წონის მატება ზრდასრულ ასაკში კიბოს რისკს ხუთჯერ ზრდის: მასშტაბური კვლევა

გააზიარე

შვედი მეცნიერების ახალი, მასშტაბური კვლევის თანახმად, ზრდასრულ ასაკში წონის მატება სიმსივნის განვითარების რისკს ხუთჯერ ზრდის. 600,000-ზე მეტი პაციენტის მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არ არსებობს ე.წ. „უსაფრთხო ასაკი“ წონის მოსამატებლად და ზედმეტი კილოგრამები ნებისმიერ შემთხვევაში საშიშია.

ცნობილია, რომ სიმსუქნე 13 სხვადასხვა ტიპის კიბოს გამომწვევი მიზეზია, თუმცა აქამდე ნაკლებად იყო შესწავლილი, რა გავლენას ახდენს რისკებზე წონის მატების დრო და ასაკი. ამის გასარკვევად, ლუნდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა 17-დან 60 წლამდე ასაკის 250,000-ზე მეტი მამაკაცისა და 380,000-მდე ქალის მონაცემები გაანალიზეს. კვლევის შედეგები, რომლებიც 2023 წლამდე შეგროვებულ მონაცემებს ეყრდნობა, სტამბოლში, სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.

კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც 30 წლამდე ასაკში გახდნენ ჭარბწონიანები, ღვიძლის კიბოს განვითარების 5-ჯერ უფრო მაღალი რისკი აღენიშნებოდათ. ამასთან, მათში ორჯერ გაიზარდა პანკრეასისა და თირკმლის კიბოს, ხოლო 58%-ით — ნაწლავის კიბოს ალბათობა იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც წონა შეინარჩუნა.

მსგავსი საგანგაშო ტენდენცია გამოვლინდა ქალებშიც. 30 წლამდე ასაკში სიმსუქნის განვითარება ენდომეტრიუმის კიბოს რისკს 4.5-ჯერ ზრდის. ასევე, 67%-ით იმატებს პანკრეასის, ორჯერ  თირკმლის, ხოლო 76%-ით — მენინგიომის (ტვინის გარსის სიმსივნე) განვითარების საფრთხე.

ასაკის მატებასთან ერთად წონისა და კიბოს კავშირში სქესობრივი სხვაობები იკვეთება. ქალებისთვის, რომლებმაც 30 წლის შემდეგ მოიმატეს წონაში, განსაკუთრებით გაიზარდა იმ სიმსივნეების რისკი, რომლებსაც სასქესო ჰორმონები მართავს (მაგალითად, პოსტმენოპაუზური ძუძუს კიბო). მამაკაცებში კი ჭარბწონიანობასთან დაკავშირებული კიბოს რისკები (ძირითადად საყლაპავისა და ღვიძლის კიბო) უფრო მძაფრად 45 წლამდე წონის მატებისას გამოვლინდა. მეცნიერთა აზრით, ეს იმით აიხსნება, რომ ადრეულ ასაკში გასუქება ორგანიზმში ანთებით პროცესებსა და ინსულინის მაღალ დონეს უფრო მეტ დროს აძლევს ქსოვილების დასაზიანებლად.

მონაცემების მიხედვით, ადამიანები, რომლებმაც წონაში ყველაზე მეტი (საშუალოდ 32 კგ) მოიმატეს, 7%-ით უფრო ხშირად ავადდებოდნენ კიბოთი, ვიდრე ისინი, ვისი წონაც მცირედით (საშუალოდ 8 კგ) გაიზარდა. თუმცა, კვლევის ავტორის, ანტონ ნილსონის განმარტებით, სიმსივნის განვითარების რისკი იმ პირებშიც გაზრდილი იყო, ვინც შედარებით ცოტა მოიმატა, რაც ზრდასრულ ასაკში სტაბილური, ჯანსაღი წონის შენარჩუნების კრიტიკულ მნიშვნელობაზე მიუთითებს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები