კეტოგენური დიეტის თერაპიული პოტენციალი ნეიროდეგენერაციული დაავადებების მართვაში

გააზიარე

ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების, როგორიცაა ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებები, მართვა და მკურნალობა თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. არსებული ფარმაკოლოგიური თერაპიები უმეტეს შემთხვევაში დაავადების სიმპტომების კონტროლზეა ორიენტირებული და ხშირად ვერ უზრუნველყოფს ნერვული უჯრედების პროგრესირებადი დაზიანებისა და კვდომის ეფექტურ შეჩერებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ისეთი არაფარმაკოლოგიური მიდგომების კვლევა, რომლებიც უშუალოდ დაავადებების განვითარების ძირითად ბიოლოგიურ მექანიზმებზე ახდენს ზეგავლენას. 

ჟურნალ Translational Neurodegeneration-ში გამოქვეყნებულმა, კეტოგენური დიეტის შესახებ ბოლო 15 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ყოვლისმომცველმა ანალიზმა ცხადჰყო, რომ მაღალცხიმოვანი და დაბალნახშირწყლოვანი კეტოგენური დიეტა შესაძლოა პერსპექტიულ სტრატეგიას წარმოადგენდეს ტვინის ასაკობრივი ცვლილებების შესაფერხებლად, აგრეთვე სხვადასხვა ნეიროდეგენერაციული პათოლოგიის-მათ შორის ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების, გაფანტული სკლეროზისა (MS) და ამიოტროფიული ლატერალური სკლეროზის (ALS) პროგრესირების შესანელებლად. ნახშირწყლების მკვეთრი შეზღუდვა ორგანიზმს „ნუტრიციული კეტოზის“ მდგომარეობაში გადაჰყავს. ამ ფაზაში ენერგიის ძირითად წყაროდ გლუკოზის ნაცვლად უკვე კეტონური სხეულები გამოიყენება, რომლებიც ღვიძლში ცხიმების მეტაბოლიზმის შედეგად წარმოიქმნება.

ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების პროგრესირების პარალელურად, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გლუკოზის მეტაბოლიზმის ეფექტურობა მნიშვნელოვნად ქვეითდება. აღნიშნული მეტაბოლური დისფუნქციის შედეგად, ნეირონები განიცდიან ქრონიკულ ენერგეტიკულ დეფიციტს, რაც აჩქარებს მათი ფუნქციური აქტივობის დარღვევასა და შემდგომ დეგენერაციულ პროცესებს. მოცემულ კლინიკურ პირობებში, კეტონური სხეულები წარმოადგენენ ენერგეტიკული სუბსტრატის ეფექტურ ალტერნატივას, რომელიც ხელს უწყობს ნერვული უჯრედების ენერგეტიკული მოთხოვნილებების უზრუნველყოფას, ენერგეტიკული დეფიციტის კომპენსირებასა და მათი სტრუქტურულ-ფუნქციური მთლიანობის შენარჩუნებას.

მიმოხილვის ავტორების მიხედვით, კეტოგენური დიეტა გავლენას ახდენს რამდენიმე კრიტიკულ ბიოლოგიურ პროცესზე. კერძოდ, აუმჯობესებს მიტოქონდრიების ფუნქციას, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს, აფერხებს ნეიროანთებით პროცესებს და ხელს უწყობს უჯრედული ბიოენერგეტიკის ოპტიმიზაციას. გარდა ამისა, დიეტა ააქტიურებს აუტოფაგიას — უჯრედის ბუნებრივი „გაწმენდის“ სისტემას, რომელიც დაზიანებული კომპონენტებისა და ტოქსიკური ცილების ელიმინაციას უზრუნველყოფს. ეს უკანასკნელი კრიტიკულ როლს ასრულებს ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების პათოფიზიოლოგიაში, სადაც აბერანტული (პათოლოგიური) ცილოვანი აგრეგატების აკუმულაცია ნეიროდეგენერაციის წამყვან მექანიზმს წარმოადგენს.

კვლევების ნაწილი მიუთითებს, რომ კეტოგენურმა დიეტამ შესაძლოა გააუმჯობესოს მეხსიერება, გაზარდოს ენერგიის დონე და ცხოვრების ხარისხი ნეიროდეგენერაციული დაავადებების მქონე პაციენტებში. თუმცა მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ამ ეტაპზე არსებული მტკიცებულებები ჯერ კიდევ არასაკმარისია ფართო კლინიკური რეკომენდაციების გასაცემად. ხანდაზმულ პირებში დიეტის ხანგრძლივი დაცვა შესაძლოა პრაქტიკულ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული, ხოლო საწყის ეტაპზე ზოგიერთ პაციენტს აღენიშნებოდეს თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და თავბრუსხვევა.

მკვლევართა პროგნოზით, შემდგომი სამეცნიერო სამუშაოები ფოკუსირებული უნდა იყოს კეტოგენური თერაპიის პერსონალიზაციაზე — ინდივიდუალური გენეტიკური და მეტაბოლური პროფილების იდენტიფიცირების საფუძველზე. ამასთანავე, ბიომარკერების უწყვეტი მონიტორინგისთვის განკუთვნილი ტარებადი ბიოსენსორული მოწყობილობების ინტეგრაციამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს პაციენტთა დისტანციური მეთვალყურეობა და თერაპიული გამოსავლის ობიექტური შეფასება. არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კეტოგენური დიეტა წარმოადგენს მაღალი კლინიკური პოტენციალის მქონე ინტერვენციას ნეიროპროტექციის უზრუნველყოფისა და ასაკთან ასოცირებული ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების პროგრესირების შესაფერხებლად.

წყარო: independent.co.uk

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები