სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის (USF) მკვლევრებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს Toxoplasma gondii-ის შინაგანი მექანიზმების შესწავლაში. ტოქსოპლაზმის გვარის ეს მიკროსკოპული პარაზიტი თითქმის ყველა თბილსისხლიან ცხოველს, ასევე ადამიანს აინფიცირებს და სერიოზულ დაავადებას იწვევს.
USF-ის გუნდი, ასოცირებული პროფესორის – ელენა სუვოროვას ხელმძღვანელობით, ახალ ინფორმაციას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ როგორ მრავლდება Toxoplasma gondii უჯრედულ დონეზე. არაა გამორიცხული, ეს ნაშრომი გახდეს საფუძველი მკურნალობის ახალი მეთოდებისთვის – შეაჩეროს პარაზიტი ისე, რომ ადამიანის უჯრედები არ დაზიანდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამ პარტაზით გამოწვეული ტაქსოპლაზმოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს, Toxoplasma gondii დიდი რისკია ორსული ქალებისა და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებისთვის. როგორც წესი, ეს პარაზიტი ადამიანის ორგანიზმში ხვდება არასაკმარისად მოხარშული ხორცის მიღებით, ან – ინფიცირებულ კატასთან კონტაქტით. მას შეუძლია ადამიანის ქსოვილებში, განსაკუთრებით ტვინში, წლების განმავლობაში მიძინებულ მდგომარეობაში ყოფნა და მოგვიანებით გააქტიურება.
“toxoplasma gondii ძალიან ჭკვიანი პარაზიტია, რომელსაც შეუძლია მრავალი ცოცხალი ორგანიზმის დაინფიცირება,” – განმარტავს ელენა სუვოროვა.
განსხვავებით სხვა ორგანიზმებისგან, Toxoplasma gondii-მ შეცვალა საკუთარი უჯრედული ციკლი – ბიოლოგიური პროცესი, რომელიც უჯრედებს დაყოფის საშუალებას აძლევს. ახლა ლაბორატორია იკვლევს, როგორ ახერხებს პარაზიტი სწრაფად გამრავლებას და მიძინებას ისე, რომ დაემალოს იმუნურ სისტემას.
სუვოროვას გუნდი იყენებს თანამედროვე ხელსაწყოებს, მაგალითად, გენეტიკურად შეცვლილ პარაზიტებს, პროტეომიკას (ცილების შესწავლას), ტრანსკრიპტომიკას (გენების აქტივობის შესწავლას) და ფლუორესცენტულ მიკროსკოპიას. ასე ქმნიან ისინი პარაზიტის მართვის სისტემის დეტალურ რუკას. ერთ-ერთი მთავარი ხელსაწყო – toxoFUCCI – მათ საშუალებას აძლევს, დაინახონ, როგორ იყოფა Toxoplasma-ს უჯრედი რეალურ დროში.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცენტროსომის უნიკალური, ორნაწილიანი სტრუქტურა, რომელსაც პარაზიტი უჯრედის გაყოფისას იყენებს. ასეთი სტრუქტურა იშვიათად გვხვდება სხვა ორგანიზმებში. გუნდმა ასევე იპოვა რამდენიმე ცილა, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ადამიანის უჯრედებში არსებული ცილებისგან. ეს ცილები, შესაძლოა, ახალი წამლების შესაქმნელად გამოიყენონ.
ტოქსოპლაზმოზის მკურნალობის ყველაზე გავრცელებული მეთოდი ამჟამად ფოლიუმის მჟავის სინთეზია, თუმცა მისი ეფექტურობა შეზღუდულია და ხშირად იწვევს სერიოზულ გართულებებს. პარაზიტის უჯრედული ციკლის მარეგულირებლების შესწავლით, მკვლევრები ცდილობენ ახალი და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებები აღმოაჩინონ.
კვლევის განვითარებასთან ერთად, მეცნიერთა გუნდი დარწმუნებულია, რომ Toxoplasma gondii-ის ბიოლოგიის უფრო ღრმა შესწავლა შესაძლოა გახდეს ახალი თაობის ანტიპარაზიტული წამლების საფუძველი, რაც ამ უჩინარი საფრთხისგან ბევრ ადამიანს დაიცავს.
წყარო: USF

