მსოფლიო დიაბეტის ფედერაციის (IDF) უახლესი მონაცემებით, დიაბეტი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გავრცელებადი გლობალური ჯანდაცვის გადაუდებელი პრობლემაა. მუდმივად მზარდი გლობალური ტვირთი განსაკუთრებით საგანგაშოა, რადგან დაავადება გავლენას ახდენს ჯანმრთელი პოპულაციის ფორმირებასა და სიკვდილიანობის მაჩვენებელზე.
გლობალური პრევალენტობა და პროგნოზი
2024 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 589 მილიონი (20–79 წლის) ზრდასრული ადამიანი ცხოვრობდა დიაბეტით, რაც აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფის მსოფლიო მოსახლეობის 11.1%-ს შეადგენს. არსებული პროგნოზით, 2050 წლისთვის ეს მაჩვენებელი 852.5 მილიონამდე გაიზრდება, ეს მიუთითებს დაავადების სწრაფი ზრდის ტენდენციაზე. დიაბეტის მაღალი გლობალური ტვირთი განსაკუთრებით აშკარაა ორსულობისას, რადგან ამ დროს განვითარებული ჰიპერგლიკემიის მაჩვენებლები მზარდია. ყოველწლიურად, დაახლოებით, 23 მილიონ ორსულს აღენიშნება ჰიპერგლიკემიის სხვადასხვა ფორმა, რაც ყოველი ხუთი ორსულიდან ერთში შეინიშნება. დიაბეტის პრევალენტობა მკვეთრად განსხვავებულია ურბანულ და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის. 2024 წელს დიაბეტის 399.6 მილიონი შემთხვევა (12.7%) ურბანულ, ხოლო 189.1 მილიონი (8.8%) სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში დაფიქსირდა. დაავადების ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე, სადაც რეგისტრირებული შემთხვევების 95%-ზე მეტი ტიპი 2 დიაბეტს უკავშირდება. სოციალური უთანასწორობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა დიაგნოსტიკის ხელმისაწვდომობის ჭრილში, რადგან გლობალურად არადიაგნოსტირებული დიაბეტის შემთხვევების 86.9% სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე მოდის. 2024 წლის მონაცემებით, 20–79 წლის ზრდასრულთა შორის ათიდან ყოველი მეხუთე ადამიანი 251.7 მილიონი (48.8%) ცხოვრობდა დიაბეტით, რომელიც არ დიაგნოსიტრებულა ცხოვრების მანძილზე. არადიაგნოსტირებული დიაბეტი ყველაზე ხშირია დაბალშემოსავლიან ქვეყნებში (58.7%), რასაც მოჰყვება საშუალო შემოსავლის ქვეყნები (45.5%) და მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოები (28.9%).
არადიაგნოსტირებული დიაბეტის მაღალი გლობალური პრევალენტობა მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის. დიაგნოზის დაგვიანება ან არდასმა ზრდის ქრონიკული გართულებების, მათ შორის, კარდიოვასკულური დაავადებების, თირკმლის უკმარისობის, ნეიროპათიისა და ნაადრევი სიკვდილის განვითარების რისკს. სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, რომ დიაგნოსტიკური საშუალებების შეზღუდული ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის სისტემების არასაკმარისი რესურსები და ჯანმრთელობის ცნობიერების დაბალი დონე ქმნის მნიშვნელოვან ბარიერებს დიაბეტის დროული გამოვლენისა და მართვის პროცესში.
დიაბეტი და ორსულობა
2024 წელს დაბადებული ჩვილის დედების 23 მილიონს (19.7%) აღენიშნებოდა ჰიპერგლიკემია ორსულობის პერიოდში. მათგან 79.2% შემთხვევის მიზეზი გესტაციური დიაბეტი (GDM) იყო. დედების 11%-ს დიაბეტი აღენიშნებოდა ორსულობამდე, ხოლო 9.9%-ში პირველად დადგინდა ორსულობის პერიოდში (ტიპი 1 და 2). ჰიპერგლიკემიის შემთხვევების უმეტესობა (89.5%) დაფიქსირდა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც ანტენატალურ მზრუნველობაზე წვდომა შეზღუდულია. შემთხვევათა 43.5% დაფიქსირდა ქალებში, რომლებიც 30 წელს არ აღემატებოდნენ.
2025 წლამდე ორსულ ქალებში დიაბეტის მართვის სპეციფიკური რეკომენდაციები არ არსებობდა. 2013 წელს ჯანმომ გამოაქვეყნა დიაგნოსტიკური კრიტერიუმები და კლასიფიკაცია ჰიპერგლიკემიისთვის ორსულობის დროს, თუმცა არ იყო რეკომენდაციები დიაბეტის მენეჯმენტზე. 2016 წელს გამოქვეყნდა ანტენატალური მზრუნველობის გზამკვლევი, რომელიც მოიცავდა 25 გაიდლაინს დიაბეტზე ორსულობის პერიოდში, მათგან 18 იყო მორგებული მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებზე. მაშინ, როდესაც ორსულობის პერიოდში დიაბეტი აღენიშნებოდა წლიურად 21 მილიონ ქალს, საშუალოდ ყოველ მეექვსე ორსულს, და მათი უმეტესი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში ფიქსირდებოდა.
ახალი რეკომენდაციები, რომლებიც ჯანმომ 2025 წელს გამოაქვეყნა, წარმოადგენს კრიტიკულ ეტაპს მზარდი ჯანმრთელობის გამოწვევის გადაჭრის თვალსაზრისით. ორსულობის პერიოდში დიაბეტი შეიძლება იყოს უკვე არსებული (ტიპი 1 ან 2, მიჩნეული როგორც პრე-გესტაციური დიაბეტი) ან პირველად გამოვლენილი ჰიპერგლიკემია, რომელიც კლასიფიცირდება როგორც დიაბეტი ორსულობაში ან გესტაციური დიაბეტი. კვლევების მიხედვით, ქალებში, რომლებსაც ჰქონდათ გესტაციური დიაბეტის ისტორია, იმატებს ტიპი 2 დიაბეტის განვითარების რისკი მშობიარობის შემდგომ.
უმართავი დიაბეტი ორსულობის პერიოდში ზრდის სიცოცხლისთვის საშიში გართულებების ალბათობას, რადგან ნებისმიერი ტიპის დიაბეტს ორსულობისას აქვს გავლენა როგორც ნაყოფზე, ასევე მშობიარობის პროცესებზე. ორსულობასთან დაკავშირებული დიაბეტის გართულებები მოიცავს პრე-ეკლამფსიას, მკვდრადშობადობას, ჰიპოგლიკემიას, კრუნჩხვებს, თანდაყოლილ ანომალიებს და დაბადების ტრავმებს. დიაბეტს ორსულობისას ასევე აქვს გრძელვადიანი შედეგები, რაც ზრდის მე-2 ტიპის დიაბეტის და კარდიომეტაბოლური დაავადებების რისკს სიცოცხლის განმავლობაში, როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის. დაბადებულ ბავშვებს, რომელთა დედებსაც ჰქონდათ დიაბეტი ორსულობისას, გამორჩეულად ემუქრებათ სიმსუქნის, გულსისხლძარღვთა დაავადებების, მეტაბოლური სინდრომის, ტიპი 2 დიაბეტის, ჰიპერტენზიისა და ღვიძლის გაცხიმოვნების განვითარების რისკები ზრდასრულობაში.
ორსულობისას დიაბეტის ტვირთი განსაკუთრებით მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც სპეციალიზებულ მკურნალობასა და რესურსებზე წვდომა მეტწილად შეზღუდულია, თუმცა საჭიროება ყველაზე მწვავეა. ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, დოქტორმა ტედროს ადანო გებრეიესუსმა განაცხადა: „ჯანმო-ს დიდი ხანია აქვს დიაბეტისა და ორსულობის შესახებ რეკომენდაციები, თუმცა ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ გამოვცემთ ორსულობის დროს დიაბეტის მართვის სპეციფიკურ სტანდარტს. ეს რეკომენდაციები ეფუძნება ქალთა ცხოვრების და ჯანმრთელობის საჭიროებებთან დაკავშირებულ რეალობას და გვთავაზობს მკაფიო, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ხარისხის მომსახურება ყველა ქალისთვის, ყველგან.“
2025 წლის სახელმძღვანელო პრინციპები მოიცავს 27 ძირითად რეკომენდაციას, რომლებიც ხაზს უსვავს დიაბეტის მქონე ორსულების კონტროლის რამდენიმე ძირითად ასპექტს:
- ინდივიდუალური მოვლა: რჩევები დიეტის, ფიზიკური აქტივობისა და სისხლში შაქრის დონის მართვის შესახებ.
- ოპტიმალური მონიტორინგი: დიაბეტით დაავადებულ ყველა ქალს რეგულარულად უნდა გაესინჯოს სისხლში გლუკოზის დონე კლინიკაში ვიზიტებისა და სახლში თვითკონტროლით, საჭიროების შემთხვევაში.
- პერსონალიზებული მკურნალობა: სპეციფიკური მედიკამენტური რეჟიმები ტიპი 1, ტიპი 2 და გესტაციური დიაბეტისთვის, საჭიროების შემთხვევაში ფარმაკოთერაპია, მათ შორის მეტფორმინის, ინსულინის ცალკეული და კომბინირებული თერაპიები. რეკომენდაციებში ხაზგასმულია არტერიული წნევის ოპტიმალური კონტროლი (≤130/80 მმ ჰგ).
- სპეციალიზებული მხარდაჭერა: მულტიდისციპლინური მზრუნველობა ქალებისთვის, რომელთაც უკვე აქვთ დიაბეტი.
აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია დედის ჯანმრთელობის გაძლიერებისა და არაგადამდები დაავადებების წინააღმდეგ(NCD) ბრძოლისთვის. ისინი ხაზს უსვამენ დიაბეტის მეთვალყურეობის ინტეგრირებას რუტინულ ანტენატალურ მომსახურებაში, საჭირო მედიკამენტებსა და ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას.
დიაბეტთან ასოცირებული გართულებები
ტიპი 2 დიაბეტით დაავადებული ადამიანები განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ კარდიოვასკულარული დაავადებების მხრივ. კვლევებით დადგინდა, რომ დიაბეტიან ადამიანებს 72%-ით მაღალი რისკი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტის, 52%-ით ინსულტების, ხოლო 84%-ით მომატებული რისკი გულის უკმარისობის განვითარების. გარდა კარდიოვასკულარული გართულებებისა, დიაბეტის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ ნეიროდეგენერაციული პროცესების მაღალი რისკი. ისინი 56%-ით უფრო მეტად არიან მიდრეკილნი დემენციის განვითარებისკენ, განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომელთაც დიაბეტი არ აქვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დიაბეტის ადრეული გამოვლინება პაციენტებში ასოცირდება უფრო მაღალი დემენციის განვითარების რისკთან. გლობალური მონაცემებით, 2024 წელს დიაბეტით გამოწვეული დემენციის მაჩვენებელი 2.6%-ია ყველა სხვა გამომწვევებს შორის. დიაბეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გართულება არის თვალის დაავადება. სტატისტიკურად, დიაბეტის ფედერაცია იუწყება,რომ დიაბეტის მქონე ოთხი პაციენტიდან ერთს აქვს დიაბეტთან დაკავშირებული რეტინოპათია, ხოლო ათიდან დაახლოებით ერთზე მეტ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დაკარგვის გაზრდილი რისკი.
დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობა
დიაბეტი მნიშვნელოვნად ზრდის გლობალური დაავადებების ტვირთს და მრავალმხრივ საფრთხეს უქმნის როგორც მოზრდილთა, ისე ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობას. 2024 წელს მსოფლიოში დიაბეტით ან მისი გართულებებით 20–79 წლის მოსახლეობაში 3.4 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2.4 მილიონი იყო დიაგნოსტირებული, ხოლო 1 მილიონი შემთხვევა იყო არადიაგნოსტირებული. ეს მაჩვენებელი გლობალური სიკვდილიანობის 9.3%-ს შეადგენს. ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა დაფიქსირდა დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონში (1.2 მლნ). ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი (0.76 მლნ) მრავალრიცხოვანი პოპულაციის გამო, შემდეგ აშშ (0.36 მლნ), ინდოეთი (0.33 მლნ), პაკისტანი (0.23 მლნ), ინდონეზია (0.13 მლნ) და მექსიკა (0.12 მლნ).
