როცა წამალი უფრო მეტია, ვიდრე ფორმულა

გააზიარე

WHO–ს თანამშრომლობით Swissmedic–მა Coartem Baby-ის მისცა პირველი მალარიის სამკურნალო მედიკამენტის სტატუსი 2–5 კგ წონის ჩვილებისთვის, როგორც სასწრაფო პროცედურა, საერთაშორისო ჯანდაცვის ხელშეწყობის ფარგლებში. შეფასებაში მონაწილე რვა აფრიკული ქვეყანა: ბურკინა-ფასო, კოტ-დ’ივუარი, კენია, მალავი, მოზამბიკი, ნიგერია, ტანზანია და უგანდა ახლა სწრაფ თანხმობას გასცემს მკურნალობის დასაწყებად. უმნიშვნელოვანია ის ფაქტიც,  რომ ნოვარტისის გადაწყვეტილებით, მკურნალობა ძირითადად არაკომერციული საფუძველზე განაწილდება.

ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ვამაყობთ, რომ კიდევ უფრო შორს წავედით ახალშობილებისა და ჩვილებისთვის მალარიის პირველი კლინიკურად დადასტურებული მკურნალობის შემუშავების მიზნით, რაც უზრუნველყოფს, რომ ყველაზე პატარა და დაუცველი ადამიანებიც კი საბოლოოდ მიიღებენ იმ მოვლას, რასაც იმსახურებენ“, – განაცხადა „ნოვარტისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვას ნარასიმჰანმა

აფრიკის სოფლებსა და ქალაქებში  ყოველდღიურად 1 200-ზე მეტი ჩვილი  მალარიის, კოღოების მიერ გავრცელებული პოტენციურად სასიკვდილო დაავადებისგან იღუპება. დაავადება, რომელიც კაცობრიობამ თითქოს დაამარცხა, დღემდე ანგრევს ათასობით ოჯახის მომავალს. მხოლოდ 2023 წელს მალარიამ 600 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის უმეტესობა — 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ.

აფრიკელი ბავშვები, მალარია, ნოვარტისი
წყარო: Lutz Hegemann

და აქ იწყება ამბავი, რომელიც სტატისტიკაზე მეტად ადამიანურია. ამბავი იმ ჩვილებისა, ვინც 5 კილოგრამზე ნაკლები წონით იბადება და ვისთვისაც აქამდე არ არსებობდა მათზე მორგებული მალარიის საწინააღმდეგო  მკურნალობა. 20 წელზე მეტია ნოვარტისმა და შვეიცარიულმა არაკომერციულმა ჯგუფმა MMV-მა მიზნად დაისახეს — შეექმნათ წამალი, რომელიც ამ ბავშვების საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული. ასე შეიქმნა Coartem Baby — მსოფლიოში პირველი, სპეციალურად ჩვილებისთვის შექმნილი ანტიმალარიული საშუალება, რომელმაც 8 ივლისს შვეიცარიის მედიკამენტების სააგენტოს აღიარებასთან ერთად  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერაც მოიპოვა.

Coartem Baby-ის დამტკიცება წარმოადგენს ისტორიულ წინგადადგმულ ნაბიჯს. ეს არის პირველი, სპეციალურად  მცირე ასაკისა და 5 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე ჯგუფისთვის შექმნილი მედიკამენტი, რომელიც აღიარებს მათ განსხვავებულ ფიზიოლოგიას და მოერგება მათ მეტაბოლურ თავისებურებებს. აქამდე არსებული ანტიმალარიული საშუალებები გათვლილი იყო მხოლოდ უფროსი ასაკის ბავშვებზე, რის გამოც ახალშობილებს უხდებოდათ დაუმტკიცებელი, ზოგჯერ კი სახიფათო დოზების მიღება. ახალშობილები პრაქტიკულად გარიყული იყვნენ მკურნალობის სქემიდან.

ამიერიდან მსოფლიოს ყველაზე პატარა და დაუცველ პაციენტებსაც ექნებათ წვდომა სიცოცხლის გადამრჩენ პრეპარატზე. Coartem-ის ახალი ჩვილებისთვის განკუთვნილი ვერსია ხსნადია, მათ შორის დედის რძეში, და აქვს ტკბილი ალუბლის არომატი, რაც მის მიღებას გაადვილებს.

ეს არ არის მხოლოდ მედიკამენტი. ეს არის სოციალური გზავნილი მათთვის, ვინც ჯერ სიტყვასაც ვერ ამბობს, ვისაც საკუთარი შემოსავალი არ გააჩნია და არც ჯანმრთელობაზე ზრუნვა შეუძლია თავად. როგორც ამბობს ნოვარტისის სამედიცინო ხელმძღვანელი, შრირამ არადჰიე: „ჩვენი ვალდებულებაა, არც ერთი სიცოცხლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ პატარაა.“

და ეს არ არის მარტო ერთი კომპანიის ძალისხმევა. ამ წამალს მხარს უჭერენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, შვეიცარიის მედიკამენტების სააგენტო, და ათასობით კლინიცისტი, ვინც ყოველდღიურად ბავშვის გადარჩენისთვის იბრძვის.

დღეს, ნოვარტისის ხმა საქართველოშიც ისმის. ისმის იქ, სადაც ვაღიარებთ: ყველა ბავშვს აქვს უფლება დაბადებიდანვე იყოს დაცული.

P.S ყოველწლიურად დაახლოებით 30 მილიონი ბავშვი იბადება აფრიკაში მალარიის რისკის ზონებში, ხოლო დასავლეთ აფრიკაში ჩატარებული ერთი კვლევის თანახმად, ინფექციების მაჩვენებელი ექვს თვეზე ნაკლები ასაკის ჩვილებში 3.4%-დან 18.4%-მდე მერყეობს.

ნოვარტისი იმედოვნებს რომ ახალი მედიკამენტი უდიდეს წვლილს შეიტანს ჯანმო-ს მიზნის მიღწევაში, რომელიც მალარიასთან დაკავშირებული ბავშვთა სიკვდილიანობის მინიმუმ 90%-ით შემცირებას 2030 წლისთვის ითვალისწინებს.

წყარო: World Malaria Report 2023; WHO guidelines for Malaria; World Health Organization

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები