საქართველოს მთავრობამ მიიღო ახალი დადგენილება №106 „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“. აღნიშნული ნორმატიული აქტის თანახმად 2026 წლის 1 ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისათვის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის წყლის, ნატურალური მინერალური წყლის პლასტმასის ბოთლებით მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1 თებერვლიდან იკრძალება პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული იმავე სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება.
რეგულაცია არ ეხება 3 ლიტრზე მეტი მოცულობის წყალს, 20 ლიტრზე მეტ სხვა სასმელებსა და თავდაცვისა თუ შსს-ს საჭიროებებისთვის განკუთვნილ მარაგებს.
დადგენილების მიღება განპირობებულია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის აუცილებლობით. სამედიცინო კვლევები ადასტურებს, რომ პლასტმასის ბოთლებიდან წყალში გადადის ბისფენოლი A (BPA) და ფტალატები, რომლებიც ასოცირდება ონკოლოგიურ, რეპროდუქციულ და ნევროლოგიურ დარღვევებთან, ასევე ახალშობილებში წონის დეფიციტსა და ალერგიული დაავადებების განვითარებასთან. გარდა ამისა, რიგი კვლევები მიუთითებს მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიისა და ქრომის მომატებულ კონცენტრაციაზე. უახლესმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ ერთ ლიტრ წყალში შეიძლება იყოს 240,000-მდე მიკრო- და ნანოპლასტმასის ნაწილაკი, რომლებიც სისხლის მეშვეობით აღწევენ ტვინში, ფილტვებში, ღვიძლსა და პლაცენტაში და იწვევენ ოქსიდაციურ სტრესსა და უჯრედულ დაზიანებას. მაღალი ტემპერატურა და ულტრაიისფერი გამოსხივება კი მოქმედებს რა როგორც კატალიზატორი, მნიშვნელოვნად აჩქარებს ტოქსიკური ნივთიერებების წყალში მიგრაციას.
ჯანმრთელობის რისკების პარალელურად, გასათვალისწინებელია გარემოსდაცვითი ფაქტორებიც. კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მდინარეებში ნაპოვნი ნარჩენების 88% სწორედ პლასტმასია, საიდანაც თითქმის ნახევარი ბოთლებზე მოდის. UNDP-ის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია მოიხმარება.
ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებში ეროვნული კანონმდებლობა მკაცრად არეგულირებს სურსათთან შეხებაში მყოფი პლასტმასის ქიმიურ უსაფრთხოებას. სისტემურ გამოწვევად რჩება მიკრო და ნანოპლასტმასის კონტროლი, რადგან არ არსებობს სტანდარტიზებული მეთოდოლოგია წყალში ამ უმცირესი ნაწილაკების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრისთვის. შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოებს უჭირთ მკაფიო ზღვრული ნორმების დაწესება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში საქართველომ მიიღო 2 დადგენილება (№317; №304) სურსათთან შეხებაში მყოფ პლასტმასის მასალებსა და ნაკეთობებზე. 2026 წლის 1 იანვრიდან კი აიკრძალა გარკვეული სახის ერთჯერადი პლასტმასის ჭურჭლის წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. აღნიშნული პოლიტიკა ეფუძნება ევროკავშირის პრაქტიკას, რომელიც ადასტურებს, რომ ეკოლოგიური სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა საუკეთესო გზაა მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვის, გარემოსდაცვითი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგრადობის დასაბალანსებლად.
მოცემულ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან დადგენილების გონივრული, ეტაპობრივი იმპლემენტაციის მიზნით, ხოლო ობიექტური საჭიროების გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა დადგენილების ამოქმედების ვადები გადაიხედოს.

