რობერტ კენედი უმცროსი ამტკიცებს, რომ კეტო დიეტას შიზოფრენიის განკურნება შეუძლია

გააზიარე

შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივანმა, რობერტ კენედი უმცროსმა, განაცხადა, რომ კეტო დიეტას შიზოფრენიის განკურნება შეუძლია. ამ კომენტარს სამედიცინო სფეროს ექსპერტები სკეპტიკურად შეხვდნენ და მას „აშკარა გადაჭარბება“ უწოდეს, რადგან დიეტასა და ამ რთულ ფსიქიკურ აშლილობას შორის კავშირი ჯერ კიდევ კვლევის საგანია და არა დადასტურებული ფაქტი.

რობერტ კენედი უმცროსის არგუმენტები

რობერტ კენედი უმცროსის ვიზიტი ტენესის შტატში ახალი ეროვნული კამპანიის ნაწილია, რომელიც ამერიკელებს „ნამდვილი საკვების“ მიღებისკენ მოუწოდებს. მისი ინიციატივით, ფედერალურ გაიდლაინებში რადიკალური ცვლილებები უკვე შევიდა: ახალი რეკომენდაციები პრიორიტეტს ცილებისა და ჯანსაღი ცხიმების მიღებას ანიჭებს, როგორიცაა, მაგალითად, სტეიკი, ყველი, კარაქი და რძე. ამავდროულად, მკაცრად იზღუდება ნახშირწყლები, მათ შორის პური, მაკარონი და სხვა სახამებლის შემცველი პროდუქტები.

ჯანდაცვის მდივანი ამტკიცებს, რომ არასწორი კვების რაციონი ქვეყანაში ფსიქიკური დაავადებების მზარდ მაჩვენებელთან პირდაპირ კავშირშია. კენედის არგუმენტაციის გასამყარებლად მაგალითად ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმის, კრისტოფერ პალმერის 2019 წლის ნაშრომი მოჰყავს, სადაც კეტო დიეტაზე გადასვლის შემდეგ შიზოფრენიის მქონე ორი პაციენტის მდგომარეობის სრული რემისიის შემთხვევაა აღწერილი.

კენედის მოსაზრებით, საკვები ნივთიერებები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ისეთივე გავლენას ახდენს, როგორსაც მედიკამენტოზური მკურნალობა, თუმცა ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ცალკეული შემთხვევები დაავადების სრული განკურნების გარანტიას არ იძლევა.

რას ამბობენ ექსპერტები?

მიუხედავად იმისა, რომ სტენფორდის უნივერსიტეტის შარშანდელმა კვლავამ აჩვენა, რომ კეტო დიეტა შესაძლოა შიზოფრენიის მქონე პაციენტებს დაეხმაროს, ფსიქიატრები ხაზს უსვამენ, რომ ტერმინი „დახმარება“ „განკურნებას“ არ ნიშნავს. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორმა, პოლ აპელბაუმმა, კენედის განცხადებას პირდაპირ „შეცდომაში შემყვანი“ უწოდა. ექსპერტები განმარტავენ, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, სიმპტომების შემსუბუქება და დაავადების სრული აღმოფხვრა ორი რადიკალურად განსხვავებული მოცემულობაა.

ექიმები ამგვარი კვლევების ანალიზისას რამდენიმე კრიტიკულ ხარვეზზე მიუთითებენ, რის გამოც მეთოდის პანაცეად გამოცხადება დაუშვებელია. პირველი და უმთავრესი პრობლემა საკონტროლო ჯგუფის არარსებობაა. კვლევების უმეტესობაში იმ პაციენტების შედარება მათთან, ვინც ჩვეულებრივ დიეტას იცავს, არ ხდება, რაც შედეგების ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. გარდა ამისა, კვლევების მცირე მასშტაბი, სადაც ხშირად მხოლოდ ორი პაციენტის შემთხვევაა აღწერილი, ფართომასშტაბიანი სამედიცინო დასკვნების გამოსატანად უსაფუძვლოა.

სპეციალისტები ასევე სერიოზულ ყურადღებას შესაძლო გვერდით მოვლენებზე ამახვილებენ. ხანგრძლივმა მაღალცხიმიანმა დიეტამ, რომელიც კეტოზის მდგომარეობაზეა დაფუძნებული, შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, რაც ხანდაზმული ან ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის განსაკუთრებით სარისკოა. შესაბამისად, მედიკამენტოზური მკურნალობის თვითნებური ჩანაცვლება დიეტით, სათანადო კლინიკური მტკიცებულებების გარეშე, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევა.

რობერტ კენედი უმცროსი ვაქცინებისა და ტრადიციული მედიკამენტების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებით არის ცნობილი. მან დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინაციის მრჩეველთა საბჭო უკვე თავისი თანამოაზრეებით შეცვალა. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა პაციენტებს აუცილებელი ანტიფსიქოზური მედიკამენტების თვითნებური შეწყვეტისკენ უბიძგოს.

წყარო: Independent

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები