2026 წლის იანვრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში 20 მილიონზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქე ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის წინაშე დგება. ეს ცვლილება უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც “Obamacare”-ის (ACA) პროგრამის ფარგლებში არსებული სახელმწიფო სუბსიდიები აღარ გაგრძელდება. აღნიშნული ნაბიჯი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასა და ბიუჯეტის ფორმირებაში ახალ, გარდამავალ ეტაპს მოიაზრებს.
რატომ იცვლება სისტემა?
ადმინისტრაციისა და რეფორმის მომხრეთა განმარტებით, სუბსიდიების გაუქმება აუცილებელი ნაბიჯია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის. მათი პოზიცია რამდენიმე პუნქტად შეიძლება დაიყოს:
- ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება: სახელმწიფო ხაზინა ასეულობით მილიარდ დოლარს დაზოგავს, რაც რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საგარეო ვალის ზრდას შეაფერხებს.
- საგადასახადო შეღავათები: დაზოგილი თანხების ნაწილი შესაძლოა მიიმართოს სხვა საგადასახადო შეღავათების დასაფინანსებლად, რაც ბიზნესგარემოს გააუმჯობესებს.
- ბაზრის დერეგულაცია: მომხრეები მიიჩნევენ, რომ სუბსიდიების გარეშე სადაზღვევო ბაზარი უფრო კონკურენტული გახდება, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების ბუნებრივ დარეგულირებას გამოიწვევს.
როგორ მუშაობს ამერიკული სისტემა?
ამერიკაში არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო სამედიცინო მომსახურება, როგორც ეს ევროპის ბევრ ქვეყანაშია. ამის ნაცვლად, სისტემა დაყოფილია სამ ძირითად კატეგორიად, სადაც დაფინანსების წყაროები რადიკალურად განსხვავდება:
- საქმიანი დაზღვევა (Employer-Sponsored Insurance)
ამერიკელთა უმრავლესობისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მიღების ძირითად გზას საქმიანი დაზღვევა წარმოადგენს. ამ მოდელის მიხედვით, მსხვილი და საშუალო კომპანიები ვალდებულნი ან მოტივირებულნი არიან, საკუთარ თანამშრომლებს სადაზღვევო პაკეტები შესთავაზონ. დაფინანსების სქემა აქ საკმაოდ ხელსაყრელია: ხარჯების დიდ ნაწილს, ხშირად 70-დან 80%-მდე, თავად დამსაქმებელი ფარავს, ხოლო დარჩენილი მცირე წილი დასაქმებულის ხელფასიდან ავტომატურად იქვითება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილი სუბსიდიების გაუქმება ამ ჯგუფს პირდაპირ არ შეეხება, რადგან მათი დაზღვევა კერძო კორპორატიულ ხელშეკრულებებზეა დაფუძნებული და არა სახელმწიფო დახმარებაზე.
- სახელმწიფო პროგრამები (Medicare & Medicaid)
სისტემის მეორე მნიშვნელოვან ნაწილს სახელმწიფო პროგრამები შეადგენს, რომლებიც ერთგვარ „უსაფრთხოების ბადეს“ ქმნის მათთვის, ვინც შრომის ბაზარზე აქტიურად არ არის წარმოდგენილი ან უკიდურეს გაჭირვებაში იმყოფება. Medicare სპეციალურად 65 წელს გადაცილებული პირებისა და შშმ პირებისთვის შექმნილი ფედერალური პროგრამაა, რომელიც სტაბილურობით გამოირჩევა და პოლიტიკურ სუბსიდიებზე დამოკიდებული არ არის. რაც შეეხება Medicaid-ს, ის განკუთვნილია ძალიან დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებისა და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რასაც შტატები და ფედერალური მთავრობა ერთობლივად აფინანსებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროგრამები მიმდინარე რეფორმისგან მეტწილად დაცულია, ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების საერთო ტენდენციამ მომავალში შესაძლოა მათზეც იქონიოს ირიბი გავლენა.
- ინდივიდუალური ბაზარი და “Obamacare” (ACA Marketplace)
ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ბაზარსა და ე.წ. „Obamacare-ს“ უკავშირდება. ეს სეგმენტი სპეციალურად შეიქმნა მათთვის, ვინც ვერ სარგებლობს ვერც სამსახურეობრივი დაზღვევით და ვერც ასაკობრივი პროგრამებით. აქ ძირითადად ერთიანდებიან თვითდასაქმებულები, ფრილანსერები, ფერმერები და მცირე ბიზნესის მფლობელები, რომელთა დამსაქმებელსაც არ აქვს ვალდებულება გასცეს დაზღვევა. ვინაიდან ინდივიდუალური დაზღვევა ამერიკაში უკიდურესად ძვირია სახელმწიფო გასცემდა სუბსიდიებს (საგადასახადო კრედიტებს), რაც რეალურ გადასახადს მნიშვნელოვნად, ხშირად 400 დოლარამდე ამცირებდა. 2026 წლის რეფორმა სწორედ ამ ჯგუფს აყენებს დარტყმის ქვეშ.
გამოწვევები საშუალო ფენისთვის და მცირე ბიზნესისთვის
მიუხედავად მაკროეკონომიკური არგუმენტებისა, ოპონენტები და ექსპერტები მოსალოდნელ სოციალურ ტვირთზე ამახვილებენ ყურადღებას. განსხვავებით მათგან, ვინც დაზღვეულია მსხვილი დამსაქმებლის მიერ ან სარგებლობს ასაკობრივი პროგრამით (Medicare), ე.წ. “ბაზრის დაზღვევის” (ACA) მომხმარებლებისთვის ხარჯები მკვეთრად გაიზრდება.
მაგალითად, ფერმერებისა და მცირე მეწარმეებისთვის ყოველთვიური გადასახადი შესაძლოა 500-დან 1300 დოლარამდე გაიზარდოს. ეს აიძულებს მოქალაქეებს, არჩევანი გააკეთონ სამედიცინო დაზღვევასა და ბიზნესის განვითარებაში ინვესტირებას შორის. პროგნოზების თანახმად, თუ ალტერნატიული მექანიზმები არ ამოქმედდა, მომდევნო ათწლეულში დაზღვევის გარეშე შესაძლოა 14 მილიონამდე ადამიანი დარჩეს.
რა არის გამოსავალი?
ამ ეტაპზე ფედერალური მთავრობა და სადაზღვევო სექტორი კონსულტაციებს მართავენ. განიხილება უფრო მოქნილი, შედარებით იაფფასიანი სადაზღვევო პაკეტების შექმნა, რომლებიც დააზღვევს მოქალაქეებს კრიტიკული შემთხვევებისგან, თუმცა შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს.
ბიუჯეტთან დაკავშირებულმა ამ დაპირისპირებამ გასული წლის ბოლოს მთავრობის მუშაობის 43-დღიანი შეფერხება (shutdown) გამოიწვია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ მხარეებს შორის ოქროს შუალედის პოვნა 2026 წლისთვის ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ამოცანა იქნება.
წყარო:ISPOR

