20 ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-სა და ბარსელონას შეხვედრისას, ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლი დაიზიანა. ქართველი ფეხბურთელი მოედნიდან სამედიცინო პერსონალის დახმარებით გაიყვანეს. მეორე დღეს, 21 ოქტომბერს, პარიზულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა დიაგნოზი: კვარაცხელიას მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი (ACL) გაუწყდა. ფეხბურთელს უახლოეს დღეებში ოპერაცია ჩაუტარდება.
ეს ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ტრავმაა, რომლის შემდეგაც გამოჯანმრთელებას ხშირად 9-12 თვე სჭირდება. მეორე მხრივ, ყველაზე საინტერესო კითხვა მხოლოდ ის არ არის, როდის დაბრუნდება ფეხბურთელი მოედანზე. გაცილებით მნიშვნელოვანია, რამდენად შეძლებს ძველი შესაძლებლობების აღდგენას.
ფეხბურთის ისტორიაში არაერთი მოთამაშე გვინახავს, რომელმაც ასეთი ტრავმის შემდეგ წარმატებული კარიერა გააგრძელა. ზოგიერთისთვის კი წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა გარდამტეხი აღმოჩნდა და ძველ დონეზე დაბრუნება ვეღარ შეძლო.
რატომ ხდება ასე? რას გვეუბნება მეცნიერება ამ ტრავმაზე და რა განსაზღვრავს ფეხბურთელის სრულფასოვანი დაბრუნების შანსებს?
რა ხდება მუხლში იოგის გაწყვეტისას?
მუხლი ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სახსარია. სიარულისას, სირბილისას, ხტომისას და განსაკუთრებით მიმართულების მკვეთრი შეცვლისას მას ერთდროულად რამდენიმე ძალასთან გამკლავება უწევს.
მუხლის სტაბილურობას რამდენიმე იოგი უზრუნველყოფს. მათ შორისაა წინა ჯვარედინი იოგი, რომელიც ბარძაყის ძვალს წვივის ძვალთან აკავშირებს. მისი მთავარი ფუნქციაა, შეზღუდოს წვივის ძვლის ზედმეტად წინ გადაადგილება და ხელი შეუწყოს მუხლის ბრუნვით სტაბილურობას.
ახლა წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც დიდი სიჩქარით გარბის, მოულოდნელად ჩერდება, მიმართულებას იცვლის და მცველის მოტყუებას ცდილობს. ამ რამდენიმე წამში მუხლზე უზარმაზარი დატვირთვა მოდის.
თუ იოგზე მოქმედი ძალა მის გამძლეობას გადააჭარბებს, ის შეიძლება გაწყდეს.
საინტერესოა, რომ ასეთი ტრავმის მისაღებად მოწინააღმდეგესთან შეჯახება აუცილებელი არ არის. წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მნიშვნელოვანი ნაწილი უკონტაქტოდ ხდება, მაგალითად, ფეხის არასწორად დადგმისას, ხტომის შემდეგ დაშვებისას ან მიმართულების მკვეთრი შეცვლისას.
ამის ცნობილი მაგალითია ბარსელონას ფეხბურთელი გავი, რომელმაც 2023 წელს ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრაში მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. ტრავმა ბურთის კონტროლისას, ფეხის უხერხულად დადგმის შედეგად მიიღო, მოწინააღმდეგესთან უშუალო შეჯახების გარეშე. მოგვიანებით გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მას მენისკიც დაუზიანდა.
ამგვარი შემთხვევები გვაჩვენებს, რომ ფეხბურთში მუხლისთვის სახიფათო შეიძლება იყოს არა მხოლოდ ძლიერი დარტყმა, არამედ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოძრაობაც.
სწორედ ამიტომ არის ეს დაზიანება განსაკუთრებით საყურადღებო ისეთი ფეხბურთელებისთვის, რომელთა თამაშიც აჩქარებას, სწრაფ მანევრებსა და დრიბლინგს ეფუძნება — სწორედ ამ სტილის ფეხბურთელია ხვიჩა კვარაცხელია.
რატომ გრძელდება გამოჯანმრთელება თვეების განმავლობაში?
წინა ჯვარედინი იოგის სრული გაწყვეტის შემდეგ პროფესიონალ ფეხბურთელებს ხშირად ოპერაცია უტარდებათ. ქირურგი დაზიანებული იოგის ფუნქციის აღსადგენად, როგორც წესი, თავად პაციენტის სხეულიდან აღებულ მყესის ნაწილს იყენებს.
და მაინც, ოპერაცია მხოლოდ პირველი ნაბიჯია…
ახალ ქსოვილს დრო სჭირდება, რათა მუხლში დამაგრდეს, ბიოლოგიური ცვლილებები გაიაროს და დატვირთვასთან ადაპტირდეს. პარალელურად საჭიროა კუნთების ძალის, მოძრაობის სიზუსტისა და წონასწორობის აღდგენა.
რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. თავდაპირველად ფეხბურთელი მუხლის მოძრაობასა და კუნთების გააქტიურებაზე მუშაობს. მოგვიანებით იწყება ძალოვანი ვარჯიშები, სირბილი, ხტომა და თანდათანობით უფრო რთული მოძრაობები.
ყველაზე დიდი გამოწვევა ხშირად ბოლო ეტაპზე ჩნდება. ფეხბურთელმა კვლავ უნდა შეძლოს მაღალი სიჩქარით სირბილი, მოულოდნელი გაჩერება, მიმართულების შეცვლა და მეტოქესთან ორთაბრძოლაში შესვლა.
სწორედ ეს მოძრაობები ქმნის მუხლისთვის განსაკუთრებით რთულ დატვირთვას.
2026 წელს გამოქვეყნებული მეტაანალიზის მიხედვით, რომელიც 7452 ფეხბურთელს მოიცავდა, წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქციის შემდეგ თამაშში დაბრუნების საშუალო დრო დაახლოებით 9 თვე იყო.
ეს მხოლოდ საშუალო მაჩვენებელია. ზოგი ფეხბურთელი უფრო ადრე ბრუნდება, ზოგს კი 12 თვე ან მეტიც სჭირდება. თანამედროვე სპორტული მედიცინა სულ უფრო მეტად ეყრდნობა არა მხოლოდ გასულ დროს, არამედ იმასაც, რამდენად მზად არის ფეხბურთელის ორგანიზმი რეალური სათამაშო დატვირთვისთვის.
რამდენი ფეხბურთელი უბრუნდება ძველ ფორმას?
აქ მეცნიერება საკმაოდ საინტერესო სურათს გვიჩვენებს.
2026 წელს გამოქვეყნებულმა მეტაანალიზმა 39 კვლევისა და 7452 ფეხბურთელის მონაცემები გააერთიანა.
შედეგების მიხედვით, წინა ჯვარედინი იოგის რეკონსტრუქციის შემდეგ ფეხბურთს დაახლოებით 83% დაუბრუნდა, თუმცა ტრავმამდელ საშეჯიბრო დონეს მხოლოდ 60%-მა მიაღწია.
მნიშვნელოვანია, ეს ორი მაჩვენებელი ერთმანეთისგან განვასხვაოთ.
ფეხბურთში დაბრუნება შეიძლება ნიშნავდეს, რომ მოთამაშემ კვლავ დაიწყო მატჩებში მონაწილეობა. ძველ დონეზე დაბრუნება კი გულისხმობს, რომ ის ისევ იმავე დონის შეჯიბრებაში მონაწილეობს, რომელშიც ტრავმამდე თამაშობდა.
და ესეც არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მისი სისწრაფე, ტექნიკა ან შედეგიანობა სრულად აღდგა.
ელიტურ ფეხბურთელებში დაბრუნების მაჩვენებელი უფრო მაღალია. იმავე მეტაანალიზის მიხედვით, მათი დაახლოებით 93% კვლავ ახერხებს თამაშს.
ამის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი პროფესიონალებისთვის ხელმისაწვდომი სამედიცინო რესურსები, ინდივიდუალური რეაბილიტაცია და მუდმივი მონიტორინგია. მეორე მხრივ, ამ შედეგზე გავლენას მოთამაშეთა ასაკი, ფიზიკური მომზადება და სხვა ფაქტორებიც ახდენს.
ამავე კვლევის მიხედვით, ფეხბურთელების დაახლოებით 15%-ს მოგვიანებით წინა ჯვარედინი იოგის განმეორებითი ან მეორე მუხლის ანალოგიური დაზიანება აღენიშნა.
სწორედ ამიტომ ექიმებისთვის მთავარი მიზანი ფეხბურთელის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება კი არა, მისი უსაფრთხოდ დაბრუნებაა.
რატომ ვერ უბრუნდება ზოგი ფეხბურთელი ძველ ფორმას?
შეიძლება მუხლი სტაბილური იყოს, ოპერაციამ წარმატებით ჩაიაროს და ფეხბურთელმა კუნთების ძალაც აღიდგინოს, თუმცა მოედანზე მაინც ვერ თამაშობდეს ისე, როგორც ადრე.
ამის ერთ-ერთი მიზეზი ნერვული სისტემაა.
ჩვენი ტვინი მუდმივად იღებს ინფორმაციას სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან. კუნთები, მყესები და სახსრები ტვინს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, სად მდებარეობს კიდურები და როგორ მოძრაობს სხეული.
ამ შეგრძნებას პროპრიოცეფცია ეწოდება.
წინა ჯვარედინი იოგი მხოლოდ მექანიკური სტრუქტურა არ არის. მასში სენსორული რეცეპტორებიც გვხვდება, რომლებიც მუხლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში მონაწილეობს.
იოგის დაზიანებამ შეიძლება შეცვალოს ეს სენსორული ინფორმაცია და გავლენა მოახდინოს მოძრაობის კონტროლზე.
ამიტომ რეაბილიტაცია მხოლოდ კუნთების გაძლიერებას არ გულისხმობს. ფეხბურთელმა უნდა აღიდგინოს მოძრაობის კოორდინაცია, წონასწორობა და სწრაფად ცვალებად სიტუაციებში მუხლის კონტროლის უნარი.
ამას ემატება ფსიქოლოგიური ფაქტორიც.
წარმოიდგინეთ ფეხბურთელი, რომელმაც ტრავმა მიმართულების მკვეთრი შეცვლისას მიიღო. რამდენიმე თვის შემდეგ ის მოედანს უბრუნდება. მუხლი აღარ სტკივა, კუნთები ძლიერია, თუმცა იმავე მოძრაობის შესრულებისას შესაძლოა გაუცნობიერებლად ფრთხილობდეს.
განმეორებითი ტრავმის შიშმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მოძრაობის თავისუფლებაზე, გადაწყვეტილებების მიღებასა და თავდაჯერებაზე.
სპორტულ მედიცინაში ფსიქოლოგიური მზადყოფნა უკვე რეაბილიტაციის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევა. ფეხბურთელისთვის განსაკუთრებით რთული შეიძლება იყოს იმის ხელახლა დაჯერება, რომ საკუთარ სხეულს სრულად ენდობა.
ფეხბურთელები, რომლებმაც დაბრუნება შეძლეს და რომლებმაც ვერა
წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა წარმატებული კარიერის დასასრულს არ ნიშნავს. ამის არაერთი მაგალითი არსებობს.
1992 წელს ალან შირერმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. იმ დროს ის ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ტრავმის მიუხედავად, მოედანს დაუბრუნდა და მოგვიანებით ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
მსგავსი ტრავმა 2020 წელს ვირჯილ ვან დაიკმაც მიიღო. ლივერპულის მცველს ხანგრძლივი რეაბილიტაცია დასჭირდა, თუმცა დაბრუნების შემდეგ კვლავ შეძლო უმაღლეს დონეზე თამაში.
სხვა ფეხბურთელების ისტორიები გაცილებით რთულია…
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, შვედეთის წინააღმდეგ მატჩში, ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი გაიწყვიტა. იმ დროისთვის ოუენი უკვე “ოქროს ბურთის” მფლობელი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თავდამსხმელი იყო.
მისი მთავარი უპირატესობა განსაკუთრებული სისწრაფე და ფეთქებადი აჩქარება გახლდათ. სწორედ ამ თვისებებით ახერხებდა მცველების უკან სივრცეში შეჭრას და საგოლე მომენტების შექმნას.
ტრავმის შემდეგ ოუენს მოედანზე დასაბრუნებლად დაახლოებით ათი თვე დასჭირდა. მან კარიერა გააგრძელა, თუმცა ძველი სისწრაფისა და სათამაშო სტილის შენარჩუნება გაუჭირდა.
