80-წლიანი ისტორია და საიუბილეო თარიღი: საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10 კონგრესი გაიმართა

გააზიარე

2026 წლის 23 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მე-10 კონგრესი გაიმართა. აღსანიშნავია, რომ 25 წლის წინ იმავე შენობაში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების პირველი კონგრესი ჩატარდა.

წლევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ორგანიზაციას დაარსებიდან 35 წელი შეუსრულდა. ამასთან, 1946 წელს მიხეილ წინამძღვრიშვილის ინიციატივით საქართველოში შეიქმნა კარდიოლოგიის ინსტიტუტი, საიდანაც დარგის 80-წლიანი განვითარების ისტორია იწყება. შესაბამისად, კონგრესი როგორც საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების 35 წლის, ისე კარდიოლოგიის, როგორც ინსტიტუციად ჩამოყალიბების 80 წლისთავს აღნიშნავს.

ქართული კარდიოლოგიის 80-წლიანი ისტორია მიხეილ წინამძღვრიშვილის მიერ დარგის ინსტიტუციური ჩამოყალიბებით იწყება. განვითარების მომდევნო მნიშვნელოვანი საფეხური 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების დაფუძნებას უკავშირდება, ხოლო დღევანდელობას უახლესი ტექნოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება და სპეციალიზებული მიმართულებების სწრაფი პროგრესი განსაზღვრავს.

ამ ტრანსფორმაციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი საქართველოს ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტია. მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში არაერთმა ქართველმა კარდიოლოგმა შეძლო თავისი ცოდნისა თუ პრაქტიკის გაღრმავება დასავლეთის აკადემიურ თუ კლინიკურ ინსტიტუტებში და საქართველოში ინოვაციური მიდგომების დანერგვა.

სწორედ 80-90-იან წლებში დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ექიმებმა, რომლებიც დღევანდელ კონგრესზე მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გულნარა ჩაფიძის მედლებით დაჯილდოვდნენ. დაჯილდოებულმა ექიმებმა, სხვა კოლეგებთან ერთად, ჩაუყარეს საფუძველი კარდიოლოგიის დარგის თანამედროვე განვითარებას, რამაც მნიშვნელოვანი სამომავლო პროგრესი განაპირობა, კერძოდ: შეიქმნა ცენტრები, დაინერგა კათეტერიზაციის პროგრამა, საფუძველი ჩაეყარა არითმოლოგიის განვითარებას, ამოქმედდა კარდიული რეაბილიტაციისა და მეორადი პრევენციის სახელმწიფო პროგრამები, ჩატარდა მულტიცენტრული კვლევები და ინფარქტით გამოწვეული ჰოსპიტალური სიკვდილიანობა 25%-დან 7-10%-მდე შემცირდა.

კონგრესზე აკადემიკოს მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის მედალი ნომინაციაში „დამსახურებული კარდიოლოგი“ გადაეცათ: ვახტანგ ჭუმბურიძეს, პავლე მაჭავარიანს, მერაბ მამაცაშვილს, ზურაბ ფაღავას, ბეჟან წინამძღვრიშვილს, სერგო ორჯონიკიძესა და ნოდარ ემხვარს.

ხოლო გულნარა ჩაფიძის სახელობის მედალი, „ინოვაციისთვის კარდიოლოგიაში”, გადაეცათ ზვიად ბახუტაშვილსა და ისმეთ დინდარს.

წლევანდელ ღონისძიებაზე კლინიკური გამოცდილება, თანამედროვე დაკვირვებები და სიახლეები გააზიარეს არა მხოლოდ ქართველმა, არამედ დარგის საერთაშორისო ექსპერტებმაც. მომხსენებლები შეეხნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა: პრევენცია და კარდიორეაბილიტაცია, კარდიოგენული შოკი, ქრონიკული კორონარული სინდრომი, არტერიული ჰიპერტენზია, ამილოიდოზი, მწვავე იშემიური დაავადება და მწვავე პათოლოგიების მართვა, არითმოლოგია, კომორბიდული დაავადებები და გამოსახულებითი კვლევები.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები