სიდნეის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთეს, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობაში სრულიად ახალ გზას ხსნის. აღმოჩენის მიხედვით, ინფარქტის შემდეგ გულის კუნთის უჯრედებს აღდგენის უნარი აქვთ.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მაგალითად, ავსტრალიაში ყოველწლიურად გულის უკმარისობით 144,000 ადამიანი იტანჯება. გამოცემა Circulation Research-ში გამოქვეყნებული კვლევით მტკიცდება, რომ აქამდე დამკვიდრებული მოსაზრება გულის ქსოვილის გამოუსწორებელი დაზიანების შესახებ, გადახედვას საჭიროებს.
რა დაადგინა კვლევამ?
გავრცელებული მოსაზრებით, ინფარქტის შედეგად დაზიანებული გულის ქსოვილი აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც ორგანოს ფუნქცია სამუდამოდ ქვეითდებოდა. თუმცა, სიდნეის უნივერსიტეტის ახალმა კვლევამ განსაზღვრა, რომ მიუხედავად ნაწიბურების გაჩენისა, ადამიანის გული ახალი კუნთოვანი უჯრედების წარმოქმნას მაინც ახერხებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მეცნიერებმა უჯრედების დაყოფის ანუ მიტოზის პროცესი ადამიანის გულის კუნთში დააფიქსირეს.
ამ აღმოჩენის გაკეთება, პაციენტების ქსოვილების შესწავლის უნიკალური მეთოდოლოგიით გახდა შესაძლებელი . შუნტირების ოპერაციის დროს შეგროვებული ნიმუშების წყალობით, მეცნიერებმა რეალურ დროში გულის როგორც დაზიანებული, ისე ჯანსაღი ნაწილები გააანალიზეს. ამ ტიპის მიდგომა მეცნიერებს საშუალებას აძლევს უფრო ზუსტი მონაცემები მიიღონ და ისეთი თერაპიული საშუალებები შეიმუშავონ, რომლებიც გულის ბუნებრივ რეგენერაციულ უნარს კიდევ უფრო გააძლიერებს.
რა არის მეცნიერების მთავარი მიზანი?
მიუხედავად იმისა, რომ გულის ბუნებრივი რეგენერაციის უნარი ამ ეტაპზე ინფარქტის მძიმე შედეგების სრულად თავიდან ასაცილებლად საკმარისი არ არის, მეცნიერები მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
ამჟამად მეცნიერების მთავარი მიზანია ისეთი თერაპიული საშუალებები შეიმუშავონ, რომლებიც ორგანოს ბუნებრივ შესაძლებლობას კიდევ უფრო გააძლიერებს და ახალი უჯრედების ინტენსიურ წარმოქმნას ხელს შეუწყობს.
მეცნიერები იმ სპეციფიკური ცილების გამოყენებას გეგმავენ, რომლებიც თაგვებში გულის რეგენერაციაზეა პასუხისმგებელი და ამ მექანიზმს ასევე ადამიანის მკურნალობის პროცესში დანერგავენ. ამ მეთოდით გულის უკმარისობის ეფექტურად აღმოფხვრა შესაძლებელი გახდება. ეს ყველაფერი დღესდღეობით მხოლოდ ორგანოს ტრანსპლანტაციით არის შესაძლებელი.
წყარო: AHAJOURNALS

