ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნდა, ცხოვრების წესში შეტანილ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ცვლილებებს გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე გასაოცრად დიდი გავლენა აქვს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღიურ რუტინაში შეტანილი მცირე კორექტივების კომბინაცია გულის შეტევისა და ინსულტის რისკს 10%-ით ამცირებს.
ავსტრალიელი, ჩილელი და ბრაზილიელი ექსპერტების ჯგუფმა 53,000-ზე მეტი ბრიტანელი ზრდასრულის მონაცემები შეისწავლა. კვლევა ეყრდნობოდა როგორც ჭკვიანი საათებიდან მიღებულ ინფორმაციას (ძილისა და აქტივობის შესახებ), ისე თავად მონაწილეების მიერ მიწოდებულ ცნობებს კვების რაციონზე.
კვლევის შედეგები
კვლევის მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკის შესამცირებლად სულაც არ არის საჭირო ცხოვრების წესის რადიკალური შეცვლა. საკმარისია 11 + 4.5 + 50 ფორმულის ყოველდღიურ რუტინაში დანერგვა.
ეს ნიშნავს, რომ თქვენს არსებულ რეჟიმს ყოველ ღამე სულ რაღაც 11 წუთით მეტი ძილი უნდა დაუმატოთ, რაც ორგანიზმს წნევის დასასტაბილურებლად დამატებით დროს აძლევს. ამასთან ერთად, დღის განმავლობაში მხოლოდ 4.5 წუთით მეტი სწრაფი სიარული (მაგალითად, ტრანსპორტამდე ცოტა უფრო ჩქარი ნაბიჯით მისვლა) და რაციონში დამატებით 50 გრამი ბოსტნეულის მომატება(რაც დაახლოებით ერთი პატარა სტაფილოს ტოლფასია), ჯამში საოცარ ეფექტს იძლევა.
მეცნიერები განმარტავენ, რომ ეს მინიმალური ცვლილება ბევრად უფრო ადვილი შესასრულებელი და შესანარჩუნებელია, ვიდრე მკაცრი დიეტები ან ხანგრძლივი ვარჯიშები. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ცვლილება ცალ-ცალკე მცირედ გვეჩვენება, მათი ერთობლიობა გულის შეტევისა და ინსულტის რისკს საშუალოდ 10%-ით ამცირებს.
მეცნიერების მთავარი გზავნილი სწორედ ესაა: მცირე, მაგრამ მუდმივი კორექტივები ჩვენს ჩვევებში ქმნის კუმულაციურ ძალას, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემას ქრონიკული სტრესისგან იცავს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანებს ჯანსაღი ცხოვრების წესზე გადასვლა ხშირად აშინებთ, რადგან ეს რთულ და დამღლელ პროცესად ეჩვენებათ. თუმცა, აღნიშნული კვლევა ამტკიცებს, რომ მთავარიმცირე, ყოველდღიური ცვლილებები, რომელთა შენარჩუნებაც ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება.
წყარო: The Guardian

