კვლევა: მოზარდებს, რომლებიც ქრონიკულად იტყუებიან, ხშირად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები და იმპულსების კონტროლის სირთულე

გააზიარე

კვლევამ, რომელიც მაკგილის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, მოზარდებში პათოლოგიურ ტყუილსა და აღმასრულებელი ფუნქციების (Executive Functioning) დეფიციტს შორის კავშირი გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ მოზარდებს, რომლებიც ქრონიკულად იტყუებიან, ხშირად აწუხებთ მეხსიერების პრობლემები და იმპულსების კონტროლის სირთულე.

მიუხედავად იმისა, რომ დახვეწილი ტყუილისთვის ძლიერი კოგნიტური უნარებია საჭირო, მეცნიერები განმარტავენ, რომ აღმასრულებელი ფუნქციების დეფიციტი, განსაკუთრებით თვითკონტროლისა და თვითრეგულაციის სფეროში, ართულებს ტყუილისგან თავის შეკავების პროცესს.

რა აჩვენა კვლევამ?

კვლევის მიხედვით, ინფორმაციის მოკლევადიან მეხსიერებაში შენახვისა და შედეგების გაანალიზების სირთულე მოზარდებს უბიძგებს ტყუილისკენ, რადგან მათ უძნელდებათ თავიანთი ქცევის უარყოფითი შედეგების წინასწარ განსაზღვრა. ამასთან, ყურადღების დეფიციტი და იმპულსების მართვის სირთულე პათოლოგიურ მატყუარებს შორის კლინიკურად მაღალი აღმოჩნდა.

კვლევაში 10-დან 18 წლამდე ასაკის 500-ზე მეტი მოზარდი და მათი მშობელი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ პათოლოგიური მატყუარები დღეში საშუალოდ 9.6 ტყუილს ამბობდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ქცევა განსხვავდება ანტისოციალური პიროვნული აშლილობისა თუ ქცევითი დარღვევებისგან. პათოლოგიური მატყუარა მოზარდები სულაც არ ავლენენ აუცილებლად ანტისოციალურ თვისებებს.

კვლევის პერსპექტივა 

მეცნიერების ეს მიგნება მკურნალობის ახალ მეთოდებს გზას უხსნის. ნაცვლად მხოლოდ ქცევაზე ფოკუსირებისა, სპეციალისტებმა, შესაძლოა, განიხილონ აღმასრულებელი ფუნქციების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული თერაპია, როგორიცაა, მაგალითად, კოგნიტურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT) ჩვევების შეცვლის სავარჯიშოები (Habit-Reversal Training)

აღნიშნული მიდგომები მოზარდებს იმპულსების უკეთ მართვასა და საკუთარი ქმედებების შედეგების უკეთ გაცნობიერებაში დაეხმარება.

წყარო: Journal of Psychopathology and Behavioral Assessment 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები