საქართველო იტალიური კომპანია Italfarmaco-სგან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს

გააზიარე

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იტალიურ ფარმაცევტულ კომპანია Italfarmaco-სთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) სამკურნალო ინოვაციურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ (Givinostat) შეიძენს. ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც აღნიშნულ პრეპარატს დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიყვანს.

„ჯივინოსტატი“ წარმოადგენს პერორალურ HDAC ინჰიბიტორს, რომელიც კუნთოვან ქსოვილში ანთებით პროცესებსა და ფიბროზს ამცირებს. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრეპარატი მნიშვნელოვნად ანელებს დაავადების პროგრესირებას და პაციენტებს მოძრაობის უნარს ხანგრძლივად უნარჩუნებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი 6 წლის ასაკიდან იმ პაციენტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომელთაც დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ.

სამინისტროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები პაციენტთა მშობლები. ამასთან, უწყება მოლაპარაკებებს განაგრძობს დიუშენის სინდრომის სამკურნალო მეორე მედიკამენტზეც, რომლის შესახებ დეტალები და პროგრამის გაფართოების გეგმა საზოგადოებას უახლოეს დღეებში ეცნობება.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები