ნობელიატი მეცნიერის აღმოჩენა, რომელიც ადამიანის უჯრედებს აახალგაზრდავებს

გააზიარე

2006 წელს იაპონელმა მეცნიერმა შინია იამანაკამ ადამიანის უჯრედების გაახალგაზრდავების შესაძლებლობა აჩვენა მსოფლიოს. მან დაამტკიცა, რომ ზრდასრული, უკვე სპეციალიზებული უჯრედის გენეტიკური გადაპროგრამებით უფრო ადრეულ, ემბრიონის მსგავს მდგომარეობაში დაბრუნებაა შესაძლებელი. ინდუცირებული პლურიპოტენტური ღეროვანი უჯრედების (iPS) ტექნოლოგიამ რეგენერაციულ მედიცინაში ახალი შესაძლებლობები შექმნა, რადგან ამ უჯრედებისგან ორგანიზმის სხვადასხვა ტიპის სპეციალიზებული უჯრედების მიღებაა შესაძლებელი.

აღმოჩენიდან 20 წლის შემდეგ, ტექნოლოგია კლინიკურ პრაქტიკაში უკვე ინერგება. 2026 წლის მარტში იაპონიამ iPS უჯრედებზე დაფუძნებულ ორ თერაპიას (პარკინსონისა და გულის უკმარისობის სამკურნალოდ) პირობითი ავტორიზაცია მიანიჭა. მაისში კი აშშ-ში დაიწყო კვლევა, რომლის ფარგლებშიც გლაუკომით გამოწვეული მხედველობის დაკარგვის შესაჩერებლად პაციენტებში თვალის დაბერებული უჯრედების ფუნქციური მდგომარეობის აღდგენა სცადეს.

ამჟამად ტექნოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ანტიასაკობრივი მედიცინაა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დაბერების პროცესის შესაჩერებლად ძველი უჯრედების სრულად ემბრიონულ მდგომარეობაში დაბრუნება აუცილებელი არ არის. ე.წ. „ნაწილობრივი რეპროგრამირებაც“ საკმარისია იმისთვის, რომ უჯრედმა ათწლეულებით ახალგაზრდა ვერსიასავით იფუნქციონიროს.

იამანაკას განმარტებით, მთავარი მიზანი არა მხოლოდ სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდა, არამედ „ჯანსაღი სიბერის“ უზრუნველყოფაა, რათა ადამიანებმა ხანდაზმულობაში სრულფასოვნად ცხოვრება შეძლონ. ამასთან, რადგან iPS უჯრედებისგან ნებისმიერი ქსოვილის (მათ შორის კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის) შექმნაა შესაძლებელი, მეცნიერი გენოფონდში უნებართვო ჩარევის თავიდან ასაცილებლად მკაცრი ეთიკური რეგულაციების დროულად მიღებას მოითხოვს.

იაპონელი მეცნიერი განვლილ 20 წელს მარათონის პირველ ნახევარს ადარებს და აღნიშნავს, რომ უდიდესი მიღწევების მიუხედავად, მედიცინა ჯერ მხოლოდ გზის შუაშია. იგი იმედოვნებს, რომ მომდევნო ორი ათწლეული სიცოცხლის გახანგრძლივების კუთხით კიდევ უფრო მასშტაბურ სამეცნიერო პროგრესს მოიტანს.

წყარო: Time 

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები