11 თებერვალს, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორი თინათინ ტყემალაძე დაჯილდოვდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი და მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის პროფესორი 70-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია.
თინათინ ტყემალაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო საქმიანობაში და იკავებს წამყვან პოზიციებს ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა არადიაგნოზირებული დაავადებების საერთაშორისო ქსელის (UDNI) დირექტორთა საბჭო და ევროპის ადამიანის გენეტიკის საზოგადოება (ESHG).
პროფესორ თინათინ ტყემალაძის ავტორობით პრესტიჟულ საერთაშორისო ჟურნალში Nature Genetics გამოქვეყნდა სტატია, რომელიც იშვიათი დაავადებების დიაგნოზირებას შეზღუდული რესურსების პირობებში ეხება.
მეცნიერი ასევე წარმოადგენს კლინიკური გენეტიკის ექსპერტ ცენტრს საქართველოში და არის სამედიცინო გენეტიკისა და ეპიგენეტიკის საქართველოს საზოგადოების დამფუძნებელი.
გაეროს რეზოლუციით დაწესებული ეს დღე 2015 წლიდან აღინიშნება და მიზნად ისახავს მეცნიერებით დაინტერესებული ქალების მხარდაჭერასა და ინოვაციების სისტემაში მათი მზარდი როლის გაძლიერებას.
წყარო: TSMU.EDU

