუკიდებელ დეტერმინანტს წარმოადგენდეს, რომელიც ხელს უწყობს დაავადების სიმპტომების პერსისტენციას, მათი სუბიექტური აღქმის დამძიმებას და თერაპიული ჩარევის ეფექტიანობის შემცირებას. მეცნიერთა დაკვირვებით, პაციენტებში, რომლებიც თერაპიის მიმართ რეზისტენტულნი არიან, ხშირად ვლინდება თანმხლები დარღვევები, როგორიცაა დეპრესია, სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება და ძილის დარღვევები. აღნიშნული ფაქტორები სინერგიულ გავლენას ახდენს როგორც პაციენტის საერთო ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე დაავადების მიმდინარეობის მონიტორინგსა და მკურნალობის შედეგებზე. კერძოდ, დეპრესიის მქონე პაციენტებში ტკივილის აღქმა გამძაფრებულია, რაც შესაძლოა დაავადების პროგრესირების შთაბეჭდილებას ქმნიდეს მაშინაც კი, როდესაც ანთებითი პროცესი კონტროლირებადია.

ასეთ პაციენტებში ხშირად ყალიბდება ე.წ „მანკიერი წრის“ ეფექტი. ქრონიკული ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა ამცირებს ფიზიკურ აქტივობას, რაც ხელს უწყობს ჭარბი წონისა და სიმსუქნის განვითარებას. სიმსუქნე ასოცირებულია დაბალი ინტენსივობის ქრონიკულ სისტემურ ანთებასთან, რომელიც ამძიმებს დაავადების მიმდინარეობას. პარალელურად, თერაპიისადმი არასაკმარისი პასუხი იწვევს ფსიქოლოგიურ სტრესს და მოტივაციის დეფიციტს, რაც ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. დეპრესია ამძაფრებს ტკივილის აღქმას და ამცირებს პაციენტის ჩართულობას თერაპიულ პროცესში, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს დაავადების სიმპტომების შენარჩუნებასა და პროგრესირებას.

ამ გამოწვევების საპასუხოდ, სემელვეისის უნივერსიტეტის რევმატოლოგიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ნადიმ (ორივე სტატიის თანაავტორმა) და მისმა გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური კონცეფცია. ნადი აღნიშნავს, რომ რევმატოიდული ართრიტის მკურნალობა დღეს ხშირად სტანდარტულ სქემას მიჰყვება: თუ დანიშნული წამალი არ მუშაობს, ექიმი ავტომატურად უფრო ძლიერი მოქმედების მედიკამენტების დანიშვნაზე გადადის. თუმცა, ასეთი მიდგომა ყველასთვის ეფექტიანი არ არის და ზრდის არასაჭირო გვერდითი მოვლენებისა და სამედიცინო ხარჯების რისკს. ნადის გუნდი გვთავაზობს „სმარტ-ტრიაჟის“ მოდელს, სადაც მედიკამენტების დანიშვნის გაძლიერების ნაცვლად, სამედიცინო პროფესიონალთა გუნდი ახორციელებს პაციენტის მდგომარეობის სტრუქტურირებულ, მრავალდონიან შეფასებას. დაავადება განიხილება როგორც მულტიფაქტორული „თავსატეხი“, სადაც ოთხი ზონა — დაავადების ბიოლოგია, თანმხლები პათოლოგიები, ქცევითი ჩვევები და სოციალური კონტექსტი (მაგ, ძილი ან სოციალური მხარდაჭერა) კომპლექსურად ფასდება.

“სმარტ-ტრიაჟის” პრინციპზე დაფუძნებულ მულტიდისციპლინურ მიდგომას რევმატოიდული ართრიტის მართვა ახალ საფეხურზე გადაჰყავს. რევმატოლოგთან ერთად, პროცესში ერთვებიან ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ტკივილის მართვის სპეციალისტები, ფიზიკური რეაბილიტაციის ექსპერტები და დიეტოლოგები. მსგავსი კომპლექსური ხედვა მიზნად ისახავს არა მხოლოდ დაავადების კონტროლს, არამედ პაციენტის ცხოვრების ხარისხის, ფუნქციური შესაძლებლობებისა და ფსიქიკური კეთილდღეობის გაუმჯობესებას. საბოლოო ჯამში, ეს მოდელი მედიცინას აქცევს არა მხოლოდ კონკრეტული დიაგნოზის მკურნალობის იარაღად, არამედ თითოეული პაციენტის სრულყოფილ მხარდამჭერ სისტემად, რაც გადამწყვეტია მკურნალობისადმი რეზისტენტული შემთხვევების მართვისთვის.

დასკვნის სახით, კვლევის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ რევმატოიდული ართრიტის თანამედროვე მართვა სულ უფრო მეტად ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ ფაქტორებს. ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასება, დეპრესიის დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი ინტერვენციები შესაძლოა ისეთივე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, როგორც უშუალოდ სახსრების ანთების მართვა. შესაბამისად, დეპრესიის, ძილის დარღვევებისა და ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების კორექცია რევმატოიდული ართრიტის თერაპიის განუყოფელ კომპონენტად უნდა განიხილებოდეს, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც სტანდარტულ თერაპიულ მიდგომებს არასაკმარისად პასუხობენ.

წყარო: medicalnewstoday.com

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები