გაფრთხილება: დიდ ბრიტანეთში ბოტოქსის ინექციის შედეგად ბოტულიზმის 38 შემთხვევა დაფიქსირდა

გააზიარე

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უსაფრთხოების სააგენტო (UKHSA) საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 2025 წლის 4 ივნისიდან 14 ივლისამდე  ბოტულიზმის 38 შემთხვევა გამოვლინდა. სავარაუდოდ, ინფიცირება არალიცენზირებული ბოტულინის ტოქსინის ინექციამ გამოიწვია. ამ ეტაპზე დაწესებულებებში მუშაობა შეჩერებულია და დაწყებულია გამოძიება. 

თავად ბოტულიზმი სერიოზულ გართულებებს იწვევს: მეტყველების და ყლაპვის გაძნელება, კუნთების ხანგრძლივი სისუსტე და დამბლა, სუნთქვის უკმარისობა, რომლის დროსაც პაციენტის მართვით სუნთქვაზე გადაყვანა ხდება საჭირო. მკურნალობის გარეშე ბოტულიზმი ფატალურია, ამიტომაც დროული სამედიცინო ინტერვენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

სამწუხაროდ, საქართველოში პრეპარატებისა და ინექციების კონტროლის მხრივ მძიმე ვითარებაა, ამბობს პლასტიკური ქირურგი გია გვარამია: 

“საქართველოში ბოტოქსის და ფილერის ინექციები არ კონტროლდება. ბოტულინის ინექციებს აკეთებენ სალონებში, არალეგალურად ბინებშიც, ხშირად სამედიცინო განათლების არ მქონე პირები. კანონით არაა განსაზღვრული ვის აქვს ამის უფლება, ან ვის არ აქვს ამის უფლება, რადგან ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს მიღებული დერმატოლოგიაში კომპეტენციები. არ არის განსაზღვრული პლასტიკურ ქირურგს რისი უფლება აქვს, დერმატოლოგს რისი უფლება აქვს და საერთოდ ვის შეუძლია ეს ინექციები გააკეთოს. ვინც სალონებში იკეთებს ამ პროცედურებს, გართულებებით ამ დაწესებულბებებში აღარ ბრუნდება, გართულებული შემთხვევებით მოდიან ჩვენთან”. მედსკრიპტუმთან საუბარში ბატონი გია გვარამია ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა დაიწყoს ამ სფეროს რეგულირება.

საქართველოს საერთაშორისო ესთეტიკური ასოციაციის თანადამფუძნებელი ბაია კონდრატიევა აცხადებს, რომ   სერიოზული პრობლემაა  გაურკვეველი წარმომავლობის  პრეპარატების უკონტროლო შემოდინება, რომლითაც გაჯერებულია ქართული ბაზარი და აუცილებელია ამ მიმართულებითაც კონტროლის გამკაცრება. 

ამ ეტაპზე პაციენტებმა უფრო მეტი სიფრთხილით უნდა შეარჩიონ ლიცენზირებული დაწესებულებები, სადაც ლეგალური პრეპარტებით შეძლებენ ინექციის უსაფრთხოდ გაკეთებას.

“მედსკრიპტუმი” კომენტარისთვის დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს. ველოდებით მათ გამოხმაურებას, რომელსაც  აუცილებლად გავაცნობთ მკითხველს. 

წყარო: GOV.UK

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები