back to top

ვირტუალური რეალობა დემენციის წინააღმდეგ

გააზიარე

ტეხასის A&M უნივერსიტეტის ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ვირტუალური რეალობის (VR) თერაპიებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ დემენციის მქონე ხანდაზმულთა ემოციური კეთილდღეობა და ცხოვრების ხარისხი.

კვლევა, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის წარმომადგენელი ჯუნჰიუნგ კიმი ხელმძღვანელობდა, ცხადყოფს, რომ ბუნებრივი გარემოს სიმულაციურ ექსპოზიციასაც კი შეუძლია მნიშვნელოვანი თერაპიული სარგებელი მოიტანოს.

კვლევა  ხუთი კვირა გაგრძელდა და მასში მონაწილეობდა ალცჰაიმერის მსუბუქი ან საშუალო ფორმის მქონე 11 ადამიანი. ამ დროის განმავლობაში, მონაწილეები კვირაში ორჯერ იტარებდნენ 20-დან 30 წუთამდე VR თერაპიის სესიებს. ისინი იყენებდნენ Oculus Quest 2 ყურსასმენებს და აპლიკაცია Nature Treks VR-ს.

ეს აპლიკაცია მათ საშუალებას აძლევდა, ვირტუალურად შეეგრძნოთ მშვიდი გარემო, მაგალითად, ტყეები, მდელოები, ოკეანეები, მზის ჩასვლის ხედები, ასევე ინტერაქციული ცხოველები და მცენარეები.

კვლევებმა არაერთხელ აჩვენა, რომ ბუნება დადებითად მოქმედებს დემენციის მქონე ადამიანებზე. თუმცა, როგორც ჯუნჰიუნგ კიმი აღნიშნავს, “ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე ადამიანები ამ პროცესში უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ბარიერებს აწყდებიან.” ამ პრობლემის გადასაჭრელად შემუშავდა სპეციალური პროგრამა, რომელმაც ამ ადამიანებს „სრულიად უსაფრთხო გზა შესთავაზა ბუნებასთან ხელახლა დასაკავშირებლად“

მეცნიერებმა შეისწავლეს, როგორ შეიცვალა ამ ადამიანების ემოციები და ცხოვრებისადმი დამოკიდებულება ვირტუალური რეალობის თერაპიებამდე და მის შემდეგ. ისინი უფრო ბედნიერები გახდნენ, შეუმცირდათ შფოთვა, სევდა და ბრაზი.

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ვირტუალური რეალობის (VR) ტექნოლოგია შეიძლება მნიშვნელოვნად დაეხმაროს კოგნიტური დაქვეითების მქონე ადამიანებს. მათი აზრით, თუ VR მოწყობილობების მართვა გამარტივდება, ეს ტექნოლოგია უფრო ხელმისაწვდომი გახდება მათთვის, ვისაც მეხსიერებასთან ან კოგნიტურ ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

მიუხედავად გარკვეული ტექნიკური სირთულეებისა, მკვლევრები მიიჩნევენ, რომ მიღებული შედეგები იმედის მომცემია. აშშ-ში ალცჰაიმერით დაავადებულთა რიცხვი უკვე 7 მილიონს აჭარბებს და ეს რიცხვი ისევ იზრდება. ამიტომ, VR-ის მსგავსი ტექნოლოგიები, შესაძლოა, ინოვაციური ინსტრუმენტი იყოს გონებრივი და ემოციური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირტუალური რეალობა არ არის მხოლოდ გასართობი საშუალება, ის შეიძლება ძალიან მალე გახდეს მნიშვნელოვანი თერაპიული ინსტრუმენტი.

წყარო: Ingentaconnect

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები