ამსტერდამის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრისა და ლეიდენის უნივერსიტეტის მეცნიერება მასშტაბური კვლევა ჩაატარეს, რომელმაც პანიკური აშლილობის (PD) ნეიროანატომიური საფუძვლები განსაზღვრა.
ჟურნალ Molecular Psychiatry-ში გამოქვეყნებული ნაშრომი 5000-მდე ადამიანის ტვინის სკანირების მონაცემებს ეყრდნობა. აღნიშნული ნაშრომი ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებს შორის ყველაზე სანდო და მასშტაბურია.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პანიკური აშლილობის მქონე პირებს ტვინის ქერქის ოდნავ უფრო თხელი ფენა აღენიშნებათ და რამდენიმე რეგიონის, მათ შორის შუბლის, საფეთქლისა და თხემის წილების სიმცირე.
კვლევამ აჩვენა, რომ სტრუქტურული ცვლილებები განსაკუთრებით თვალსაჩინოა ტვინის იმ ნაწილებში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ემოციურად მნიშვნელოვანი ინფორმაციის აღქმაზე, დამუშავებასა და რეგულირებაზე.
გარდა ქერქისა, ცვლილებები დაფიქსირდა სუბკორტიკალურ (ქერქქვეშა) სტრუქტურებშიც. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ცვლილება ასაკზეა დამოკიდებული: მაგალითად, პანიკური აშლილობის ადრეული დასაწყისი (21 წლამდე) დაკავშირებულია გვერდითი პარკუჭების ზომის ზრდასთან.
მეცნიერებმა გამოიყენეს ENIGMA-ს სტანდარტიზებული პროტოკოლები. მეთოდი საშუალებას იძლევა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში შეგროვებული მონაცემები ერთიან ჭრილში გაანალიზდეს.
კვლევა ადასტურებს, რომ პანიკური აშლილობა არ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ამ მდგომარეობას ასავე კონკრეტული ნეიროანატომიური თავისებურებები ახასიათებს, რომლებიც ემოციების გადამუშავების დარღვევასთანაა დაკავშირებული.
მეცნიერები გეგმავენ დააკვირდნენ, თუ როგორ იცვლება ეს ნეიროანატომიური ნიშნები მკურნალობისა და ფსიქოთერაპიის პროცესში. მსგავსი მასშტაბური კვლევები დაეხმარება მეცნიერებს გაიგონ, რამდენად ეფექტურია ესა თუ ის თერაპია არა მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქების, არამედ ტვინის სტრუქტურული გაუმჯობესების თვალსაზრისით.
წყარო: Molecular Psychiatry

