კვლევა: TikTok-ზე მენტალური ჯანმრთელობის შესახებ გავრცელებული რჩევების ნახევარზე მეტი დეზინფორმაციაა

გააზიარე

The Guardian-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფსევდო სამედიცინო რჩევები ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს სოციალურ ქსელებს ფსიქოლოგიური დახმარების მისაღებად, თუმცა რეალობა საგანგაშოა. The Guardian-მა პლატფორმა TikTok-ზე ჰეშთეგით #mentalhealthtips განთავსებული 100 ყველაზე პოპულარული ვიდეო გააანალიზა. ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების მიერ მათი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვიდეოების 52% დეზინფორმაციას შეიცავს.

ექსპერტების განმარტებით, TikTok-ზე გავრცელებულ ვიდეოებში აბსურდული და მეცნიერულ საფუძველს მოკლებული რჩევები საკმაოდ ხშირად გვხვდება. მაგალითსითვის, ერთ-ერთი ასეთი ტიპის ვიდეოს ავტორები ამტკიცებენ, რომ შხაპის დროს ფორთოხილის ჭამა შფოთვის დონეს ამცირებს.

გარდა ამისა, პლატფორმაზე ისეთ საკვებ დანამატებსაც არეკლამირებენ, როგორიცაა, მაგალითად, ზაფრანა, მაგნიუმის გლიცინატი და წმინდა ბაზილიკი. სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამ ნივთიერებების მენტალური ჯანმრთელობისთვის სარგებლიანობის შესახებ კონკრეტული სამეცნიერო მტკიცებულებები არ არსებობს.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი ფსიქოლოგიური ტრავმის „ერთ საათში განკურნების“ შესახებ დაპირებებია. ამასთან, მსგავსი ვიდეოები რეალობას ხშირად აზვიადებენ და ჩვეულებრივ ემოციურ განცდებს მძიმე ფსიქიკურ აშლილობებად წარმოაჩენენ. მაგალითად, ყოველდღიური ემოციური არასტაბილურობა ადამიანებს შესაძლოა წარმოუდგინონ, როგორც მოსაზღვრე პიროვნული აშლილობის სიმპტომი, რაც სავსებით მცდარი შეფასებაა.

არსებული ვითარების გამო, დარგის სპეციალისტები და პოლიტიკოსები მთავრობას ინტერნეტსივრცეში უსაფრთხოების რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ. მათი მიზანია, მავნე ალგორითმების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება შეიზღუდოს და ამ გზით საზოგადოებრივი ჯანმრთელობა უკეთ იქნას დაცული.

პლატფორმის ადმინისტრაცია კვლევის მეთოდოლოგიას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ TikTok თვითგამოხატვის თავისუფალი სივრცეა, სადაც ადამიანები საკუთარ გამოცდილებას აზიარებენ. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი სანდო ინფორმაციის გავრცელების მიზნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურთან (NHS) თანამშრომლობენ და მავნე კონტენტის 98%-ს პროაქტიულად შლიან.

მიუხედავად პლატფორმის არგუმენტებისა, დარგის პროფესიონალთა მთავარი რეკომენდაცია უცვლელი რჩება: ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოსტირება და მკურნალობა მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის კომპეტენციაა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოები კი მას ვერ ჩაანაცვლებს.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები