ასაკის მატებასთან ერთად, რთული ხდება იმის განსაზღვრა, ვინ შეინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას და ვის ემუქრება ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება.
დიუკის უნივერსიტეტისა (Duke Health) და მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერთა უახლესი კვლევა, რომელიც ჟურნალ Aging Cell-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ პასუხი, შესაძლოა, ჩვენს სისხლში იყოს.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მცირე რნმ-მოლეკულებს, რომლებსაც piRNA-ებს უწოდებენ, დიდი სიზუსტით შეუძლიათ იმის წინასწარმეტყველება, იცოცხლებს თუ არა ხანდაზმული ადამიანი მინიმუმ კიდევ ორი წელი.
რას ამბობს კვლევა?
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 71 წლისა და უფროსი ასაკის 1,200-ზე მეტი ადამიანის სისხლის ნიმუში შეისწავლეს. ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების გამოყენებით, მათ გაანალიზეს 187 კლინიკური ფაქტორი და 828 სხვადასხვა ტიპის მცირე რნმ.
შედეგებმა აჩვენა, რომ სულ რაღაც ექვსი სპეციფიკური piRNA-სგან შემდგარი ჯგუფი 86%-იანი სიზუსტით განსაზღვრავდა ორწლიანი გადარჩენის შანსებს. საინტერესოა, რომ ეს ბიოლოგიური სიგნალი ბევრად უფრო ძლიერი პროგნოზული მაჩვენებელი აღმოჩნდა, ვიდრე თავად პაციენტის ასაკი, ქოლესტერინის დონე ან ფიზიკური აქტივობა.
მეცნიერთა დაკვირვებით, მონაწილეებს, რომლებიც უფრო დიდხანს ცოცხლობდნენ, piRNA-ების დაბალი დონე აღენიშნებოდათ. ეს კანონზომიერება იმეორებს მარტივ ორგანიზმებში უკვე ნანახ პრინციპს, სადაც ამ მოლეკულების რაოდენობის შემცირება სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის.
კვლევის ავტორების განმარტებით, სისხლში piRNA-ების მაღალი კონცენტრაცია შესაძლოა იმის სიგნალი იყოს, რომ ორგანიზმის მუშაობაში რაღაც დარღვეულია, რაც სამომავლოდ ახალი თერაპიული შესაძლებლობების აღმოჩენის გზას ხსნის.
კვლევის პერსპექტივა
piRNA-ები ორგანიზმში ერთგვარი „მიკრომენეჯერების“ როლს ასრულებენ და ჯანმრთელობასა თუ დაბერებაზე პასუხისმგებელ ბევრ პროცესს აკონტროლებენ. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან ჭრილში ცხოვრების წესი კვლავ გადამწყვეტ ფაქტორად რჩება, მოკლევადიანი სიცოცხლისუნარიანობის შესაფასებლად ეს მოლეკულები უალტერნატივო ინფორმაციას გვაწვდიან. მათი მეშვეობით შესაძლებელია იმ ფარული ბიოლოგიური პროცესების დანახვა, რომლებიც ტრადიციული კლინიკური გამოკვლევებისთვის შეუმჩნეველია.
მეცნიერთა შემდეგი ნაბიჯი იქნება იმის დადგენა, როგორ მოქმედებს piRNA-ების დონეზე კონკრეტული მედიკამენტები ან ცხოვრების წესის ცვლილება. საბოლოო მიზანია შეიქმნას პრაქტიკული და მინიმალურად ინვაზიური სისხლის ტესტი, რომელიც ექიმებს დაეხმარება ადრეულ ეტაპზევე გამოავლინონ ჯანმრთელობის გაუარესების რისკი.
წყარო: Aging Cell

