ჟურნალ The BMJ-ში გამოქვეყნებული მასშტაბური კვლევის თანახმად, GLP-1 კლასის მედიკამენტები (Ozempic და Wegovy) ეფექტურია არა მხოლოდ დიაბეტისა და წონის კლებისთვის, არამედ სხვადასხვა მავნე ჩვევებთან და დამოკიდებულებებთან საბრძოლველად. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს პრეპარატები მოქმედებენ ტვინის იმ ბიოლოგიურ გზებზე, რომლებიც საერთოა ყველა სახის ადიქციისთვის.
კვლევის შედეგები
ვაშინგტონის უნივერსიტეტის გუნდმა 600,000-ზე მეტი პაციენტის მონაცემები გააანალიზა. კვლევამ აჩვენა, რომ GLP-1 პრეპარატების მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს დამოკიდებულების განვითარების რისკს ყველა ძირითად ნივთიერებაზე:
-
ოპიოიდები: რისკის 25%-იანი კლება;
-
კოკაინი და ნიკოტინი: რისკის 20%-იანი კლება;
-
ალკოჰოლი: რისკის 18%-იანი კლება;
-
კანაფი: რისკის 14%-იანი კლება.
თუ აქამდე არსებული მკურნალობის მეთოდები მხოლოდ ერთ კონკრეტულ ნივთიერებაზე იყო ორიენტირებული (მაგალითად, ნიკოტინის პლასტირი მხოლოდ მოწევისთვის თავის დანებებაზეა ფოკისირებული), GLP-1 პრეპარატები უშუალოდ „ლტოლვის“ (craving) მექანიზმზე მოქმედებს.
პაციენტები, რომლებიც წონის კლებისას აღნიშნავდნენ „საკვებზე მუდმივი ფიქრის“ გაქრობას, ანალოგიურ ეფექტს სხვა მავნე ნივთიერებების მიმართაც გრძნობენ. პრეპარატი თითქოს აცხრობს იმ ლტოლვას, რომელიც ადამიანს დამოკიდებულებისკენ უბიძგებს.
კვლევამ განსაკუთრებით იმედისმომცემი შედეგები აჩვენა იმ პაციენტებში, რომლებსაც უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული დამოკიდებულება. სამწლიანი დაკვირვების შემდეგ, GLP-1-ის მომხმარებლებში დაფიქსირდა: ზედოზირების შემთხვევების 40%-იანი და ნარკოტიკებთან დაკავშირებული სიკვდილიანობის 50%-იანი შემცირება. ამასთან, ჰოსპიტალიზაციისა და გადაუდებელი დახმარების საჭიროების საგრძნობი კლება.
მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალი კლინიკური კვლევები GLP-1-ს დამოკიდებულებების მკურნალობის ოფიციალურ სტანდარტად აქცევს.
წყარო: BMJ

