„სუპერ გრიპი“: მსოფლიოში H3N2-ის ახალი ვარიანტი ვრცელდება – რატომ არის ის საშიში?

გააზიარე

მსოფლიოში გრიპის სეზონი წელს განსაკუთრებით ადრე და მწვავედ დაიწყო. მეცნიერები და ჯანდაცვის ექსპერტები შეშფოთებას გამოთქვამენ Influenza A H3N2-ის ახალი ვარიანტის, ე.წ. „K სუბკლადის“ გამო, რომელსაც მედიაში უკვე „სუპერ გრიპი“ შეარქვეს.

ბრიტანული სამედიცინო ჟურნალის (BMJ) ინფორმაციით, ამ შტამმა უკვე გამოიწვია მძიმე ეპიდემიოლოგიური სურათი დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და ავსტრალიაში. ამჟამად ის დომინანტური გახდა აშშ-შიც, სადაც რამდენიმე შტატში გრიპის შემთხვევების კრიტიკულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

ჩვეულებრივი გრიპისგან განსხვავებით, მიმდინარე ვარიანტს ორი მთავარი სირთულე ახლავს:

  1. ვაქცინასთან შეუსაბამობა: ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის პროფესორის, ბრენდონ დიონის განმარტებით, ვირუსმა განიცადა მუტაციები ზედაპირულ ცილებში (ჰემაგლუტინინი). სწორედ ამ ცილების საწინააღმდეგოდ იქმნება ვაქცინაში ანტისხეულები. მუტაციის გამო, წლევანდელი ვაქცინა ზუსტად ვერ „ცნობს“ ვირუსის ამ ახალ ვერსიას.
  2. ეფექტურობის მაჩვენებელი: თუ გრიპის ვაქცინის ეფექტურობა ჩვეულებრივ 40%-დან 60%-მდეა, ბრიტანული მონაცემებით, ზრდასრულებში ამ შტამის წინააღმდეგ ის მხოლოდ 32%-39%-ს შეადგენს. თუმცა, ბავშვებში ეფექტურობა მაღალი რჩება და 72%-75%-ს აღწევს.

მიუხედავად ვაქცინისა და ვირუსის ნაწილობრივი შეუსაბამობისა, ექსპერტები მოსახლეობას აცრისკენ მაინც მოუწოდებენ, რადგან ვაქცინის მთავარი მიზანი მხოლოდ დაინფიცირების თავიდან აცილება არ არის. ის მნიშვნელოვნად ამცირებს დაავადების სიმძიმეს და ჰოსპიტალიზაციის რისკს.

იმუნიტეტის ჩამოყალიბებას დაახლოებით ორი კვირა სჭირდება, თუმცა გარკვეული თავდაცვის უნარი აცრიდან რამდენიმე დღეშივე ჩნდება. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) რეკომენდაციას უწევს 6 თვის ასაკიდან ყველას ვაქცინაციას.

მიმდინარე სეზონზე უკვე დაფიქსირდა 4.6 მილიონი შემთხვევა, 49,000 ჰოსპიტალიზაცია და 1,900 გარდაცვალების ფაქტი. გრიპის ძირითადი სიმპტომებია:

  • ხველა და თავის ტკივილი;
  • კუნთების ტკივილი და დაღლილობა;
  • ოხვრა, ოფლიანობა და ციებ-ცხელება.

მკურნალობის მხრივ, კვლავ ეფექტურია ანტივირუსული პრეპარატი ოსელტამივირი (ტამიფლუ). მნიშვნელოვანია მისი მიღება სიმპტომების გამოვლენიდან რაც შეიძლება მალე დაიწყოს, რაც დაავადების ხანგრძლივობას საშუალოდ 12-24 საათით ამცირებს. ასევე, ხელმისაწვდომია კომბინირებული საშინაო ტესტები, რომლებიც ერთდროულად გრიპსა (A და B ტიპი) და COVID-19-ს ადგენს.

წყარო: BMJ

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები