გენური თერაპია ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ

გააზიარე

ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია (Sickle Cell Disease) არის მემკვიდრეობითი სისხლის დაავადება, რომლის დროსაც ერითროციტები იღებენ ნამგლის მსგავს ფორმას, რაც  სისხლძარღვების დახშობას, ქრონიკულ ტკივილს, დაღლილობას, ანემიას, ინფექციებისადმი მომატებულ მგრძნობელობას, ორგანოთა დაზიანებას და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას იწვევს.  დაავადება პირველად 1910 წელს იქნა აღწერილი. მრავალი წლის განმავლობაში პაციენტებს მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება შეეძლოთ, მაგრამ დღეს მედიცინა ახალ ეტაპზე გადავიდა.

2025 წელს  ლონგ აილენდის მკვიდრი, სებასტიენ ბოზილი, გახდა პირველი პაციენტი ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიისგან სრულად განიკურნა  გენური თერაპიის დახმარებით. მას   Cohen Children’s Medical Center-ში მკურნალობდნენ .

როგორ მუშაობს გენური თერაპია?

გამოყენებული მკურნალობა, სახელწოდებით Lyfgenia, წარმოადგენს გენურ თერაპიას, რომელიც  პაციენტის საკუთარ ღეროვან უჯრედებს იყენებს. პროცესი მოიცავს: ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების აღებას,  მათ გენეტიკურ მოდიფიკაციას ლაბორატორიულ პირობებში, შეცვლილი უჯრედების დაბრუნებას პაციენტის ორგანიზმში.
შედეგად, ორგანიზმი იწყებს ჯანმრთელი ერითროციტების წარმოქმნას, რაც ამცირებს ან სრულად გამორიცხავს ნამგლისებრუჯრედოვან დეფორმაციას.

სებასტიენ ბოზილის შემთხვევაში მკურნალობის შედეგად ქრონიკული ტკივილი სრულად გაქრა, სისხლის მიმოქცევაც  ნორმალიზდა და ცხოვრების ხარისხიც მკვეთრად გაუმჯობესდა.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) გენური თერაპიის გამოყენებაზე ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ  ორი წლის წინ მისცა ოფიციალური ნებართვა. ეს ნიშნავს, რომ მკურნალობა უკვე გადადის ექსპერიმენტული ეტაპიდან კლინიკურ პრაქტიკაში და წარმოადგენს რეალურ სამკურნალო ალტერნატივას.
თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გენური თერაპია: არის მაღალტექნოლოგიური და ინტენსიური პროცედურა, დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან,  ძალიან ძვირადღირებულია, რაც მისი ფართო ხელმისაწვდომობის ერთ-ერთ მთავარ ბარიერს წარმოადგენს

გენური თერაპია ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის სამკურნალოდ წარმოადგენს მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევას ბოლო ათწლეულებში. მიუხედავად მაღალი ღირებულებისა და მიმდინარე კვლევების საჭიროებისა, ეს მიდგომა პირველად სთავაზობს პაციენტებს არა მხოლოდ სიმპტომების მართვას, არამედ პოტენციურად სრულ განკურნებას.

მომავალში, ტექნოლოგიის განვითარებასთან და ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, გენური თერაპია შესაძლოა გახდეს სტანდარტული მკურნალობა იმ საზოგადოებებისთვის, რომლებიც ისტორიულად ნაკლებად იყვნენ ჩართული კლინიკურ ინოვაციებში.

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები