მეცნიერებმა ტვინის ტალღების სპეციფიკური პატერნი აღმოაჩინეს, რომელიც ზოგადი ანესთეზიის დროს ცნობიერების დაკარგვის მომენტს ზუსტად ასახავს. აღნიშნული კვლევა, რომელიც ჟურნალ Cell Reports Medicine-ში გამოქვეყნდა, ექიმებს პაციენტის ზედმეტად ღრმა ან, პირიქით, არასაკმარისი სედაციის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.
შანხაის ჯაო ტონგის უნივერსიტეტის (Shanghai Jiao Tong University) მეცნიერებმა 31 პაციენტი შეისწავლეს, რომლებსაც ოპერაციამდე ფართოდ გავრცელებული ანესთეტიკი, პროპოფოლი, შეუყვანეს. მკვლევრებმა ელექტრული აქტივობა თავის ქალის სხვადასხვა წერტილში განსაზღვრეს.
მათემატიკური მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ტვინის ცხრა ძირითადი რეგიონიდან ცნობიერებაზე პასუხისმგებელი სიგნალები გამოყვეს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება თავის ზედა ნაწილში მდებარე თხემის ქერქს (Parietal cortex), უკანა ნაწილში ლოკალიზებულ კეფის ქერქსა (Occipital cortex) და ტვინის სიღრმეში არსებულ თალამუსს (Thalamus) დაეთმო.
აღმოჩნდა, რომ ფხიზელ მდგომარეობაში ტვინის „ალფა-ტალღები“ თხემის არესა და თალამუსს შორის მაღალსინქრონიზებულია. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული უბნები ერთმანეთთან მუდმივ და მჭიდრო კავშირში იმყოფება. ანალოგიური კავშირი თხემისა და კეფის უბნებს შორისაც დაფიქსირდა.
როგორც კი ანესთეზია მოქმედებას იწყებს, ეს სინქრონიზაცია ირღვევა და სხვადასხვა უბნებს შორის კომუნიკაცია წყდება. სწორედ ეს ცვლილება შეიძლება რაოდენობრივ ბიოლოგიურ საზომად იქცეს, რომლითაც ანესთეზიოლოგები პაციენტის ძილის სიღრმეს განსაზღვრავენ.
მიუხედავად იმისა, რომ კვლევა მხოლოდ პროპოფოლის ეფექტს ეხება, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ეს ნარკოზის უფრო უსაფრთხო და ზუსტი მართვისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც ზედმეტი დოზირებით გამოწვეულ გართულებებს მინიმუმამდე დაიყვანს.
წყარო: Nature

