„კვლევის უკიდურესად საგანგაშო შედეგები“ – კლიმატის კრიზისმა ევროპაში ტყის ხანძრების რისკი მკვეთრად გაზარდა

გააზიარე

კლიმატის კრიზისმა ესპანეთსა და საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძრების გამომწვევი ექსტრემალური სიცხისა და გვალვის რისკი მკვეთრად გაზარდა. World Weather Attribution-ის მეცნიერთა ახალი ანალიზის თანახმად, გლობალურმა დათბობამ ცხელი, მშრალი და ქარიანი ამინდის ალბათობა ესპანეთში სულ მცირე 20-ჯერ, ხოლო საფრანგეთში 2-ჯერ გაზარდა. მკვლევართა შეფასებით, ის, რასაც ახლა ევროპა უპირისპირდება, ბევრად სცდება წარსულში არსებულ მოლოდინებს და უკიდურესად საგანგაშო სურათს ქმნის, რადგან ხანძრების სეზონი ჯერ კიდევ ადრეულ ფაზაშია.

მეცნიერთა განმარტებით, ევროპაში ექსტრემალური სიცხის მთავარი მიზეზი წიაღისეული საწვავის, კერძოდ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარებით გამოწვეული დათბობაა. ვითარებას მნიშვნელოვნად ართულებს ტემპერატურის კონტრასტული ცვლილებაც, როდესაც ევროპაში უხვნალექიანმა ზამთარმა და გაზაფხულმა მცენარეული საფარის ინტენსიური ზრდა გამოიწვია, ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე კი ეს მცენარეები სწრაფად გახმა და ხანძრისთვის იდეალურ საწვავად იქცა.

ივლისის დასაწყისიდან ესპანეთსა და საფრანგეთში მძვინვარე ხანძრებმა ათასობით სახლი გაანადგურა და 300 000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, საცხოვრებელი დაეტოვებინა. მასშტაბურ ხანძრებს თან სდევს ტოქსიკური კვამლიც, რომელმაც ცალკეულ შემთხვევებში ჰაერის დაბინძურების დასაშვებ ნორმას 20-ჯერ გადააჭარბა, ხოლო კვამლის გავრცელების არეალმა კერებიდან 400 კილომეტრს მიაღწია. გლობალური სტატისტიკის მიხედვით, ტყის ხანძრების კვამლი ყოველწლიურად დაახლოებით 1.5 მილიონი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს.

WWA-ს წინა კვლევამ აჩვენა, რომ ივნისის ბოლოს დაფიქსირებული ექსტრემალური სითბური ტალღა, რომელმაც ევროპაში სავარაუდოდ 20 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ნახშირბადის დაბინძურებით გამოწვეული დათბობის გარეშე უბრალოდ არ მოხდებოდა. გაეროს კლიმატის ცვლილების სააგენტოს შეფასებით, ვითარების გამოსასწორებლად ერთადერთი გზა ნამარხი საწვავიდან განახლებად ენერგიებზე სწრაფი გადასვლაა, რათა მსოფლიომ თავი დაიცვას კლიმატის კრიზისის კიდევ უფრო ფატალური შედეგებისგან, როგორიცაა მეგაშტორმები, წყალდიდობები და გვალვით განადგურებული სოფლის მეურნეობა.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები