კვლევა: ასპირინის მცირე დოზა მსხვილი ნაწლავის კიბოს განმეორების რისკს ამცირებს

გააზიარე

შვედმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასპირინის მცირე დოზის ყოველდღიური მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს მსხვილი ნაწლავის კიბოს განმეორების რისკს სიმსივნის ქირურგიული ჩარევით მოცილების შემდეგ. კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ New England Journal of Medicine-ში გამოქვეყნდა, მიუთითებს, რომ ამ ყოველდღიურმა ტკივილგამაყუჩებელმა შესაძლოა რევოლუციური ცვლილებები გამოიწვიოს კლინიკურ პრაქტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის შედეგები პერსპექტიულია, მნიშვნელოვანია, რომ ასპირინის მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ მოხდეს. ასპირინის ხანგრძლივი მოხმარება დაკავშირებულია სერიოზულ გვერდით მოვლენებთან, როგორებიცაა, მაგალითად კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა. კვლევის დროსაც კი, ოთხ პაციენტს მსგავსი გართულებები განუვითარდა.

კვლევის ხელმძღვანელის, პროფესორ მარტლინგის განცხადებით, აუცილებელია მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტებს ჩაუტარდეთ გენეტიკური ტესტირება, რადგან ასპირინის ეფექტურობა დამოკიდებულია სპეციფიკურ გენეტიკურ მუტაციებზე. ხაზგასასმელია, რომ კვლევაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ის ონკოლოგიური პაციენტები, რომლებსაც გენური კვლევა უკვე ჩატარებული ჰქონდათ. ამიტომ, ასპირინის მიღება გენეტიკური ანალიზის გარეშე არაეფექტური იქნება.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა სიმსივნის მოცილების შემდეგ პაციენტები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთ ჯგუფს ყოველდღიურად ასპირინის დაბალი დოზა (160 მგ) ეძლეოდა, ხოლო მეორეს – პლაცებო. სამი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებიც ასპირინს იღებდნენ, დაავადების განმეორების რისკი 50%-ით შემცირდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგები გამოვლინდა პაციენტებში, რომელთა სიმსივნეებსაც ჰქონდათ სპეციფიკური გენეტიკური მუტაციები, რაც მათ მგრძნობიარეს ხდიდა ასპირინის ანტი-კიბოს თვისებების მიმართ. მსხვილი ნაწლავის კიბოს მქონე პაციენტების დაახლოებით 40%-ს სწორედ ასეთი მუტაციები აღენიშნება.

კვლევას, სახელწოდებით Alascca trial, სტოკჰოლმის კაროლინსკას ინსტიტუტის პროფესორი ანა მარტლინგი ხელმძღვანელობდა. მისმა გუნდმა 3500-ზე მეტი პაციენტი შეისწავლა შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ფინეთის საავადმყოფოებიდან. გენეტიკური ტესტირების შედეგად, 2980 პაციენტიდან 1103-ს (37%) დაუდგინდა გენური მუტაცია PI3K ფიზიოლოგიურ მექანიზმში, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებასთან არის დაკავშირებული.

პროფესორ მარტლინგის თქმით, ეს აღმოჩენა კლინიკურ პრაქტიკას შეცვლის, რადგან ასპირინი ფართოდ ხელმისაწვდომი და იაფი მედიკამენტია. მისი აზრით, აუცილებელია მსხვილი ნაწლავის კიბოს ყველა პაციენტს ჩაუტარდეს გენეტიკური ტესტირება, რათა დადგინდეს, ვის დაეხმარება მკურნალობის ეს მეთოდი ყველაზე მეტად.

მეცნიერების ვარაუდით, ასპირინის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტი რამდენიმე მექანიზმით არის განპირობებული: ის ამცირებს ანთებით პროცესებს, აფერხებს PI3K პროცესის აქტივობას და ამცირებს სისხლის თრომბოციტების აქტივობას, რომლებსაც შეუძლიათ სიმსივნური უჯრედების გარემოცვა და იმუნური სისტემისთვის მათი „დამალვა“.

მსოფლიო მასშტაბით, ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს უდგინდება მსხვილი ნაწლავის კიბოს დიაგნოზი. მიუხედავად იმისა, რომ დაავადების მკურნალობა ხშირად ქირურგიული ჩარევით ხდება და გამოიყენება ისეთი მეთოდები, როგორებიცაა ქიმიოთერაპია და რადიოთერაპია, კიბოს განმეორების რისკი მაღალია. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ამ დაავადების შემთხვევების მატება შეინიშნება 50 წლამდე ასაკის ადამიანებშიც. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციის ზუსტი მიზეზები დადგენილი არ არის, მეცნიერები მას ისეთ ფაქტორებს უკავშირებენ, როგორებიცაა: არაჯანსაღი კვება, ჭარბი წონა, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა და ნაწლავის მიკროფლორის მიერ გამომუშავებული ტოქსინები.

მიუხედავად იმისა, რომ ასპირინი ას წელზე მეტია ბაზარზეა, მისი ხანგრძლივი მიღება გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. კვლევისას, ასპირინის ჯგუფში ოთხ პაციენტს განუვითარდა სერიოზული გვერდითი მოვლენები, მათ შორის, კუჭ-ნაწლავის სისხლდენა და თავის ტვინში სისხლჩაქცევა. პროფესორმა მარტლინგმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გვერდითი მოვლენებისა, ასპირინის სარგებელი ამ კონკრეტულ პაციენტებში მნიშვნელოვნად აღემატება რისკს.  

ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრის წარმომადგენლის, დოქტორ ქეთრინ ელიოტის განცხადებით, ეს კვლევა ადასტურებს, რომ ასპირინს შეუძლია მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია გარკვეულ ჯგუფებში. თუმცა, საჭიროა უფრო დიდი მასშტაბის კვლევები, რათა საბოლოოდ დადასტურდეს, თუ რომელი პაციენტებისთვის იქნება ასპირინის მიღება ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო.

წყარო: The Guardian

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები