„როდესაც სამედიცინო რეგულაციები კლინიკური პრაქტიკის რეალურ გამოცდილებასა და ლოგიკას მკვეთრადაა აცდენილი… საბოლოოდ, ყველაზე მეტად პაციენტი ზარალდება“

გააზიარე

„დღეს თანამედროვე ჯანდაცვის სისტემები ცდილობენ, შეამცირონ ექიმთან არასაჭირო ფიზიკური ვიზიტები. კონსულტაციების ნაწილი, რეცეპტის განახლება, მონიტორინგი და გარკვეული შემდგომი ვიზიტები ეტაპობრივად ციფრულ სივრცეში გადადის. პირისპირ ვიზიტი რჩება მხოლოდ იქ, სადაც ამის რეალური კლინიკური საჭიროება არსებობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც (WHO) პირდაპირ საუბრობს იმაზე, რომ ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები, ტელემედიცინა, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემებზე დაფუძნებული სისტემები სწრაფად ცვლის სამედიცინო სერვისების მიწოდების ფორმასა და ხარისხს. მიზანი მარტივია: პაციენტისთვის სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება, პერსონალის დატვირთვის შემცირება და სამედიცინო სისტემის ეფექტიანობის გაზრდა.

და რა ხდება ჩვენთან? ქვეყანაში, სადაც ექიმების დეფიციტია, სამედიცინო სისტემა დაბალი განვითარებისაა და „ცისფერ მთებში“ არსებობს; ბონუსად კი, სამედიცინო პერსონალის აბსოლუტური უმრავლესობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით რეგიონებში, მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობს.

ჩვენთან, მაგალითად, ექიმს ე.წ. ფსიქოტროპული მედიკამენტის 14 დოზაზე მეტის გამოწერის უფლება არ აქვს. თუ ქრონიკულ პაციენტს ასეთი მედიკამენტი მუდმივად სჭირდება, მას ან მის მომვლელს ყოველ ორ კვირაში ერთხელ უწევს ექიმთან მისვლა. კიდევ რა პრობლემებს უქმნის ეს პაციენტებს, შესაბამის სტატიას კომენტარებში დავურთავ და შეგიძლიათ წაიკითხოთ.

ახლა კი ახმეტაში ექიმი დააკავეს. ვრცელდება შემდეგი ინფორმაცია: შეუგზავნეს ადამიანი ფარული კამერით და მედიკამენტი მესამე პირზე გამოაწერინეს, რადგან იმ „ვიღაცამ“ თავი შეაცოდა, უთხრა, რომ დედა ლოგინად ჰყავდა ჩავარდნილი და წამალი ამ მიზეზით გამოაწერინა.

გავრცელდა ვიდეოც. კადრებში არაფერი განსაკუთრებული არ ჩანს; ჩანს მხოლოდ, როგორ ითვლის ექიმი დღეებს 14-მდე და ეუბნება პაციენტს: „მე-15 დღეს ფიზიკურად აღარ მოხვიდე, დამირეკე და რეცეპტს გამოგიწერ“.

ანუ გამოდის, რომ იმ ადამიანმა თავი შეაცოდა და ექიმის პროვოცირება მოახდინა. ამ პროვოკაციისთვის კი მოგონილი ისტორია, გართულებული რეგულაციები და ექიმის ემპათია გამოიყენა, რათა მედიკოსი, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლო დანაშაულზე წასულიყო.

თუ ვინმე განსაკუთრებულად საშიში, საერთაშორისო მნიშვნელობისა და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი, წითელი ცირკულარით ძებნილი კრიმინალის გადასაღებად იყო შესული და პასიური როლი ჰქონდა? ვფიქრობ, გასაგებია, რა სხვაობაც არის ამ ორს შორის.

ამიტომ, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: როდესაც სამედიცინო რეგულაციები კლინიკური პრაქტიკის რეალურ გამოცდილებასა და ლოგიკას მკვეთრადაა აცდენილი, ამის შედეგი სისტემის გაუარესებაა და, საბოლოოდ, ყველაზე მეტად პაციენტი ზარალდება.

თუ ემპათიური და პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ექიმი გაუგებარი რეგულაციების გამო ან დაისჯება, ან იძულებული გახდება რობოტივით მოიქცეს, შესაბამის შედეგსაც მივიღებთ. როცა ეტყვით ექიმს: „სახლში ლოგინად ჩავარდნილი დედა მყავს, შორს ვცხოვრობ და ყოველ 14 დღეში აქ მოსვლა მიჭირს, იქნებ ცოტა მეტი წამალი გამოუწეროთო“, ექიმი უარით გაგისტუმრებთ და მერე თქვენს პრობლემებს თავად უნდა მიხედოთ. ეს „მიხედვა“ კი, როგორც წესი, შარლატანებამდე, ჰომეოპათებამდე და რაღაც გაურკვეველი დანამატებისა თუ ვიტამინების გამყიდველებამდე მიგიყვანთ, რომლებიც საკუთარ თავს ექიმებად ასაღებენ.

და როცა ეს მოხდება, ექიმზე ნუღა იბუზღუნებთ. პრეტენზიები, თუ შეიძლება, სწორი ადრესატებისკენ მიმართეთ“, — წერს სოციალურ ქსელში ექიმი არჩილ მარშანია.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები