სიყვითლე ახალშობილთა თითქმის 80%-ს უვითარდება და მას ბილირუბინის, სისხლის წითელი უჯრედების დაშლის შედეგად წარმოქმნილი ყვითელი პიგმენტის, დაგროვება იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქი სიყვითლე თავისით ქრება, ბილირუბინის საშიშად მაღალმა დონემ შესაძლოა ტვინი დააზიანოს ან სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახდეს.
სტანდარტული მკურნალობა, იგივე ფოტოთერაპია, ლურჯი სხივების გამოყენებას გულისხმობს, რომელიც ბილირუბინს შლის, რათა ორგანიზმმა მისი გამოყოფა შეძლოს. თუმცა, ახალი კვლევის მიხედვით, კანის ფერი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ამ თერაპიის ეფექტიანობაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მკურნალობის არსებულ გაიდლაინებს.
კვლევის დეტალები:
ჟურნალ Biophotonics Discovery-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ კომპიუტერული სიმულაციების გამოყენებით შეისწავლა, როგორ მოქმედებს კანის პიგმენტაცია ფოტოთერაპიის დროს სინათლის შეღწევაზე ახალშობილებში. მკვლევრებმა უნივერსიტეტებიდან Twente, Isala Hospital და University Medical Center Groningen შექმნეს მოდელი, რომელიც აღწერს, როგორ მოძრაობს ლურჯი სინათლე კანის სხვადასხვა შრეში და ითვალისწინებს ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა: კანის ფერი, სისხლში ბილირუბინის დონე, კანის სისქე და სინათლის ტალღის სიგრძე.
მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილთა კანის ფერზე სპეციფიკური მონაცემები არ არსებობდა, გუნდმა საზომ ერთეულად ახალშობილთა კანის მონაცემები გამოიყენა. სიმულაციებმა აჩვენა, რომ მუქი კანი თერაპიულ სინათლეს განსხვავებულად შთანთქავს, რის გამოც სინათლის რაოდენობა, რომელიც ბილირუბინამდე კანის ღრმა შრეებში აღწევს, ღია კანთან შედარებით 5.7-ჯერ ნაკლებია. ეს განსხვავება შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ მუქი კანის მქონე ახალშობილები დაახლოებით 40%-ით ნაკლებად ეფექტურ ფოტოთერაპიას იღებენ, ვიდრე მათი ღია კანის მქონე თანატოლები. ფოტოთერაპიის 24 საათის შემდეგ ბილირუბინის პროგნოზირებადი შემცირება ღია კანის მქონე ახალშობილებში 40.8%-ია, ხოლო მუქი კანის მქონე ახალშობილებში 25.6%.
ფოტოთერაპია დიდი ხანია ახალშობილთა სიყვითლის მკურნალობის უცვლელი ნაწილია, რომელიც ერთგვაროვანი პროტოკოლებით იმართება და არ ითვალისწინებს კანის ფერს. კვლევის შედეგების თანახმად, ამ განსხვავებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მკურნალობის ხანგრძლივობასა და საბოლოო შედეგებზე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ყველა ახალშობილის ეფექტური მკურნალობისთვის უფრო ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო.
გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ფოტოთერაპიისთვის ოპტიმალური ტალღის სიგრძე კანის ფერზეა დამოკიდებული. ღია კანის მქონე ახალშობილებისთვის საუკეთესოა ლურჯი სინათლე, დაახლოებით 460 ნანომეტრის სიგრძით, ხოლო მუქი კანის მქონე ახალშობილებისთვის უფრო ეფექტური შესაძლოა აღმოჩნდეს ოდნავ გრძელი ტალღის სიგრძე, დაახლოებით 470 ნანომეტრი. კომპრომისულმა ტალღის სიგრძემ, დაახლოებით 465 ნანომეტრმა, შესაძლოა გააუმჯობესოს თერაპია ყველა კანის ფერის მქონე ახალშობილისთვის.
ეს კვლევა მოგვიწოდებს, გადავხედოთ ფოტოთერაპიის პროტოკოლებს, რათა მათში კანის სპეციფიკური მახასიათებლები იყოს გათვალისწინებული. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ახალშობილთა მოვლის პერსონალიზებისთვის. მომავალში კლინიკურმა სპეციალისტებმა შესაძლოა შეძლონ სინათლის ტალღის სიგრძისა და ინტენსივობის მორგება თითოეული ახალშობილის კანის ფერზე, რათა მკურნალობის ეფექტურობა მაქსიმალურად გაზარდონ და რისკები შეამცირონ.
სამომავლო კლინიკური კვლევები გადამწყვეტია ამ თეორიული დასკვნების რეალურ პაციენტებზე დასადასტურებლად. თუკი გავიგებთ, როგორ მოქმედებს ახალშობილის კანის თვისებები ფოტოთერაპიაზე, ექიმებს შეეძლებათ, გააუმჯობესონ შედეგები, შეამცირონ ხანგრძლივი სიყვითლის რისკი და თავიდან აიცილონ სერიოზული გართულებები.
წყარო: Spie digital library

