თბილისმა გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო სამედიცინო კონფერენციას უმასპინძლა

გააზიარე

13–15 ნოემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანი თბილისში“, გაფანტული სკლეროზის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენცია — „ახალი სამიზნეები და თერაპიული სტრატეგიები“ — გაიმართა. სამდღიანი ღონისძიება „გაფანტული სკლეროზისა და მონათესავე დაავადებების საქართველოს საზოგადოების“ ორგანიზებით ჩატარდა და ქართველ და უცხოელ ექსპერტებს, მკვლევრებსა და ჯანდაცვის სპეციალისტებს მოუყარა თავი.

კონფერენციაზე გაფანტული სკლეროზის კვლევის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის 2026 წლის უახლესი მიღწევები განიხილეს. თემატური სესიები, სამეცნიერო მოხსენებები და პრაქტიკული ვორქშოფები დაავადების გლობალურ ეპიდემიოლოგიას, გენეტიკურ და გარემო რისკფაქტორებს, ნეიროვიზუალიზაციის თანამედროვე შესაძლებლობებსა და ბიომარკერებს დაეთმო.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დიაგნოსტიკის განახლებულ კრიტერიუმებზე, მაღალი რისკის ჯგუფების ადრეულ გამოვლენაზე, დაავადების პროგრესირების მექანიზმებზე, მაღალეფექტიან თერაპიასა და მკურნალობის პერსონალიზებულ მიდგომებზე.

სამეცნიერო პროგრამაში სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, მათ შორის პროფესორები: ალექსანდრე ცისკარიძე, მარინა ჯანელიძე, მიხეილ ოკუჯავა, ზაალ კოკაია (შვედეთი), ამით ბარ-ორი (აშშ), ჯივონ ოჰი (კანადა), ალექს როვირა (ესპანეთი), ეოინ ფლანაგანი (აშშ) და აქსელ სივა (თურქეთი).

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც მსოფლიოში დაახლოებით 3.1 მილიონ ადამიანს აქვს. პირველი სიმპტომები უმეტესად 20-დან 40 წლამდე ასაკში ვლინდება, რის გამოც ის ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. თანამედროვე მკურნალობა დაავადების მამოდიფიცირებელ თერაპიას ეფუძნება, რომლის მთავარი მიზანიც ადრეულ ეტაპზევე დაავადების აქტივობის შემცირება და უნარშეზღუდულობის პროგრესირების შეფერხებაა.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები