როგორ მართავს ჩვენი წარსული ჩვენს დღევანდელობას? კომპლექსური ფსიქოლოგიური ტრავმის ფარული გავლენა ჩვენს ცხოვრებაზე

გააზიარე

ჩემს ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში ხშირად ვაწყდები შემთხვევებს, სადაც ინდივიდების ემოციური, ქცევითი და ინტერპერსონალური გამოწვევები ღრმადაა ფესვგადგმული ბავშვობის ტრავმულ გამოცდილებებში. საყოველთაოდ გავრცელებული მცდარი წარმოდგენისგან განსხვავებით, ეს ტრავმები იშვიათად უკავშირდება ერთჯერად, კატასტროფულ მოვლენებს; პირიქით, ისინი ხშირად გამომდინარეობს ქრონიკული, განმეორებადი ფიზიკური, სიტყვიერი ან ემოციური ძალადობისგან, ასევე ემოციური უგულებელყოფისგან. ასეთი ქრონიკული ტრავმული გამოცდილებები თანდათან აზიანებს ფსიქიკას და ქმნის ნიადაგს კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) განვითარებისთვის.

CPTSD-ის ზეგავლენა ღრმა და ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა ის მნიშვნელოვნად ზღუდავს ინდივიდის ყოველდღიურ ფუნქციონირებასა და ცხოვრების ხარისხს. საქართველოში, სადაც სოციალურ-კულტურული და ეკონომიკური ფაქტორები ამძაფრებს ოჯახური ძალადობისა და ემოციური უგულებელყოფის შემთხვევებს, CPTSD-ის მიმართ ცნობიერების ამაღლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

CPTSD-ის თეორიული და დიაგნოსტიკური საფუძვლები

კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (CPTSD) 2018 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ დიაგნოსტიკურ ერთეულად დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-11 რედაქციაში (ICD-11). ამისგან განსხვავებით, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ფსიქიკური აშლილობების დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში (DSM-5, 2013) CPTSD ცალკე არ არის გამოყოფილი, თუმცა მრავალრიცხოვანმა ემპირიულმა კვლევებმა დაადასტურა მისი ფენომენოლოგიური და სიმპტომური განსხვავებები პოსტტრავმული სტრესული აშლილობისგან (PTSD). მიუხედავად საერთაშორისო აღიარებისა, საქართველოში ICD-11-ის იმპლემენტაცია ჯერ კიდევ არ არის განხორციელებული, მისი დანერგვა 2026 წლიდან იგეგმება.

ფსიქოლოგიური ტრავმა წარმოადგენს გამოცდილებას, რომელიც აღემატება ინდივიდის იმდროინდელ შინაგან და გარეგან რესურსებს, რაც ღრმა გავლენას ახდენს მის კოგნიტურ, ემოციურ, ქცევით და სომატურ ფუნქციონირებაზე (van der Kolk,et al. 2014). PTSD ძირითადად უკავშირდება ერთჯერად, სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენებს, რაც იწვევს გადარჩენის რეჟიმის გააქტიურებას (Herman et al. 2015). CPTSD კი ფორმირდება ხანგრძლივი, განმეორებადი რელაციური ტრავმის შედეგად, რომელიც ხშირად მიჯაჭვულობისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების კონტექსტში ვითარდება, განსაკუთრებით ბავშვობაში — მაგალითად, ემოციური უგულებელყოფა, ოჯახური ძალადობა ან მიტოვება (Fisher, 2017; Walker, 2013).

ტრავმა როგორც ფსიქიკური ჭრილობა: სიმპტომები და გამოვლინებები

 როგორც კანადელი ექიმი გაბორ მატე აღნიშნავს, „ტრავმა არ არის ის, რაც შენს თავს ხდება, არამედ ის, რაც შენს შიგნით რჩება“ (Maté, 2022). ის წარმოადგენს ფსიქიკურ ჭრილობას, რომელიც ღრმად ილექება ჩვენს ნერვულ სისტემაში, გონებასა და სხეულში. კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) სიმპტომები კომპლექსურია და შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, თუმცა ბავშვები და მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ქრონიკული ძალადობისა და ემოციური უგულებელყოფის მიმართ, რაც ხშირად მრავალ ტრავმულ გამოცდილებას უკავშირდება.

CPTSD-ის ტიპური სიმპტომები მოიცავს:

– კოგნიტურ სირთულეებს: ყურადღების, დაგეგმვისა და ორგანიზებულობის დარღვევებს;

– ემოციურ დისრეგულაციას: იმპულსურ ან აგრესიულ ქცევას, ემოციურ რეგრესს;

– დაბალ თვითშეფასებას: რომელსაც თან ახლავს სირცხვილის, დანაშაულის ან უღირსობის განცდა;

– სოციალურ გამოწვევებს: სოციალურ შფოთვას, იზოლაციას და ურთიერთობების დამყარებისა და შენარჩუნების სირთულეებს;

– რისკიან ქცევებს: ნივთიერებების მოხმარებას, თვითდაზიანებას, დეზორგანიზებულ მიჯაჭვულობას;

ეს სიმპტომები მნიშვნელოვნად არღვევს პიროვნულ, ოჯახურ, სოციალურ და პროფესიულ ფუნქციონირებას. მოზრდილებში ხშირად დომინირებს შფოთვითი ამრიდებლობა, სომატური სიმპტომები და ძლიერი სინანული. CPTSD უფრო მძიმე და ქრონიკულია PTSD-თან შედარებით, ხოლო ადრეულ ასაკში გადატანილი PTSD მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, თუ ტრავმის შემდგომი გარემო არ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას (Taylor et al. 2014).

