სამედიცინო საზოგადოებების ისტორიული ინიციატივა ქალთა ჯანმრთელობისთვის

გააზიარე

პირველად ისტორიაში, აშშ-ის ოთხმა წამყვანმა სამედიცინო საზოგადოებამ ერთობლივი ჩარჩო-დოკუმენტი წარადგინა. მისი მიზანია, გულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა გოგონებისა და ქალების სამედიცინო მომსახურების განუყოფელ ნაწილად იქცეს – სქესობრივი მომწიფებიდან დაწყებული, მენოპაუზის შემდგომი პერიოდის ჩათვლით.

ამერიკის გულის ასოციაციამ, ამერიკის პედიატრიის აკადემიამ, ამერიკის მეან-გინეკოლოგთა კოლეგიამ და დედათა და ნაყოფის მედიცინის საზოგადოებამ 26 ოქტომბერს ჟურნალ Circulation-ში სამი ურთიერთშეთანხმებული ნაშრომი გამოაქვეყნეს. მათ ერთობლივად შემოიღეს „ქალის ცხოვრების ეტაპების“ ჩარჩო-კონცეფცია, რომელმაც კლინიცისტებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების ადრეულ ეტაპზე ამოცნობაში უნდა შეუწყოს ხელი. ახალი ინიციატივა იმ სამედიცინო რგოლებს აერთიანებს, რომლებიც ხშირად ერთმანეთისგან იზოლირებულად მოქმედებს – პედიატრიას, მეანობას, გინეკოლოგიასა და კარდიოლოგიას.

ოთხი ეტაპი

ეს მიდგომა ქალის გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობას ჰორმონალური გარდამავალი პერიოდებით განსაზღვრულ ოთხ ეტაპად ყოფს: 

პერიმენარქე – გოგონას პირველი მენსტრუალური ციკლის წლებს მოიცავს, დაახლოებით 8-დან 15 წლამდე

საკვერცხის ციკლურობა – რეპროდუქციულ ასაკს შეესაბამება (დაახლოებით 15-დან 44 წლამდე), როდესაც რეგულარული ჰორმონალური ციკლი მკვიდრდება და ჩვეულებრივ ხდება დაორსულება

პერიმენოპაუზა – არარეგულარულ ციკლებზე გადასვლასა და ჰორმონალურ ცვლილებებს მოიცავს, დაახლოებით 45-დან 51 წლამდე

პოსტმენოპაუზა – მენოპაუზის შემდეგ ან ბოლო მენსტრუალური ციკლიდან 12 თვის გასვლისთანავე იწყება

ეს მიდგომა სტანდარტული გულ-სისხლძარღვთა რისკის შეფასების ჩანაცვლებას არ ისახავს მიზნად. პირიქით, ის ქალის ორგანიზმისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ კონტექსტს ამატებს და კლინიცისტებს მოუწოდებს, გულის ჯანმრთელობა ჰორმონულ ცვლილებებთან, მენსტრუალურ და ორსულობის ანამნეზსა და ფსიქოსოციალურ ჯანმრთელობასთან ერთად განიხილონ.

მენსტრუალური ციკლი, როგორც გულის ჯანმრთელობის ინდიკატორი

ამ მიდგომის ერთ-ერთი მთავარი არსი იმაშია, რომ მენსტრუალურ ციკლს კლინიკურად სასარგებლო ინფორმაციის მოწოდება შეუძლია. სამედიცინო საზოგადოებები მენსტრუაციის თავისებურებებს ქალისთვის დამახასიათებელ სასიცოცხლო ნიშნად (Vital Sign) მიიჩნევენ და აღნიშნავენ: ჭარბი ან არარეგულარული სისხლდენა შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის ადრეული მანიშნებელი იყოს, მათ შორის ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა საკვერცხეების პოლიცისტური სინდრომი (PCOS)/PMOS.

პერიმენოპაუზა გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობისთვის გარდამტეხ ეტაპად არის შეფასებული. ამ გარდამავალ პერიოდში ქოლესტერინის დონის, არტერიული წნევისა და მეტაბოლური მაჩვენებლების ცვლილებები ხშირად მზარდ რისკზე მიანიშნებს. ეს კი დაავადების ჩამოყალიბებამდე მოცდის ნაცვლად, ადრეული პრევენციის შესაძლებლობას ქმნის.

პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესი პერიოდია პოსტმენოპაუზაც. მენოპაუზის შემდგომი წლები ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობის თითქმის 40%-ს შეადგენს; ინფარქტების, ინსულტებისა და გულის უკმარისობის შემთხვევათა უმრავლესობა სწორედ ამ ეტაპზე ვლინდება. სამედიცინო ასოციაციების განცხადებით, დროული ზომების მიღების შემთხვევაში, ამ გართულებათა 80%-ზე მეტის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია.

ორსულობა

კონცეფცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ორსულობასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს. ისეთი გართულებები, როგორიცაა მაღალი არტერიული წნევა, პრეეკლამფსია, გესტაციური დიაბეტი, ნაადრევი მშობიარობა, გესტაციური ასაკისთვის მცირე წონის ახალშობილი და მკვდრადშობადობა, რისკის გამაძლიერებელ ფაქტორებად არის აღიარებული.

ეს მოვლენები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ორსულობისას – მათ შეუძლიათ გამოავლინონ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფარული პრობლემები და საფუძვლად უნდა დაედონ შემდგომ დაკვირვებასა და ზრუნვას მშობიარობის შემდეგაც. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი კვლავ არათანმიმდევრულია: აშშ-ში არტერიულ წნევასთან დაკავშირებული ორსულობის გართულებების მქონე ქალების მხოლოდ 60%-მდე იღებს სათანადო სამედიცინო მომსახურებას მშობიარობიდან ექვსი თვის განმავლობაში.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე მოდის შეერთებულ შტატებში დედათა სიკვდილიანობის ერთ მესარედზე მეტი, რაც ორსულობასა და მშობიარობის შემდგომ პერიოდს პრევენციის კრიტიკულ მომენტად აქცევს.

გულის, ჰორმონებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი

ასოციაციები მიიჩნევენ, რომ ეს სფეროები არ უნდა განიხილებოდეს იზოლირებულად, ცალ-ცალკე კლინიკურ კონტექსტში. ამის ნაცვლად, გულ-სისხლძარღვთა, ჰორმონალური და ფსიქოსოციალური მდგომარეობა ერთობლივად უნდა შეფასდეს ცხოვრების თითოეულ ეტაპზე.

პედიატრებისთვის ეს კონცეფცია შესაძლებლობას ქმნის, რომ გოგონების ზრდასთან ერთად ადრეულად ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ჩვევები და მოხდეს რისკების მონიტორინგი. მეან-გინეკოლოგებისთვის ის გზას სახავს, რეპროდუქციული ისტორია გულ-სისხლძარღვთა გრძელვადიანი მოვლის ნაწილად აქციონ. კარდიოლოგებს კი მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქალებისთვის დამახასიათებელ იმ რისკ-ფაქტორებს, რომელიც ტრადიციული მიდგომებისას შესაძლოა უყურადღებოდ დარჩეს.

სისტემის შექმნა ქალთა ჯანმრთელობის გარშემო

მესამე ნაშრომი გვთავაზობს ქალთა გულ-სისხლძარღვთა მოვლის ყოვლისმომცველი ცენტრების (Comprehensive Centers of Excellence for Women’s Cardiovascular Care) ეროვნული ქსელის შექმნას. ეს ცენტრები ოთხი ძირითადი კომპონენნტის გარშემო გაერთიანდება: ინტერდისციპლინური კლინიკური ზრუნვა, პროფესიული განათლება და ტრენინგი, კვლევა და საზოგადოების ჩართულობა.

მისი მიზანია, შემცირდეს ფრაგმენტაცია და კლინიცისტებს გაუადვილდეთ პრევენციული ზომების მიღება სანამ ინფარქტი, ინსულტი ან გულის უკმარისობა განვითარდება. ეს კონცეფცია ასევე მოითხოვს ქალთა მონაწილეობით მეტი კვლევის ჩატარებას, ქალთა ჯანმრთელობის დაფინანსების გაზრდას და არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების პრაქტიკაში უკეთ დანერგვას.

პუბლიკაციები მოიცავს: საპრეზიდენტო რჩევას (Presidential Advisory), რომელიც აყალიბებს ცხოვრებისეული ეტაპების კონცეფციას; სამეცნიერო განცხადებას (Scientific Statement), რომელიც უზრუნველყოფს კლინიკური მართვის შესახებ კონსენსუსს; და სამეცნიერო რეკომენდაციას (Science Advisory), რომელშიც წარმოდგენილია ინტერდისციპლინური ცენტრები.

წყარო: American Heart Association 



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები