საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის პროგრამას აფართოებს. სახელმწიფოს დაფინანსებით ბენეფიციარები უზრუნველყოფილი იქნებიან აუცილებელი საინჰალაციო პრეპარატებით, ანტიბიოტიკებით, ვიტამინებითა და სხვა მედიკამენტებით. ასევე იზრდება სტაციონარული მომსახურების დაფინანსება.
ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ, ქუთაისსა და თბილისში გამართულ შეხვედრებზე თავად მიაწოდა პაციენტების ოჯახის წევრებს. მინისტრის თქმით, პროგრამაში ცვლილებები ბენეფიციართა საჭიროებების საფუძველზე განხორციელდა. ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე, მათ შორის, ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე, რომელიც ამჟამად არ ფინანსდება.
2025 წლის ოქტომბერ-ნოემბრიდან პაციენტებს ეტაპობრივად დაუფინანსდებათ შემდეგი პრეპარატები:
ანტიბიოტიკები: ტობრამიცინი, კოლომიცინი
ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი (A, D, E, K)
მუკონები (ჰიპერტონული ხსნარი 3% და 6%)
კომბინირებული საინჰალაციო პრეპარატი (იპრატროპიუმ ბრომიდი მონოჰიდრატის + ფენოტეროლ ჰიდრობრომიდი)
აცეტილცისტეინი (მუკოლიზური და ამოსახველებელი)
ურსოდეოქსიქოლის მჟავა(ჰეპატოპროტექტორი).
ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც ორგანიზმი ვერ ახერხებს წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერებას. შედეგად, პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები და ვითარდება სერიოზული გართულებები.
პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, პირდაპირ მინისტრისგან მოისმინონ პასუხები მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
შეხვედრებს ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და პაციებტები.
ახალი პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული მკურნალობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და დაავადების მართვას.

