რაისის უნივერსიტეტის (Rice University) მეცნიერებმა ფილტრაციის ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს, რომელიც ე.წ. „სამუდამო ქიმიკატებს“ (PFAS) არსებულ მეთოდებზე 100-ჯერ სწრაფად შთანთქავს.
აღმოჩენა გარემოს დაბინძურებასთან ბრძოლაში შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს, რადგან მეცნიერებმა ამ ტოქსიკური ნივთიერებების სრული განადგურების ეფექტურ გზასაც მიაგნეს.
რა არის PFAS და რატომ არის ის საშიში?
PFAS 16,000-ზე მეტი ნაერთისგან შემდგარი ქიმიური კლასია, რომელიც პროდუქტების წყალგამძლეობისა და თბომედეგობისთვის ფართოდ გამოიყენება. მათ „სამუდამო ქიმიკატებს“ უწოდებენ, რადგან ბუნებრივად არ იშლებიან და გარემოსა და ადამიანის ორგანიზმში გროვდებიან.
მეცნიერულად დადასტურებულია მათი კავშირი ისეთ მძიმე დაავადებებთან, როგორიცაა, მაგალითად:
- სიმსივნე და თირკმლის დაავადებები;
- ღვიძლის პრობლემები და იმუნური დარღვევები;
- თანდაყოლილი დეფექტები.
PFAS ჩვენს ყოველდღიურობაში ყველგანაა. დაწყებული ტაფებით და წყალგამძლე ტანსაცმლიდან, დამთავრებული კოსმეტიკითა და სწრაფი კვების შეფუთვებით. ეს ქიმიკატები ნივთებს გამძლეობას სძენს და მათ წყლისა თუ ცხიმისგან იცავს.
თუმცა, სწორედ ეს გამძლეობაა მთავარი პრობლემა. PFAS საერთოდ არ ბიოდეგრადირდება. ნაგავსაყრელზე მოხვედრილი ეს ნივთები წვიმის საშუალებით ნიადაგში გადადის, საიდანაც მიწისქვეშა წყლებში ხვდება და გარემოს აბინძურებს.
როგორ მუშაობს ახალი ტექნოლოგია და რას ცვლის?
რაისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა სპეციალური მასალა (LDH) შექმნეს, რომელიც სპილენძისა და ალუმინისგან შედგება. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია: ფილტრი დადებითადაა დამუხტული, ხოლო „სამუდამო ქიმიკატები“ (PFAS) უარყოფითად. მათ შორის ძლიერი ელექტროსტატიკური მიზიდულობა წარმოიქმნება. შედეგად, ეს მოწყობილობა ტოქსიკურ ნივთიერებებს სხვა ფილტრებზე 100-ჯერ სწრაფად ისრუტავს და აგროვებს.
ამ მეთოდის მთავარი პლუსი ქიმიკატების სრული განადგურებაა. დღემდე არსებული მეთოდები PFAS-ს მხოლოდ აგროვებდა. ახალი ტექნოლოგიით, შეგროვებულ ქიმიკატებს დაბალ ტემპერატურაზე აცხელებენ, რაც მათ შორის კავშირებს საბოლოოდ შლის. შედეგად უსაფრთხო ნარჩენი (კალციუმ-ფტორიდი) მიიღება, რომელიც ჩვეულებრივ ქვიშასავით უვნებელია.
ეკონომიური თვალსაზრისით, ეს აღმოჩენა ძალიან პრაქტიკულია, რადგან მისი გამოყენება წყლის გამწმენდ არსებულ სისტემებშიც შეიძლება. მეცნიერების თქმით, ეს მეთოდი ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
თუმცა, მთავარი გამოწვევა ახლა ამ ტექნოლოგიის ლაბორატორიიდან დიდ ქარხნებში გადატანაა. ყოველივე ეს რთულ რეგულაციებთან და უსაფრთხოების სტანდარტებთანაა დაკავშირებული.
წყარო: The Guardian

