4 თებერვალს სამედიცინო საზოგადოება კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღის გარშემო კიდევ ერთხელ გაერთიანდა. ეს თარიღი, რომელსაც საფუძველი 2000 წელს, პარიზის ქარტიის მიღებითა და კიბოს საერთაშორისო კავშირის (UICC) ინიციატივით ჩაეყარა, წელს ახალი სტრატეგიული გზავნილით წარსდგა: „United by Unique“. 2025-2027 წლების კონცეფცია ზრუნვის ეპიცენტრში აყენებს ადამიანს, სადაც თითოეული პაციენტის ინდივიდუალური ისტორია ჯანდაცვის პოლიტიკის ფორმირების მთავარ ღერძად იქცევა.
ამ გლობალური ინიციატივის ფარგლებში, 5 თებერვალს, საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის „გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტმა“ სამეცნიერო-საგანმანათლებლო შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიება მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებას, არამედ აკადემიური სექტორის, კლინიცისტებისა და პოლიტიკის შემქმნელების კონსოლიდაციას კიბოს პრევენციისა და მართვის თანამედროვე სტანდარტების დასანერგად.
შეხვედრის მნიშვნელობასა და ინსტიტუციურ ჩართულობაზე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორმა, გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა:
“საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის ბაზაზე გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი ფუნქციონირებს, სადაც უკვე ტრადიციად იქცა ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე ყოველთვიური სემინარების გამართვა. დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ის კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს ეძღვნება.
კიბო გლობალური ჯანდაცვის უმთავრესი გამოწვევაა, რაც როგორც პერსონალის, ისე მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას მოითხოვს. შეხვედრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და ჩვენი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია კერესელიძის მოხსენებით გაიხსნა. მან დეტალურად მიმოიხილა ონკოლოგიური დაავადებების აღრიცხვიანობის ტენდენციები, განსაკუთრებით კიბოს პოპულაციური რეგისტრის როლი, რომელმაც 2015 წლიდან ახალი შემთხვევების, გავრცელების არეალისა და პაციენტთა გადარჩენის მაჩვენებლების სტატისტიკური სიზუსტე მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო დოქტორანტების ნაშრომები, რომლებიც ისეთ კრიტიკულ საკითხებს ფარავდა, როგორიცაა გარემო ფაქტორების გავლენა ფარისებრი ჯირკვლის კიბოზე და პალიატიური მედიცინის გამოწვევები საქართველოში. მსგავსი შეხვედრების მიზანია საზოგადოებამდე სწორი, მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია მივიდეს.”
თუმცა, სტატისტიკური მონაცემების სიზუსტე და კვლევების მასშტაბურობა მხოლოდ საფუძველია იმ დიდი მიზნისა, რასაც კიბოსთან ბრძოლის გლობალური სტრატეგია ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ციფრები რეალურ ცვლილებებად იქცეს, აუცილებელია აკადემიური ცოდნის ტრანსფორმაცია საზოგადოებრივ ქმედებაში. სწორედ ამ კავშირზე – მეცნიერულ მტკიცებულებებსა და ინფორმირებული საზოგადოების როლზე – ამახვილებს ყურადღებას საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საზოგადეობრივი ჯანდაცვის სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი, თინა ბერუჩაშვილი:
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი კიბოსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს გვერდს ვერ აუვლიდა, რადგან ეს უნიკალური შესაძლებლობაა საზოგადოების, მედიკოსებისა და პოლიტიკის შემქნელების გასაერთიანებლად. ეს ერთიანობა, თავის მხრივ, იმ სივრცეს ქმნის, სადაც ცოდნა კონკრეტულ ქმედებად გარდაიქმნება, რადგან ეფექტური პრევენცია, პირველ რიგში, სწორედ განათლებული და ინფორმირებული ადამიანის ქმედებას გულისხმობს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ცნობიერების ამაღლების გზით შევცვალოთ საზოგადოების დამოკიდებულება სკრინინგისა და ვაქცინაციის მიმართ, რათა დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელი იყოს.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის პრიორიტეტი სწორედ კიბოს რისკ-ფაქტორების მეცნიერული კვლევაა. ჩვენი სადოქტორო პროგრამები ორიენტირებულია ისეთი მყარი მტკიცებულებების შექმნაზე, რომლებიც ჩაანაცვლებს სტიგმებს და საფუძვლად დაედება სახელმწიფოს ეფექტურ ჯანდაცვის პოლიტიკას. 2050 წლისთვის პროგნოზირებული ინციდენტობის ზრდის ფონზე, სწორედ პრევენციული ღონისძიებები რჩება იმ მთავარ ბერკეტად, რომელმაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი უნდა შეამციროს.“
ამ სტრატეგიული ხედვის პრაქტიკული რეალიზაცია საქართველოს უნივერსიტეტში უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შეხვედრაზე წარმოდგენილ ნაშრომებს მიღმა, დოქტორანტები სკრინინგის პროგრამებზეც მუშაობენ. კერძოდ, აჭარის რეგიონის მაგალითზე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ეფექტურობას სწავლობენ, რათა დადგინდეს, რამდენად პასუხობს არსებული პრევენციული ღონისძიებები ადგილობრივ საჭიროებებს.
გარდა ამისა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ტექნოლოგიურ პროგრესს და მის როლს ადრეულ დიაგნოსტიკაში. ამ მიმართულებით უნივერსიტეტი 3D მამოგრაფიის ეფექტურობას სწავლობს, რომელიც ევროპის საბჭოს უახლესი რეკომენდაციებით პრიორიტეტულ მეთოდადაა მიჩნეული, განსაკუთრებით 40-50 წლის ასაკობრივ კატეგორიაში. როგორც თინა ბერუჩაშვილი აღნიშნავს, მსგავსი ინოვაციების დანერგვა სწორედ მყარ მეცნიერულ მტკიცებულებას საჭიროებს:
“ჩვენი მიზანია, ქართული რეალობის გათვალისწინებით შევქმნათ ისეთი სამეცნიერო საფუძველი, რომელიც სახელმწიფოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, ჩაირთოს თუ არა ეს ინოვაციური მეთოდი საყოველთაო სკრინინგ-პროგრამებში. ეს არის გზა მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინისკენ, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი აქტიურად ავითარებს.”
სამეცნიერო კვლევები და ახალი ტექნოლოგიები საბოლოო ჯამში ერთ მიზანს ემსახურება – პაციენტის გადარჩენასა და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. დღეს, როდესაც კიბოს შემთხვევები სულ უფრო იზრდება, დაავადების მართვა მხოლოდ მედიკამენტურ მკურნალობას არ მოიცავს. იმ მძიმე ფსიქო-ემოციური წნეხის პირობებში, რომელსაც ონკოლოგიური დიაგნოზი იწვევს, სპეციალისტები გადამწყვეტ მნიშვნელობას დაავადების მართვის სისტემურ ხედვას ანიჭებენ.
სწორედ ონკოლოგიური დაავადებების მართვის კომპლექსურ ხედვაზე გაამახვილა ყურადღება ონკოლოგმა, იოსებ აბესაძემ. მისი შეფასებით, სისტემური პასუხი ოთხ განუყოფელ კომპონენტს უნდა მოიცავდეს: დიაგნოსტიკასა და მკურნალობას, პერიოდულ მონიტორინგს (Follow-up), რეაბილიტაციასა და პალიატიურ მზრუნველობას.
ექიმი ხაზს უსვამს, რომ სტიგმებით გამოწვეული სტრესის საპასუხოდ, უმნიშვნელოვანესია ადრეული დიაგნოსტიკის ეფექტურობის შესახებ ცნობიერების ამაღლება:
ვისურვებდი, საზოგადოებაში დამკვიდრდეს პრინციპი: „იზრუნე ჯანმრთელობაზე, როცა ჯანმრთელი ხარ“. თუმცა, იმ შემთხვევებში, როდესაც დაავადება მაინც იჩენს თავს, ჩვენი სამიზნე უნდა იყოს არა მხოლოდ დიაგნოზი, არამედ თავად პაციენტი, რომლისთვისაც მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნება საკმარისი არ არის. აუცილებელია რეაბილიტაციის სრულფასოვანი ინტეგრირება, რათა ადამიანმა შეძლოს ნორმალური, ფუნქციური ცხოვრების გაგრძელება. სწორედ ამ კომპონენტების ერთობლიობა ქმნის მართვის იმ თანამედროვე სტანდარტს, რომელსაც დღეს ვავითარებთ.
კლინიკურ დონეზე არსებული ეს ხედვა სახელმწიფოებრივ ჭრილში გადააქვს პროფესორ ლელა სტურუას. მისი განმარტებით, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომა ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტად უნდა იქცეს. იგი მიიჩნევს, რომ მოკლევადიანი პროექტების ნაცვლად, აქცენტი მრავალწლიან, სისტემურ მართვაზე უნდა გაკეთდეს, რაც, პირველ რიგში, კიბოს რეგისტრების შემდგომ დახვეწასა და მონაცემთა უწყვეტ ანალიზს ეყრდნობა. ლელა სტურუას შეფასებით, გრძელვადიანი, ერთიანი სტრატეგია უზრუნველყოფს პრევენციული ღონისძიებებისა და სკრინინგის პროგრამების მაქსიმალურ მოცვას.
ამ სისტემური ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია პალიატიური მზრუნველობაც – მიდგომა, რომელიც ტკივილის მართვასა და პაციენტის ცხოვრების ხარისხზე ზრუნვას დიაგნოზის დასმის პირველივე ეტაპიდან ითვალისწინებს. სწორედ ამ მიმართულებით მომავალი თაობის მედიკოსების მომზადების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება პროფესორმა, ლელა სტურუამ:
მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისთვის პალიატიური მზრუნველობის სწავლება არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ “მშრალი თეორიით”. ეს არის რთული, მრავალკომპონენტიანი დარგი, რომელიც ფსიქოლოგიურ და ემპათიურ მომზადებას მოითხოვს. მოხარული ვარ, რომ საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტები მუშაობენ სერიოზულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე, რაც მომავალში სწორი სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების საფუძველი გახდება.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ კიბოსთან ბრძოლა მხოლოდ სამედიცინო პრობლემა არ არის; ეს კოორდინირებული სისტემური პასუხია, რომელიც სამეცნიერო ლაბორატორიებში იწყება, გრძელდება აკადემიურ აუდიტორიებში და პაციენტზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკით სრულდება. საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას, როგორც ცოდნის გაზიარების, ინოვაციების დანერგვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების წამყვანი ცენტრი.