დიაბეტის ეპიდემიოლოგია საქართველოში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანა დიაბეტთან დაკავშირებული სიკვდილიანობის თვალსაზრისით მე-7 ადგილზეა: სიკვდილიანობა ქალებში შეადგენს 29.5-ს, კაცებში 33.7-ს 100 000 გარდაცვლილზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2009–2019 წლებში დიაბეტი საქართველოში სიკვდილიანობის 10 წამყვან მიზეზს შორის მუდმივად მე-7 ადგილზე იყო. 2018–2021 წლებში შეინიშნებოდა დიაბეტით გარდაცვალების კლების ტენდენცია, თუმცა 2021 წელს დაფიქსირდა ტიპი 2 დიაბეტის ახალი შემთხვევების ზრდა, და ინციდენტობამ 100 000 მოსახლეზე 291.1 შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წელს მაჩვენებელი 236 იყო.
ამავე პერიოდში გაიზარდა ტიპი 1 დიაბეტის ინციდენტობაც: 2021 წელს ახალი შემთხვევების 16.4% დაფიქსირდა 15 წლამდე ასაკის ბავშვებში, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2020 წლის 7.9%-იან მაჩვენებელს. არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების (STEPS-2016) კვლევის მიხედვით, 18–69 წლის მოსახლეობის 2%-ს აღმოაჩნდა მომატებული გლუკოზის დონე, ხოლო უზმოზე მაღალი გლუკოზის (>7 მმოლ/ლ) მაჩვენებელი აღენიშნებოდა მოსახლეობის 4.5%-ს.
2009–2019 წლებში ჯანმრთელობის ტვირთის (DALY) ანალიზში პლაზმაში უზმოდ გლუკოზის მაღალი დონემ მე-5 ადგილიდან მე-4 პოზიციაზე გადაინაცვლა, ხოლო სხეულის წონის მაღალი ინდექსი პირიქით, მე-4 ადგილიდან მე-5-ზე გადაინაცვლა.
დიაბეტის ფედერაციის 2025 წლის მონაცემებით, საქართველოში 20–79 წლის ასაკის მოსახლეობაში დიაბეტის გავრცელება 200.7-ია ყოველ 1000 მოსახლეზე. დაავადების პრევალენტობა შეადგენს 7.8%-ს, არადიაგნოსტირებული დიაბეტის პროპორცია 36.9%, ხოლო ასაკთან დაკავშირებული გავრცელების მაჩვენებელი 6.7%-ს უდრის.
დიაბეტის მართვის თანამედროვე მიდგომებზე, დაავადების პრევენციის მნიშვნელობასა და ორსულობის პერიოდში ჰიპერგლიკემიის გავლენაზე “MedScriptum”-ს ესაუბრა საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, კლინიკა ჰელსიკორის ენდოკრინოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ვაშაყმაძე:
თქვენი აზრით, როგორ უნდა განვითარდეს ჯანდაცვის პოლიტიკა ისე, რომ დიაბეტი მართვადი გახდეს ყველა ასაკის პოპულაციაში და როგორ შეიძლება გაიზარდოს მოსახლეობის ცნობიერება დიაბეტის გართულებების შესახებ?
ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა განვითარდეს დიაბეტის უკეთესი მართვის მიმართულებით და კიდევ უფრო მეტად, დიაბეტის პრევენციის კუთხით. დიაბეტი სერიოზული ქრონიკული დაავადებაა, მისი მართვა რთული და გამოწვევებით სავსეა ყველა ასაკობრივ ჯგუფში. დიაბეტის პრევენციის მიმართულებით ჯანდაცვის პოლიტიკის განვითარება უნდა მოიცავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და ხელშეწყობას, მაღალი რისკის ჯგუფებში (როგორიცაა, მაგ., პაციენტები სიმსუქნით, დიაბეტის ოჯახური ისტორიით და სხვ.), ადრეულ სკრინინგს და დროულ ჩარევას როგორც ცხოვრების წესის ოპტიმიზაციით, ასევე დროული მედიკამენტური თერაპიით, რომ დიაბეტის განვითარება თავიდან იქნას აცილებული. ეს ყველაზე გონივრული პოლიტიკური სტრატეგიაა დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლაში. რაც შეეხება უკვე არსებული დიაბეტის მქონე პაციენტებთან დაავადების მართვას, აქ ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა მიესადაგოს პაციენტებისთვის ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის, ისევე როგორც შესაბამისი კვლევებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ზრდას. დღეისათვის დიაბეტის შესახებ ბევრი რამ ვიცით და ბევრი ახალი ეფექტიანი და მაღალი უსაფრთხოების პროფილის მქონე მედიკამენტი დაემატა მკურნალობის არსენალს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მკურნალობა ფიზიკურად ხელმისაწვდომი და რეალური იყოს ჩვენი პაციენტებისთვის. შაქრიან დიაბეტს ახასიათებს სისხლძარღვების დაზიანება და, შესაბამისად, მიკრო- და მაკროსისხლძარღვოვანი გართულებები. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ ჯანმრთელები არიან და უცებ ერთ დღეში ვითარდება ინფარქტი ან ინსულტი. რა თქმა უნდა, ინფარქტი და ინსულტი მწვავე მოვლენებია და მათი განვითარება მოკლე დროში ხდება, მაგრამ ეს სისხლძარღვოვანი დაზიანების კულმინაციაა, მანამდე წლების მანძილზე ხდება სისხლძარღვების დაზიანება, რაც, სამწუხაროდ უსიმპტომოდ მიმდინარეობს და პაციენტი ამას ვერ გრძნობს. იგივე შეიძლება ითქვას მიკროსისხლძარღვოვან გართულებებზე, როგორიცაა ნეიროპათია, ნეფროპათია და რეტინოპათია. სანამ სისხლძარღვების დაზიანება შორსწასულ სტადიას არ მიაღწევს, დიაბეტის მქონე პაციენტი თავს ჩვეულებრივად გრძნობს, ხოლო როცა სიმპტომები ვლინდება, სამწუხაროდ შემდეგ აღარ შეგვიძლია მდგომარეობის შემობრუნება. ამდენად, აქაც მნიშვნელოვანია სკრინინგი, სისხლძარღვების ჯანმრთელობის ადრეული პროფილაქტიკური შეფასება, რათა თავიდან იქნას აცილებული შორსწასული გართულებები. მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა მისი განათლებით, მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდებული საინფორმაციო გზავნილებით იწყება და თითოეულ პაციენტთან ექიმის ინდივიდუალური მუშაობით მთავრდება.
რამდენად მნიშნველოვანია დიაბეტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ჯანსაღი პოპულაციის ფორმირებაში?
დიაბეტის დროული გამოვლენა, მკურნალობის დაწყება მანამ, სანამ გართულებები ჩამოყალიბდება და შემდგომ რეგულარული მონიტორინგი აბსოლუტურად აუცილებელია ჯანსაღი პოპულაციის ფორმირებისთვის. მინდა ვთქვა, რომ შაქრიანი დიაბეტი ძალიან გაახალგაზრდავდა. მყავს პაციენტები, რომლებსაც 25, 27, 30 წლის ასაკში დაუდგინდათ შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, რაც წარმოუდგენლად ახალგაზრდა ასაკია ტიპი 2 დიაბეტისთვის. როგორც უკვე აღვნიშნე, დიაბეტი სისხლძარღვებს აზიანებს, ხოლო სისხლძარღვები კი მთელ ორგანიზმს კვებავს. შესაბამისად, თუკი დიაბეტი არ არის დიაგნოსტირებული და მკურნალობა დაგვიანებულია, მით უფრო ახალგაზრდა ასაკში, დიაბეტის მქონე პირს უხდება უამრავ ქრონიკულ გართულებასთან ერთად ცხოვრება. ეს მნიშვნელოვნად აქვეითებს ცხოვრების ხანგრძლივობას და კიდევ უფრო მეტად, ხარისხს. გარდა უშუალოდ დიაბეტური გართულებებისა, შაქრიანი დიაბეტის არსებობა წარმოადგენს პრაქტიკულად ყველა დაავადების დამამძიმებელ ფაქტორს. თუნდაც, მარტივი გრიპის ვირუსიდან დაწყებული სერიოზული მწვავე თუ ქრონიკული დაავადებით დამთავრებული, დიაბეტის არსებობა წარმოადგენს ამ დაავადების დამძიმების, გართულებისა და ძნელად და ნელა გამოჯანმრთელების სერიოზულ რისკის ფაქტორს. ამდენად, დიაბეტის დროული აღმოჩენა, დროული მკურნალობა და კიდევ უფრო მეტად, დროული პრევენცია ჯანმთელი პოპულაციის ფორმირების აუცილებელი პირობაა.
როგორ გავლენას ახდენს ორსულობის პერიოდში ჰიპერგლიკემია დედის და ნაყოფის ჯანმრთელობაზე და რატომ არის აუცილებელი ორსულობისას და ორსულობის დაგეგვმამდე პერიოდში ქალი მივიდეს ენდოკრინოლოგთან ვიზიტზე?
ჰიპერგლიკემია ორსულობისას, ეს იქნება განპირობებული მანამდე არსებული დიაბეტით თუ უშუალოდ ორსულობისას “შეძენილი” გესტაციური დიაბეტით ყველა შემთხვევაში უარყოფითად აისახება როგორც ორსულობის მიმდინარეობაზე, ასევე დედისა და ნაყოფის ჯანმრთელობაზე. მინდა დავიწყო იმით, რომ ორსულებს ინდივიდუალური ნორმები აქვთ, რაც განსხვავდება არაორსული ქალის ნორმებისგან და უშუალოდ დიაბეტის არსებობისასაც ინდივიდუალური და განსხვავებული სამიზნე მაჩვენებლები აქვთ. მნიშვნელოვანია ორსულობისას შაქრის მაჩვენებლების ძალიან მჭიდრო და აქტიური კონტროლი, რათა არ განვითარდეს უარყოფითი ეფექტები ორსულსა და ნაყოფზე. არ მინდა ძალიან დავძაბოთ და შევაშინოთ მკითხველი, თუმცა ორსულობისას ჰიპერგლიკემიას თუ არ არის კარგად ნამართი, შესაძლოა ჰქონდეს სერიოზული უარყოფითი ეფექტები, როგორიცაა ნაყოფის განვითარების დეფექტები, ნაადრევი მშობიარობა, სუნთქვის პრობლემები ახალშობილებში (რესპირაციული დისტრეს სინდრომი), ჭარბი წონის ნაყოფი (>4 კგ), მომავალში დიაბეტისა და სიმსუქნის განვითარების რისკები, დაბადების შემდეგ შაქრის ვარდნის ანუ ახალშობილთა ჰიპოგლიკემიის რისკი და მკვდრადშობადობისაც კი. ამდენად მნიშვნელოვანია, როცა ქალი გეგმავს ორსულობას, წინასწარ ჩაიტაროს გარკვეული რუტინული სკრინინგული კვლევები და მიმართოს ენდოკრინოლოგს ორსულობამდე ენდოკრინული სისტემისა და შაქრის მაჩვენებლების შეფასების მიზნით.
2025 წლის დიაბეტის გლობალური კამპანია წარმოადგენდა თემას „დიაბეტი სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე“. კამპანიის მიზანი იყო რომ დიაბეტით მცხოვრებ ყველა ადამიანს, ასაკობრივი კატეგორიის მიუხედავად, ჰქონოდა ხელმისაწვდომობა ინტეგრირებულ მზრუნველობაზე, მხარდამჭერ გარემოსა და ჯანდაცვის პოლიტიკაზე, რომელიც ხელს უწყობს მოსახლეობას შეინარჩუნოს ჯანმრთელობა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე.
წყარო:
WHO recommendations on care for women with diabetes during pregnancy