2018 წელს BBC-სთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოუენმა აღიარა, რომ კარიერის ბოლო წლებში ტრავმების შიში მის თამაშზე მნიშვნელოვნად მოქმედებდა. მისი თქმით, სწრაფი გარბენების დროს მუდმივად ფიქრობდა, რომ შესაძლოა კუნთი კვლავ დაეზიანებინა. ამის გამო სათამაშო სტილის შეცვლაც მოუწია.
აქ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა გასათვალისწინებელი: ოუენს კუნთების ტრავმები წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტამდეც აწუხებდა. შესაბამისად, მისი სისწრაფისა და შედეგიანობის დაქვეითება მხოლოდ 2006 წლის დაზიანებას არ უნდა მივაწეროთ.
მიუხედავად ამისა, მისი ისტორია კარგად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ტრავმების ერთობლიობამ ფეხბურთელის ფიზიკურ შესაძლებლობებზე, თავდაჯერებასა და სათამაშო სტილზე იმოქმედოს.
ამ ისტორიების შედარება გვაჩვენებს, რომ ერთი და იგივე ტიპის ტრავმას შეიძლება სრულიად განსხვავებული შედეგები მოჰყვეს.
მეცნიერული კვლევებიც ადასტურებს, რომ დაბრუნების შემდეგ ფეხბურთელის შედეგიანობა ყოველთვის დაუყოვნებლივ არ აღდგება. ელიტურ მოთამაშეებზე ჩატარებულმა ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი ორი სეზონის განმავლობაში შედეგიანობა ხშირად შემცირებულია, ხოლო ზოგიერთ ფეხბურთელს ძველ დონეზე დასაბრუნებლად უფრო მეტი დრო სჭირდება.
ეს განსაკუთრებით საინტერესოა შემტევი ფეხბურთელების შემთხვევაში, რომელთა წარმატება ხშირად სწრაფ აჩქარებას, მკვეთრ მანევრებსა და მეტოქის ინდივიდუალურად მოტყუებაზეა დამოკიდებული.
რას ნიშნავს ეს ხვიჩა კვარაცხელიასთვის?
კვარაცხელიას სათამაშო სტილი სწორედ ისეთ მოძრაობებზეა აგებული, რომლებიც მუხლის სტაბილურობასა და მოძრაობის ზუსტ კონტროლს მოითხოვს.
სწრაფი აჩქარება, მოულოდნელი გაჩერება, მიმართულების შეცვლა და დრიბლინგი მისი თამაშის მნიშვნელოვანი ნაწილია.
ამიტომ რეაბილიტაციის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება არა მხოლოდ დაზიანებული მუხლის ფუნქციის აღდგენას, არამედ იმ ფიზიკური შესაძლებლობების დაბრუნებასაც, რომლებიც მის სათამაშო სტილს განსაზღვრავს.
არსებული სამეცნიერო მონაცემები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. პროფესიონალი ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა ასეთი ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება და ბევრი მათგანი უმაღლეს დონეზე თამაშსაც აგრძელებს.
მეორე მხრივ, კონკრეტულად კვარაცხელიას შემთხვევაში პროგნოზის გაკეთება მხოლოდ სტატისტიკაზე დაყრდნობით შეუძლებელია. მნიშვნელოვანია დაზიანების სრული სურათი, ოპერაციის შედეგი, რეაბილიტაციის მიმდინარეობა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მზადყოფნა.
თანამედროვე მედიცინამ წინა ჯვარედინი იოგის დაზიანების მკურნალობაში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. დღეს ასეთი ტრავმა პროფესიონალური კარიერის დასრულებას აღარ ნიშნავს, თუმცა ფეხბურთელის სრულფასოვანი დაბრუნება კვლავ რთულ და ხანგრძლივ პროცესად რჩება.
საბოლოოდ, მეცნიერება ერთ მნიშვნელოვან განსხვავებაზე მიგვითითებს: მოედანზე დაბრუნება ერთი მიღწევაა, ხოლო ისევ ისეთ ფეხბურთელად თამაში, როგორიც ტრავმამდე იყავი, მეორე.
ხვიჩას წინ რთული გზა ელის, თუმცა ფეხბურთის ისტორიაც და სამეცნიერო მონაცემებიც ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი მისი სრულფასოვანი გამოჯანმრთელებაა, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ხვიჩას წარმატებული გამოჯანმრთელება ვუსურვოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მოედანზე დაბრუნების შემდეგ ისევ ვიხილავთ იმ ფეხბურთელს, რომლის თამაშიც ასე გვიყვარს.