CPTSD-ის ფენომენოლოგია და ნეირობიოლოგიური ცვლილებები

დიაგნოსტიკური კრიტერიუმები ვერ იძლევა CPTSD-ის ადამიანური განცდების სრულ აღწერას. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრიტანელი ფსიქოთერაპევტის პიტ უოკერის ფენომენოლოგიურ მიდგომას, რომელიც დაფუძნებულია თერაპიულ და პირად გამოცდილებაზე (Walker et al.2013). უოკერი CPTSD-ს განსაზღვრავს როგორც ბავშვობის ხანგრძლივი, ინტერპერსონალური ტრავმის შედეგს, რომელიც იწვევს გადარჩენის მუდმივ რეჟიმში ყოფნას. ტრავმა ხშირად მომდინარეობს მშობლების ან მზრუნველებისგან, რომლებიც უსაფრთხოების ნაცვლად საფრთხეს წარმოადგენენ. CPTSD-ის ყოველდღიური გამოვლინებები მოიცავს ემოციურ ფლეშბექებს, ტოქსიკურ სირცხვილს, მუდმივ შინაგან კრიტიკულ ხმას და საკუთარი თავის მიტოვებას.

კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობა იწვევს ტვინის სტრუქტურულ ცვლილებებს, რაც ხსნის სიმპტომთა კომპლექსურ ხასიათს:

– ჰიპოკამპის მოცულობის მცირება, რაც აზიანებს მეხსიერებას და სტრესთან გამკლავების უნარს;

– ამიგდალას ჰიპერაქტიურობა, რაც ზრდის შფოთვისადმი მგრძნობელობას;

– პრეფრონტალური ქერქის ფუნქციის დაქვეითება, რაც იწვევს იმპულსურობასა და ემოციურ დისრეგულაციას;

– კორძიანი სხეულის დაზიანება, არღვევს ტვინის ნახევარსფეროებს შორის კავშირს და ემოციურ ინტეგრაციას (Fletcher, 2019).

თუმცა, ადამიანის ტვინის ნეიროპლასტიურობა იძლევა იმედს: მას შეუძლია ახალი ნერვული კავშირების შექმნა და დაზიანებული უბნების ფუნქციის ნაწილობრივ ან სრულად აღდგენა, რაც ტრავმის შედეგების უკუგანვითარებას შესაძლებელს ხდის.

გეშტალტთერაპიის ეფექტურობა CPTSD-ის მკურნალობაში

CPTSD-ის რთული სიმპტომების მართვა შესაძლებელია, რაც დადასტურებულია ფსიქოთერაპიული პრაქტიკის გამოცდილებითა და თანამედროვე მიდგომების ეფექტურობით. ჩემი, როგორც ფსიქოთერაპევტის, დაკვირვებით, განსაკუთრებით ეფექტურია გეშტალტთერაპია. ეს მიდგომა ფოკუსირებულია „აქ და ამჟამად“ გამოცდილებაზე, რაც ეხმარება ტრავმის მქონე ინდივიდებს დაუმთავრებელი ტრავმული ციკლების გაცნობიერებაში. გეშტალტთერაპიის თეორიული საფუძველი დაფუძნებულია გეშტალტ თეორიასა და ფენომენოლოგიაზე (Perls et al., 1951). ტრავმა განიხილება როგორც დაუსრულებელი ციკლი — გამოცდილება, რომელიც ვერ იქნა ემოციურად ან ქმედითად ინტეგრირებული. ამ პროცესის დასასრულებლად აუცილებელია უსაფრთხო, ემპათიური თერაპიული სივრცე, სადაც კლიენტის სუბიექტური გამოცდილება აღიარებული და თანაგანცდილი იქნება.

ფსიქოთერაპია, კერძოდ კი გეშტალტთერაპია, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს

კომპლექსური პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (CPTSD) მქონე პირთა ფსიქიკური მთლიანობისა და ემოციური ჰარმონიის აღდგენაში. ჩემი, როგორც პრაქტიკოსი თერაპევტის, გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია წარსული ტრავმების გაცნობიერება და დროული მხარდაჭერის მიღება. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკა არ არის — ეს რეალური ადამიანური განცდებია. თუ საკუთარ თავში CPTSD-ის სიმპტომებს ამოიცნობთ, ნუ დატოვებთ თქვენს ტკივილს უყურადღებოდ,  დროულად მიიღეთ პროფესიონალური დახმარება, რათა შეძლოთ სრულფასოვანი და ავთენტური ცხოვრებით ცხოვრება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები