ალცჰაიმერის დაავადება წარმოადგენს პროგრესირებად ნეიროდეგენერაციულ პათოლოგიას, რომელიც ხასიათდება მეხსიერების, კოგნიტური ფუნქციების, კომუნიკაციისა და ყოველდღიური საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულების შესაძლებლობის თანდათანობითი გაუარესებით. დაავადების გვიან სტადიებზე პაციენტები ხშირად კარგავენ ავტონომიურობას, უვითარდებათ შარდის შეუკავებლობა, გადაადგილების შეზღუდვა და სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების უნარის დაქვეითება. ამჟამად ხელმისაწვდომი თერაპიული მიდგომები ძირითადად დაავადების სიმპტომების კონტროლსა და პაციენტის ფუნქციური მდგომარეობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული, ხოლო დაკარგული ფუნქციების აღდგენა იშვიათად მიიღწევა.
ფსილოციბინი, ჰალუცინოგენური სოკოების ფსიქოდელიური კომპონენტი, აქამდე ცნობილი იყო, როგორც დეპრესიის, შფოთვითი აშლილობების, დამოკიდებულებებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობის (PTSD) მკურნალობის პერსპექტიული საშუალება. თუმცა, ბოლო წლებში მკვლევრები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან მისი შესაძლო როლით ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების მართვის პროცესში. აღნიშნული მზარდი ინტერესის ფონზე, ჟურნალ Frontiers in Neuroscience-ში გამოქვეყნებულმა ობზერვაციულმა კვლევამ მნიშვნელოვანი რეზონანსი გამოიწვია.
კვლევის ფარგლებში შეფასდა 80 წლის იაპონელ-ამერიკელი წარმოშობის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ალცჰაიმერის დიაგნოზი 10 წლის წინ დაუსვეს. პაციენტს აღენიშნებოდა მძიმე კოგნიტური და ფუნქციური დეფიციტი, მათ შორის შარდის შეუკავებლობა, მეტყველების და გადაადგილების მკვეთრი შეზღუდვა.
თავდაპირველად პაციენტმა ფსილოციბინის შემცველი სოკოების 5-გრამიანი დოზა მიიღო. ინტერვენციის საწყის ეტაპზე განვითარდა აგზნება, ინტენსიური ოფლიანობა და ხანგრძლივი ძილის მსგავსი მდგომარეობა. თუმცა, დაახლოებით 19 საათის შემდეგ პაციენტმა დაიწყო გამართული წინადადებებით საუბარი და შეძლო ისეთი ცხოვრებისეული მოვლენების გახსენება, რომელთა ვერბალიზაციაც წლების განმავლობაში აღარ შეეძლო.
მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დაფიქსირდა დამატებითი კლინიკური გაუმჯობესება. პაციენტს აღუდგა შარდის კონტროლის უნარი და შეძლო დამოუკიდებლად ჩაცმა. ასევე, გაუუმჯობესდა გარშემომყოფებთან მზერითი კონტაქტის შენარჩუნების და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი, აგრეთვე ემოციური რეაგირება. ერთი თვის თავზე განხორციელებული დაკვირვებისას აღნიშნული დადებითი ცვლილებების ნაწილი კვლავ შენარჩუნებული იყო. მოგვიანებით მიღებულმა მეორე, 3-გრამიანმა დოზამ კიდევ უფრო გააუმჯობესა პაციენტის მეტყველების, იუმორისა და სიარულის უნარი.
მკვლევართა შეფასებით, ფსილოციბინი ვერ კურნავს ალცჰაიმერის დაავადებას და ვერ აჩერებს მიმდინარე ნეიროდეგენერაციულ პროცესს, თუმცა შესაძლოა დროებით ააქტიურებდეს ტვინის იმ ფუნქციებს, რომლებიც დაკარგულად მიიჩნეოდა. არსებული მონაცემებით, ფსილოციბინი გავლენას ახდენს სეროტონინულ რეცეპტორებზე და ხელს უწყობს ახალი ნეირონული კავშირების ფორმირებას, რაც შესაძლოა კოგნიტური და ქცევითი ფუნქციების დროებით გაუმჯობესებას უკავშირდებოდეს.
მკვლევრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ ხანს შეიძლება შენარჩუნდეს აღნიშნული პროგრესი. მიუხედავად ამისა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც გვიანი სტადიის დემენციის პროგრესირების ფონზე შეუქცევადად დაკარგულად მიიჩნეოდა, შესაძლოა რეალურად მხოლოდ დროებით იყოს მიუწვდომელი. ავტორთა შეფასებით, ფსიქოდელიურ ინტერვენციას აქვს ამ ფუნქციების დროებითი აღდგენის პოტენციალი, რაც დადასტურდა კიდეც პაციენტზე ერთი თვის განმავლობაში წარმოებული დაკვირვებით.
მიუხედავად იმედისმომცემი შედეგებისა, აღნიშნული კვლევა მხოლოდ ერთ პაციენტზეა დაფუძნებული (Case Study), ამიტომ ფსილოციბინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების დასადგენად ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევების ჩატარებაა საჭირო. ამასთანავე, მნიშვნელოვანია მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების გათვალისწინება, მათ შორის, ჰალუცინაციებისა და ფსიქოზური ეპიზოდების განვითარების რისკი. შესაბამისად, ფსილოციბინი ამ ეტაპზე ექსპერიმენტულ მიმართულებად რჩება, თუმცა წინამდებარე ნაშრომი ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობის ახალი შესაძლებლობების შესახებ მნიშვნელოვან სამეცნიერო კითხვებს აჩენს.
წყარო: nypost.com

