ნეიროგენერაცია ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სადავო საკითხია. შეუძლია თუ არა ადამიანის ტვინს ზრდასრულ ასაკში ახალი ნეირონების წარმოქმნა. დიდი ხნის განმავლობაში ფართოდ იყო გავრცელებული მოსაზრება, რომ ადამიანი ნეირონების ძირითად რაოდენობას ადრეულ ასაკში იღებს და ამის შემდეგ ტვინი მხოლოდ უკვე არსებული უჯრედებით ფუნქციონირებს. თუმცა თანამედროვე კვლევებმა ეს შეხედულება მნიშვნელოვნად შეცვალა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა იმ ადამიანების შესწავლა, რომლებსაც მეცნიერები „სუპერ ეიჯერებ“(სუპერ ხანდაზმულები) უწოდებენ.
„სუპერ ეიჯერები“ ხანდაზმული ადამიანები არიან, ჩვეულებრივ 80 წელს გადაცილებულნი, რომელთა მეხსიერება და გონებრივი ფუნქციები გაცილებით უკეთ არის შენარჩუნებული, ვიდრე მათი თანატოლების უმეტესობაში. ზოგიერთ შემთხვევაში მათი მეხსიერების ხარისხი ახლოსაც კი დგას საშუალო ასაკის ადამიანების მეხსიერებასთან. სწორედ ამან დააინტერესა მეცნიერები: რატომ ინარჩუნებენ ეს ადამიანები ტვინის ასეთ მაღალ ფუნქციურობას მაშინ, როდესაც ასაკთან ერთად მეხსიერების დაქვეითება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა?
უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ამ საკითხის ერთ-ერთი შესაძლო პასუხი ახალი ნეირონების წარმოქმნაში, ანუ ნეიროგენეზში, უნდა ვეძებოთ. აღმოჩნდა, რომ ტვინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უბანში, ჰიპოკამპში, რომელიც პირდაპირაა მეხსიერებასთან, სწავლის პროცესთან და ინფორმაციის დამახსოვრებასთან დაკავშირებული, ახალი ნეირონების ფორმირება შესაძლოა ხანდაზმულ ასაკშიც გაგრძელდეს. ეს აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჰიპოკამპი ტვინის ის ნაწილია, რომელიც ხშირად ზიანდება დაბერების, განსაკუთრებით ალცჰაიმერის დაავადების დროს.
კვლევებმა აჩვენა, რომ „სუპერ ეიჯერების“ ტვინში ახალი ნეირონების წარმოქმნის ნიშნები უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე ჩვეულებრივი ხანდაზმული ადამიანების ტვინში. ეს ნიშნავს, რომ მათი ტვინი შესაძლოა გაცილებით უკეთ ინარჩუნებდეს განახლებისა და ადაპტაციის უნარს. მარტივად რომ ვთქვათ, საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ ამ ადამიანებს „კარგი მეხსიერება“ აქვთ. მათ ტვინში შესაძლოა მართლაც მიმდინარეობდეს ისეთი ბიოლოგიური პროცესები, რომლებიც ნერვულ ქსელებს უკეთეს მდგომარეობაში ამყოფებს.
ეს ყველაფერი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც მას ალცჰაიმერის დაავადებას შევადარებთ. ალცჰაიმერის დროს მეხსიერება, აზროვნება და ორიენტაცია თანდათანობით უარესდება. ახალი კვლევების მიხედვით, ასეთ დროს ახალი ნეირონების წარმოქმნის პროცესი მკვეთრად შემცირებული ან თითქმის შეწყვეტილიც კი შეიძლება იყოს. აქედან გამომდინარე, მეცნიერები სულ უფრო მეტად ფიქრობენ, რომ ნეიროგენეზს შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მხოლოდ ჯანმრთელი დაბერების, არამედ ნეიროდეგენერაციული დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის თვალსაზრისითაც.
ამ შედეგების მისაღებად მეცნიერებმა გამოიყენეს თანამედროვე კვლევითი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია ტვინის უჯრედების ძალიან დეტალური შესწავლა. მათ გააანალიზეს ასიათასობით უჯრედი და დააკვირდნენ, თუ რომელი მათგანი იყო ღეროვანი, რომელი — განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი, და რომელი უკვე სრულად ჩამოყალიბებული ნეირონი. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ნეიროგენეზის არსებობის დასამტკიცებლად მხოლოდ საბოლოო უჯრედის დანახვა საკმარისი არ არის; საჭიროა, მთელი განვითარების ჯაჭვი იყოს შესწავლილი. სწორედ ამ გზით გახდა შესაძლებელი იმის ჩვენება, რომ გარკვეულ ადამიანებში ტვინი ასაკის მიუხედავად მაინც აგრძელებს ახალი ნერვული უჯრედების წარმოქმნას.
ეს აღმოჩენა მნიშვნელოვნად ცვლის ჩვენს წარმოდგენას დაბერების შესახებ. წარსულში დაბერება ხშირად წარმოსახული იყო, როგორც გარდაუვალი დაქვეითების პროცესი, რომლის დროსაც ტვინის ფუნქცია თანდათან სუსტდება და ადამიანი ამას თითქმის ვერაფრით ეწინააღმდეგება. თუმცა „სუპერ ეიჯერების“ კვლევა გვაჩვენებს, რომ ეს სურათი გაცილებით უფრო რთულია. ასაკი თავისთავად არ ნიშნავს მეხსიერების მკვეთრ გაუარესებას. ზოგიერთ ადამიანს ტვინი გაცილებით ეფექტურად უნარჩუნებს საკუთარ სტრუქტურასა და ფუნქციას, და შესაძლებელია, რომ ამაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ ახალი ნეირონების წარმოქმნას ეკუთვნოდეს.
რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ტვინი ერთნაირად ახერხებს განახლებას ან რომ ადამიანს შეუძლია მარტივად „გაიუმჯობესოს“ ნეიროგენეზი მხოლოდ სურვილით. მეცნიერება ჯერ კიდევ სწავლობს, რა პირობები უწყობს ხელს ამ პროცესს, რატომ არის ის ზოგიერთ ადამიანში უფრო აქტიური და რატომ ქვეითდება სხვებში. თუმცა უკვე ნათელია, რომ ადამიანის ტვინი ბევრად უფრო მოქნილი და ცოცხალი სისტემაა, ვიდრე ამას ადრე ფიქრობდნენ. იგი არ არის სტატიკური ორგანო, რომელიც მხოლოდ ნელ-ნელა კარგავს ფუნქციას. პირიქით, გარკვეულ პირობებში მას აქვს უნარი, შეინარჩუნოს თვითგანახლების ელემენტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ამ კვლევების მნიშვნელობა მხოლოდ თეორიული არ არის. თუ მეცნიერები უკეთ გაიგებენ, რა უწყობს ხელს ახალი ნეირონების წარმოქმნას, მომავალში შეიძლება შეიქმნას ისეთი მიდგომები, რომლებიც ტვინის ფუნქციის შენარჩუნებას ან გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მეხსიერების დარღვევების, დემენციისა და ალცჰაიმერის დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღეს მიღებული ცოდნა შესაძლოა მომავალში რეალურ სამედიცინო პრაქტიკად გადაიქცეს.

