იუვალ ნოახ ჰარარი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე: მთავარი გზავნილები

გააზიარე

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, გავლენიანმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა იუვალ ნოახ ჰარარიმ თანამედროვეობის უმთავრეს გამოწვევაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ისაუბრა. 

ჰარარის აზრით, AI აღარ არის უბრალოდ მორიგი ტექნოლოგიური ხელსაწყო, არამედ ის „აგენტს“ წარმოადგენს , რომელსაც დამოუკიდებლად სწავლის, გადაწყვეტილების მიღებისა და მანიპულირების უნარი შესწევს.

იუვალ ნოახ ჰარარიმ განსაკუთრებული ყურადღება იმ სფეროებზე გაამახვილა, სადაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები რევოლუციურ ცვლილებებს გამოიწვევს. მეცნიერის შეფასებით, AI არის „დანა, რომელსაც შეუძლია თავად გამოიგონოს ახალი ტიპის დანები, მუსიკა, მედიკამენტები“.

ჰარარის პროგნოზით, კაცობრიობა „AI იმიგრანტების“ ტალღის წინაშე დადგება, მაგრამ ესენი იქნებიან არა ფიზიკური პირები, არამედ ალგორითმები, რომლებიც სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობენ.

ამ იმიგრანტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური როლი AI ექიმებს დაეკისრებათ, რადგან ისინი მსოფლიოს სრული სამედიცინო ცოდნითა და დიაგნოსტიკური სიზუსტით ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებას შეძლებენ.

ხელოვნური ინტელექტი და მედიცინა

თუმცა, ჰარარი გვაფრთხილებს, რომ ეს „ციფრული მიგრანტები“ მხოლოდ დამოუკიდებელი აგენტები არიან, რომლებიც რეგიონულ სოციო-კულტურულ კონიუნქტურებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, რადგან მათი მსოფლაღქმა და ეთიკა ხშირად სხვა ქვეყნის კორპორაციების მიერაა ფორმირებული.

მეცნიერის შეფასებით, AI ექიმები ჯანდაცვის სისტემების განუყოფელი ნაწილნი გახდებიან, რაც სამედიცინო სერვისებზე წვდომას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მაგრამ, ჩნდება ფუნდამენტური კითხვა: რამდენად მზად ვართ, ვენდოთ აგენტს, რომელსაც სამედიცინო დიაგნოზის დასმა ან მკურნალობის მეთოდების შემუშავება ბევრად უკეთ შეუძლია, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს?

ჰარარიმ ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ AI ზოგადად სიტყვებისა და ენის ოსტატია. ტექნოლოგიას შეუძლია წაიკითხოს ყველა სამედიცინო წიგნი, სამეცნიერო ნაშრომი და პაციენტის მდგომარეობა ვერბალურად იმაზე უკეთ აღწეროს, ვიდრე თავად პაციენტმა ან მისმა მკურნალმა ექიმმა.

თუმცა, ყოველივე ამაში ისტორიკოსი ერთ მნიშვნელოვან პრობლემას ხედავს. ხელოვნურ ინტელექტს გრძნობები არ გააჩნია. AI-ს ფიზიკური ტკივილის რეალურად განცდა არ შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ დაავადებების მაღალი სიზუსტით დიაგნოსტირება ძალუძს.

„თუ ჩვენ გავაგრძელებთ საკუთარი თავის განსაზღვრას მხოლოდ აზროვნების უნარით, ჩვენი იდენტობა კოლაფსს განიცდის,“ – აცხადებს ჰარარი. მედიცინაში ეს ნიშნავს, რომ AI-ს შეუძლია მართოს ბიოლოგიური პროცესები, მაგრამ ის ფიზიკურ ტკივილს, რომელიც ადამიანის ხორცშესხმულ ბუნებას ახასიათებს, სრულად ვერასდროს შეიგრძნობს 

ხელოვნური ინტელექტის იურიდიული სტატუსი

ჰარარის გამოსვლის ერთ-ერთი საკვანძო პასაჟი AI-ს იურიდიულ სტატუსს ეხებოდა. ისტორიკოსი სვამს კითხვას: მიანიჭებენ თუ არა ქვეყნები ხელოვნურ ინტელექტს იურიდიულ სტატუსს?

მედიცინის კონტექსტში, ეს ნიშნავს, რომ ხელოვნურ ინტელექტს, შესაძლოა, კლინიკების ან ფარმაცევტული კორპორაციების ყოველგვარი ადამიანური ჩარევის გარეშე მართვის უფლება ჰქონდეს.

მისი აზრით, თუ 10 წლის წინ სოციალურ ქსელებში AI ბოტების შეზღუდვა ვერ მოვახერხეთ, 10 წლის შემდეგ იმაზე ფიქრი, თუ ვინ მართავს ჩვენს ჯანმრთელობას, ფინანსებსა თუ რელიგიას, უკვე გვიანი იქნება.

საბოლოო ჯამში, ჰარარის ძირითადი გზავნილი შემდეგია: ხელოვნურ ინტელექტს ჩვენი სხეულის განკურნება შეუძლია, მაგრამ ტექნოლოგიას ასევე ჩვენი კულტურისა და იდენტობის ფუნდამენტურად შეცვლაც ძალუძს.

კითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა დღევანდელ ლიდერებს მოუწევთ, არის არა ის, დაგვეხმარება თუ არა ხელოვნური ინტელექტი მედიცინის განვითარებაში, არამედ ის, თუ რა ადგილი დარჩება ადამიანისთვის სამყაროში, სადაც მანქანა ჩვენზე უკეთ აზროვნებს.

წყარო: weforum

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები