წონის კლებისა და ტიპი 2 დიაბეტის პოპულარული პრეპარატები, როგორიცაა Ozempic და Wegovy, ასთმით დაავადებულებს მოულოდნელ სარგებელს სთავაზობს. ამ მედიკამენტების მთავარი მოქმედი ნივთიერება, სემაგლუტიდი, სასუნთქი გზების პრობლემებს მკვეთრად ამსუბუქებს. ბარსელონაში, ევროპის რესპირატორული საზოგადოების (ERS) კონგრესზე წარდგენილი ახალი კვლევა ადასტურებს, რომ პრეპარატი ასთმის შეტევებს თითქმის 40%-ით ამცირებს.
ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრებმა დიდი ბრიტანეთის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერები შეისწავლეს. მეცნიერებმა ოთხი პარალელური კვლევა ჩაატარეს და თითოეულ მათგანში 20 000-ზე მეტი პაციენტის მონაცემი დაამუშავეს. დაკვირვება შეეხო ადამიანებს, რომლებმაც GLP-1 კლასის მედიკამენტების ან დიაბეტის სხვა სამკურნალო საშუალების მიღება დაიწყეს.
შედეგებმა ნათლად აჩვენა, რომ წონის კლების პრეპარატებზე მყოფ პაციენტებს ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (COPD) გამწვავება ბევრად იშვიათად აღენიშნებათ. სხვა საშუალებებთან შედარებით, სემაგლუტიდმა ყველაზე მძლავრი ეფექტი გამოავლინა — აღნიშნული აქტიური ნივთიერება ასთმის შეტევებს 40%-ით, ხოლო COPD-ის გამწვავებას 20%-ით ამცირებს. სპეციალისტები ამ მოვლენას მედიკამენტის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს უკავშირებენ.
მიუხედავად დადებითი დინამიკისა, კვლევის ავტორი, პროფესორი ქლოი ბლუმი პაციენტებს აფრთხილებს, რომ სასუნთქი გზების დაავადებების გამო, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, მსგავსი პრეპარატების მიღება არ დაიწყონ. დამოუკიდებელი ექსპერტებიც იზიარებენ პოზიციას, რომ რესპირატორული დაავადებების მართვაში მეტაბოლური ჯანმრთელობის გათვალისწინება უდიდეს როლს თამაშობს. სიმსუქნე და მეტაბოლური დისფუნქცია სასუნთქი გზების პრობლემებს ხშირად ამძიმებს, ამიტომ აღნიშნული მიგნება დამატებით კლინიკურ ცდებს მოითხოვს. წარმატებული შედეგების შემთხვევაში, მეტაბოლური თერაპია ფილტვის დაავადებების პერსონალიზებული მკურნალობის სტანდარტულ ნაწილად გადაიქცევა.
წყარო: ScienceDaily

