თანამედროვე ეპოქაში, სადაც გადამუშავებული საკვები და ჰიპოდინამია (ცხოვრების მჯდომარე წესი და შეზღუდული ფიზიკური აქტივობა) ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის სტატისტიკა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ამ გლობალური გამოწვევის სათავეში ხშირად მეტაბოლური სინდრომი დგას – ორგანიზმში ხშირად ფარულად მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებები, რომელიც სისტემურად აზიანებს სასიცოცხლო ორგანოების ფუნქციურ მდგრადობას და ხელს უწყობს ქრონიკული პათოლოგიების ჩამოყალიბებას.
მკვლევრებმა კვების რაციონსა და ჯანმრთელობას შორის არსებულ იმ კრიტიკულ კავშირს მიაკვლიეს, რომელიც მეტაბოლური სინდრომის რისკს საგრძნობლად ამცირებს. 10,000-ზე მეტი ადამიანის მონაცემთა ანალიზმა აჩვენა, რომ ცოცხალი მიკრობებით მდიდარი პროდუქტების – იოგურტის, კიმჩისა და ნედლი ბოსტნეულის – რეგულარული მოხმარება დაავადების განვითარების ალბათობას 17%-ით ამცირებს. კვლევამ პირველად ახსნა ამ ეფექტის ბიოლოგიური საფუძველი: პრობიოტიკული მიკროორგანიზმები თრგუნავენ სისტემურ ანთებას და ზრდიან უჯრედების მგრძნობელობას ინსულინის მიმართ.
ამ აღმოჩენას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, მეტაბოლური სინდრომი ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს აწუხებს, 1980-იანი წლების შემდეგ კი მისი გავრცელება 35%-ით გაიზარდა. ეს მდგომარეობა ინფარქტის რისკს ორჯერ, ხოლო დიაბეტის განვითარების ალბათობას სამჯერ ზრდის. თუ აქამდე თერაპია მხოლოდ მედიკამენტებსა და ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებებს ეყრდნობოდა, ეს კვლევა ყოველდღიურ საკვებს პრევენციის უმძლავრეს ინსტრუმენტად აქცევს.
კვლევის დეტალები:
მეცნიერთა გუნდმა საფუძვლიანად დაამუშავა NHANES-ის (აშშ-ის ჯანმრთელობისა და კვების ეროვნული კვლევა) მონაცემთა ბაზა, რომელიც ამ სფეროში „ოქროს სტანდარტად“ არის აღიარებული. საწყისი 26,000 კანდიდატიდან, მკაცრი ფილტრაციის საფუძველზე, შეირჩა 10,637 ზრდასრული მონაწილე, რომელთა კვების რაციონი, მეტაბოლური პროფილი და ჯანმრთელობის თანმხლები ფაქტორები სრულყოფილად იყო დოკუმენტირებული. კვლევის ფარგლებში მეტაბოლური სინდრომი 4,205 პირს დაუდასტურდა, ხოლო 6,432 მონაწილე საკონტროლო, ჯანმრთელ ჯგუფს წარმოადგენდა.
ექსპერტებმა 10,000-მდე დასახელების პროდუქტი მათში არსებული ცოცხალი მიკრობების კონცენტრაციის მიხედვით სამ კატეგორიად დაყვეს:
დაბალი შემცველობა: ძირითადად პასტერიზებული და თერმულად დამუშავებული პროდუქტები, სადაც მიკრობული აქტივობა პრაქტიკულად ნულამდეა დაყვანილი.
საშუალო შემცველობა: ნედლი ხილი და ბოსტნეული – პროდუქტები, რომლებიც ბუნებრივად ატარებენ სასარგებლო მიკროორგანიზმების ზომიერ რაოდენობას.
მაღალი შემცველობა: ფერმენტირებული საკვები და სასმელები (იოგურტი, კეფირი, კიმჩი, მჟავე კომბოსტო), რომლებიც პრობიოტიკების კონცენტრირებულ წყაროს წარმოადგენენ.
კვლევამ გამოკვეთა პირდაპირი კავშირი „ცოცხალი საკვების“ მოხმარებასა და მეტაბოლური პროფილის გაუმჯობესებას შორის. მონაცემთა მრავალმხრივი დამუშავების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შედეგები:
მეტაბოლური სინდრომი: საერთო რისკი შემცირდა 17%-ით.
არტერიული წნევა: მაღალი წნევის განვითარების ალბათობამ იკლო 20%-ით.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპორტეინი HDL („კარგი ქოლესტერინი“): მისი დეფიციტის რისკი შემცირდა 14%-ით.
განსაკუთრებით საინტერესოა ე.წ. „დოზა-რეაქციის“ ეფექტი: ყოველი დამატებითი 100 ერთეული მიკრობული საკვების მიღება წნევის პრობლემების რისკს დამატებით 10%-ით ამცირებდა. რაც შეეხება წელის გარშემოწერილობას, აქ კვლევამ სპეციფიკური, „U-სებრი“ კავშირი აჩვენა – საუკეთესო შედეგს არა მაქსიმალური, არამედ მიკრობული საკვების საშუალო, სტაბილური რაოდენობა იძლეოდა.
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული ბიოლოგიური დანამატები – პრევენციის „ცოცხალი ფორმულა“ ნებისმიერი სუპერმარკეტის დახლებზე გვხვდება. ამ პროდუქტების რეგულარული მიღებისას, მათში არსებული მიკრობები ნაწლავის მიკროფლორასთან „სტრატეგიულ ალიანსში“ შედიან. ეს პროცესი ასტიმულირებს მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების (SCFAs) გამომუშავებას, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს სისხლში შაქრის დონის სტაბილიზაციასა და იმუნური სისტემის ბალანსში.
განსხვავებით იზოლირებული პრობიოტიკული აბებისგან, საკვებიდან მიღებული მიკრობები თქვენს შინაგან ბაქტერიულ გარემოსთან ერთად გუნდურად მუშაობენ. ეს სინერგია ქმნის გაცილებით ფართო და მდგრად ბიოლოგიურ ეფექტს, ვიდრე ნებისმიერი ხელოვნური დანამატი.
მეცნიერული სიზუსტე და შეზღუდვები
მიუხედავად მასშტაბურობისა, კვლევის სრულფასოვანი ინტერპრეტაციისთვის რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ: ვინაიდან კვლევა „ჯვარედინი“ (cross-sectional) ხასიათისაა, იგი აფიქსირებს კავშირს ორ მოვლენას შორის, თუმცა ვერ იძლევა ცალსახა გარანტიას მიზეზ-შედეგობრიობაზე. გარდა ამისა, პროდუქტებში მიკრობების რაოდენობა განისაზღვრა ექსპერტული შეფასებებით და არა თითოეული ნიმუშის ინდივიდუალური ლაბორატორიული ტესტირებით.
საბოლოოდ, დღეს თანამედროვე მეცნიერება იმას ადასტურებს, რასაც ტრადიციული კვების კულტურა საუკუნეების განმავლობაში ინტუიციურად ეყრდნობოდა: ჯანმრთელობის გასაღები ბუნებრივ ბიოლოგიურ ბალანსშია.
წყარო: Journal of Health, Population and Nutrition

