თანამედროვე ცხოვრების წესით ადამიან სულ უფრო მეტად ხდება მიჯაჭვული სავარძლებსა და სამუშაო მაგიდებს, რაც, როგორც ახალი კვლევა აჩვენებს, ფატალურ შედეგებთანაა ასოცირებული.
ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ნაშრომის თანახმად, დღის განმავლობაში 30 წუთზე მეტხანს უწყვეტად ჯდომა ან წოლა (ღვიძილის ფაზაში) პირდაპირ კავშირშია სიმსივნით სიკვდილიანობის მაღალ რისკთან. მეტიც, უმოძრაობის ყოველი დამატებითი საათი ამ რისკს კიდევ 10%-ით ზრდის.
გლაზგოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის ბიობანკის (UK Biobank) 91 000-ზე მეტი მონაწილის მონაცემები შეისწავლეს, რომლებიც სპეციალურ ფიტნეს-მონიტორებს ატარებდნენ. მეცნიერები პაციენტებს საშუალოდ 12 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, რამაც მათ საშუალება მისცა, ზუსტად აღერიცხათ ხანგრძლივი უმოძრაობის გავლენა ორგანიზმზე.
თუმცა, კვლევა იმედისმომცემ შედეგებსაც შეიცავს. დადგინდა, რომ 30-წუთიანი უმოძრაობის პერიოდების თუნდაც მცირე ფიზიკური აქტივობით ჩანაცვლება საგრძნობლად ამცირებს ჯანმრთელობის გაურესებასთან დაკავშირებულ რისკებს. მაგალითად:
-
დღეში 1 საათის განმავლობაში ხანგრძლივი ჯდომის ჩანაცვლება ისეთი მსუბუქი ფიზიკური აქტივობით, როგორიცაა უთოობა ან ჭურჭლის რეცხვა, სიმსივნით სიკვდილიანობის რისკს 12%-ით ამცირებს.
-
30-წუთიანი უმოძრაობის ჩანაცვლება საშუალო ტემპით სიარულით რისკს 8%-ით აქვეითებს.
-
ხოლო დღეში სულ რაღაც 5 წუთის განმავლობაში ჯდომის ჩანაცვლება ინტენსიური (ენერგიული) ვარჯიშით, რისკს მკვეთრად — 22%-ით ამცირებს.
ექსპერტების შეფასებით, არსებული ჯანდაცვის რეკომენდაციები ძირითადად ინტენსიურ ვარჯიშზე აკეთებენ აქცენტს, თუმცა ეს კვლევა აჩვენებს, რომ მსუბუქი მოძრაობის უგულებელყოფა არ შეიძლება. მიუხედავად იმისა, რომ ობსერვაციული ხასიათის გამო ნაშრომი პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს საბოლოოდ ვერ ამტკიცებს და დამოუკიდებელი სტატისტიკოსები დამატებითი კვლევების აუცილებლობაზე მიუთითებენ, სპეციალისტები თანხმდებიან: სამუშაო საათებში ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ადგომა და თუნდაც ოფისში მცირე გასეირნება ორგანიზმისთვის საოცარ დამცავ ეფექტს ქმნის.
წყარო: The Guardian

