სასუნთქი გზების ობსტრუქციის მართვა ასთმაში: დუპილუმაბის ეფექტი ლორწოვან საცობებზე

გააზიარე

ასთმა, რომელიც მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს გლობალურად, ხასიათდება სასუნთქი გზების ქრონიკული ანთებით, რასაც ხშირად მოსდევს ლორწოვანი სეკრეციებით გამოწვეული სასუნთქი გზების ობსტრუქცია და რესპირატორული გართულებები. მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციული სამკურნალო სქემები ანთებითი რეაქციის მართვას ემსახურება, ლორწოვანი სეკრეტის ჭარბი დაგროვებისა და საცობების პრობლემა კვლავ გადაუჭრელ გამოწვევად რჩება. ბოლოდროინდელი კვლევები დუპილუმაბზე (მონოკლონური ანტისხეული) იმედისმომცემია: პრეპარატი პირდაპირ მოქმედებს ლორწოვანი სეკრეტით გამოწვეულ სასუნთქი გზების ობსტრუქციაზე, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გამოსავალს.

კვლევა აფასებს დუპილუმაბის ეფექტურობას ლორწოვანი საცობების შემცირებასა და ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესებაში იმ პაციენტებში, რომლებსაც ზომიერი და მძიმე ტიპის ასთმა აღენიშნებათ (109 პაციენტი). მოცემული პათოლოგია ხასიათდება სისტემურ ცირკულაციაში ეოზინოფილებისა და ციტოკინების (მათ შორის IL-4 და IL-13) მაღალი დონით. დუპილუმაბი სელექტიურად უკავშირდება IL-4 და IL-13-ის საერთო რეცეპტორებს, რითაც თრგუნავს ტიპი 2 ანთებით პროცესებს და ლორწოს ჭარბ პროდუქციას.

ლორწოს საცობების შეფასება (Mucus Plug Scoring)

ლორწოს საცობების მაჩვენებლები კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასუნთქი გზების ობსტრუქციის ხარისხის შესაფასებლად. ამ მიზნით, მაღალი გარჩევადობის კომპიუტერული ტომოგრაფიის (HRCT) მეშვეობით ფასდება ბრონქოფილტვის 20 სეგმენტში ლორწოს მიერ სასუნთქი გზების დახშობის ხარისხი. თითოეულ სეგმენტს ენიჭება 1 ქულა (დახშობის შემთხვევაში) ან 0 ქულა (გამავლობის შემთხვევაში); საბოლოო მაჩვენებელი 0-დან 20-მდე მერყეობს. 4 ან მეტი ქულა მიუთითებს ლორწოთი მაღალ დატვირთვაზე (Mucus Burden), რაც მჭიდრო კორელაციაშია ფილტვების გაუარესებულ ფუნქციასთან და ასთმის მქონე პაციენტებში სასუნთქი გზების მძიმე ობსტრუქციასთან. ეს ქულა წარმოადგენს დაავადების სიმძიმის არაინვაზიურად მიღებულ, ზუსტ ვიზუალურ ინდიკატორს.

წყარო: ATS Journal

VESTIGE კლინიკური კვლევის შედეგები

VESTIGE-ს კვლევა (Phase-4, საერთაშორისო, რანდომიზებული, პლაცებო-კონტროლირებული) მიზნად ისახავდა ლორწოთი დატვირთვის რაოდენობრივ შეფასებას.

ლორწოს საცობების შემცირება: დუპილუმაბის ჯგუფში, 24-კვირიანი თერაპიის შემდეგ, ლორწოვანი საცობების რაოდენობა მნიშვნელოვნად ნაკლები იყო პლაცებოსთან შედარებით. (ეს დადებითი ეფექტი ვლინდებოდა 4 კვირის თავზეც) 

ფილტვის ფუნქციის გაუმჯობესება: ეს შემცირება პირდაპირ კორელაციაში იყო სასუნთქი გზების გაზრდილ მოცულობასთან და გაუმჯობესებულ პერიფერიულ (დისტალურ) ფილტვის ფუნქციასთან.

კლინიკური ეფექტურობა: მონაწილეთა 60%-ზე მეტს საწყის ეტაპზე ჰქონდა ლორწოს საცობების მაღალი მაჩვენებელი, რაც სასუნთქი გზების მძიმე დახშობაზე მიუთითებდა. დუპილუმაბით მკურნალობამ მნიშვნელოვნად შეამცირა მაღალი ლორწოვანი დატვირთვის მქონე პაციენტთა წილი (67.2%-დან 32.8%-მდე), მაშინ როდესაც პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა.

ფუნქციური მაჩვენებლები: აღსანიშნავია, რომ ლორწოს საცობების უმაღალესი ქულის მქონე პაციენტებში ფილტვების ფუნქციური მაჩვენებლები ყველაზე მეტად გაიზარდა. ეს მოიცავდა ისეთ ინდიკატორებს, როგორიცაა FEV1 (ფორსირებული ამოსუნთქული ჰაერის მოცულობა 1 წამში), FVC (ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობა) და FEV1/FVC თანაფარდობა. მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ სასუნთქი გზების ლორწოვანი საცობებისგან გათავისუფლება კრიტიკულ ფაქტორს წარმოადგენს ვენტილაციის აღსადგენად.

წყარო: ATS Journal; (A) დუპილუმაბი; (B) პლაცებო

არსებითად, დუპილუმაბი არა მხოლოდ ამცირებს სასუნთქი გზების ანთებით პროცესს, არამედ ეფექტურად ებრძვის ლორწოს ჭარბ სეკრეციასა და საცობების წარმოქმნას. ამგვარად, პრეპარატი ერთდროულად ორ მთავარ მექანიზმს უმკლავდება, რომლებიც ასთმის სიმპტომებს იწვევს. ეს ორმაგი თერაპიული მოქმედება ამცირებს გამწვავებების სიხშირეს და მნიშვნელოვნად ზრდის ასთმის მქონე პაციენტთა ცხოვრების ხარისხს.

წყარო: ATS Journal



გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები