„ESC-კონგრესზე წასვლა მხოლოდ იმისთვის არ ღირს, რომ მეტი ინფორმაცია მიიღო — ღირს იმისთვის, რომ თავად გახდე იმ პროფესიული სივრცის ნაწილი, სადაც ეს ინფორმაცია იქმნება, განიხილება და მომავალ პრაქტიკად გარდაიქმნება.
მიუნხენში ყველაზე მეტად სწორედ ეს იგრძნობოდა — კარდიოლოგია აშკარად შედის ახალი ტრანსფორმაციის ეტაპზე და ხშირად მახსენდებოდა ერთი ცნობილი ფრაზა: „ადამიანი კუნძული არ არის, ის მატერიკის ნაწილია“. სიტყვები John Donne-ს ეკუთვნის, თუმცა ბევრს ისინი ჰემინგუეის „ვის უხმობს ზარი“-დან ახსოვს. ალბათ, თანამედროვე კარდიოლოგიაზეც იგივე შეიძლება ითქვას — არც ერთი მიმართულება აღარ არსებობს ცალკე „კუნძულად“.
Thomas Lüscher-ის, ძველი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი იყო, რომ კარდიოლოგიის მომავალი მხოლოდ ტექნოლოგიით ვერ აშენდება. ხელოვნური ინტელექტი ექიმს ბევრ რამეში დაეხმარება, მაგრამ კლინიკური აზროვნება, პასუხისმგებლობა და პაციენტთან ადამიანური ურთიერთობა ექიმის ხელში უნდა დარჩეს.
ESC-ის ახალმა პრეზიდენტმა Cecilia Linde-მ აქცენტი გააკეთა ერთიანობაზე — ევროპული კარდიოლოგიის განვითარება მხოლოდ დიდი ცენტრების საქმე არ არის. ეროვნული კარდიოლოგიური საზოგადოებები უფრო აქტიურად უნდა ჩაერთონ საერთო პროცესებში და ახალი ცოდნა საკუთარ ქვეყნებში რეალურ ცვლილებად აქციონ.
პროფესორ Susanna Price-ის გზავნილიც სწორედ ამას აგრძელებდა — მონაცემები უკვე საკმარისად გვაქვს, ახლა მთავარი მათი მოქმედებად ქცევაა. ESC Atlas-მა ნათლად დაგვანახა, სად არის პრობლემა, შემდეგი ნაბიჯი კი ეროვნული საზოგადოებების, ჯანდაცვის სისტემებისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობაა. ეს უკვე გაცილებით მეტია, ვიდრე კონგრესების ორგანიზება — ეს არის ჯანმრთელობის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობა.
პროფესორ Charalambos Antoniades-ის გამოსვლაში განსაკუთრებით საინტერესო იყო იდეა, რომ კარდიოლოგია უფრო და უფრო გადადის დაავადების მკურნალობიდან მის წინასწარ აღმოჩენაზე. თანამედროვე CT-იმიჯინგი და AI უკვე გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ ბიოლოგიური რისკი მაშინ, როცა დაავადება ჯერ კლინიკურად არ გამოვლენილა.
პროფესორმა Colin Baigent-მა სხვა, ძალიან აქტუალურ პრობლემაზე ისაუბრა — post-truth ეპოქაზე, ანუ ეპოქაზე, სადაც საზოგადოებრივ აზრზე ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მეტად ემოციები, პირადი რწმენები, სოციალური ქსელის გავლენა და ხმამაღალი მოსაზრებები მოქმედებს. მეცნიერებას მხოლოდ ახალი მტკიცებულებების შექმნა აღარ ჰყოფნის, საჭიროა ამ მტკიცებულებების დაცვაც დეზინფორმაციისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტატინებისა და, ზოგადად, გულ-სისხლძარღვთა პრევენციის თემაზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში, სადაც ქართველმა კარდიოლოგებმა ხმა აღიმაღლეს მსგავსი დეზინფორმაციული ქმედებების საწინააღმდეგოდ.
პროფესორ C. Noel Bairey Merz-ის მრავალწლიანმა კვლევებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ „ნორმალური კორონაროგრამა“ ყოველთვის არ ნიშნავს დაავადების არარსებობას. მიკროვასკულური დისფუნქცია, INOCA და ქალებში გულის იშემიური დაავადების განსხვავებული მექანიზმები თანამედროვე კარდიოლოგიის სულ უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებები ხდება.
პროფესორ Matthias Nahrendorf-მა William Harvey ლექციებზე არითმიებზე წარმოდგენას სხვა კუთხით შეგვახედა — არითმია მხოლოდ ელექტრული პრობლემა აღარ არის. ანთება, იმუნური უჯრედები, ფიბრობლასტები და სტრუქტურული ცვლილებები შეიძლება თავად ქმნიდნენ არითმოგენულ სუბსტრატს. ალბათ, მომავალში რითმოლოგია მხოლოდ აბლაციით აღარ შემოიფარგლება და უფრო მეტად მიმართული იქნება ამ ბიოლოგიური სუბსტრატის შეცვლაზეც.
გულის უკმარისობაზე განსაკუთრებით დამაფიქრებელი იყო ახალი ESC 2026 გაიდლაინი, რომლის სამუშაო ჯგუფს პროფესორები Lars Køber და Marianna Adamo ხელმძღვანელობდნენ. გაიდლაინი გულის უკმარისობას მთელ გზაზე მიადევნებს თვალს — რისკის სტადიიდან შორსწასულ, სტადია D გულის უკმარისობამდე. Køber-ის ერთ-ერთი მთავარი გზავნილიც სწორედ პრევენცია და მკურნალობის რაც შეიძლება ადრე დაწყებაა.
მაგრამ ჩემთვის აქ კიდევ ერთი ადამიანური კითხვაც ჩნდება — მძიმე, შორსწასული გულის უკმარისობის დროს საკითხი მხოლოდ ის აღარ არის, რამდენ ხანს შეგვიძლია გავაგრძელოთ ბრძოლა. უფრო მნიშვნელოვანია — რისთვის ვიბრძვით. სანამ მკურნალობას სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობა აქვს, ბრძოლა გრძელდება. ხოლო როცა მედიცინას დაავადების შეცვლა აღარ შეუძლია, ექიმის მოვალეობა არ მთავრდება — მიზანი იცვლება: ტანჯვის შემცირება, ღირსების, სიმშვიდისა და პაციენტის არჩევანის დაცვა.
Kevin Damman-ისა და Oxford-ის პროფესორ William Herrington-ის გზავნილიც მნიშვნელოვანი იყო — თირკმლის დაავადებისას აღარ უნდა დაველოდოთ, სანამ „უკმარისობა“ განვითარდება. ქრონიკული თირკმლის დაავადება კარდიოვასკულური რისკის ნაწილია და კარდიოლოგმაც აქტიურად უნდა ეძებოს იგი — eGFR-ითა და ალბუმინურიით — და მკურნალობა ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს. გული და თირკმელი უკვე აღარ განიხილება ორ ცალკე ორგანოდ — მათი დაცვა ერთი საერთო სტრატეგია ხდება.
Maria Bäck, Dominique Hansen და Matthias Wilhelm კიდევ ერთ მნიშვნელოვან ცვლილებაზე საუბრობდნენ — რეაბილიტაცია აღარ არის მკურნალობის დამატება. ის თავად მკურნალობის ნაწილია — ფიზიკური აქტივობა, განათლება, თვითმართვა, ფსიქიკური ჯანმრთელობა და მკურნალობისადმი ერთგულება ერთიან პროცესად უნდა განვიხილოთ.
თუ მთლიან ESC Munich 2026-ს ერთი ხაზით შევაჯამებდი, ვიტყოდი, რომ კარდიოლოგია თანდათან გადადის რეაქტიული მედიცინიდან პრედიქციულ და პრევენციულ მედიცინაში — ანუ „კარდიოლოგია თანდათან გადადის უკვე განვითარებული დაავადების მკურნალობიდან — რისკის წინასწარ აღმოჩენასა და დაავადების თავიდან აცილებაზე.“
ერთნაირი მკურნალობიდან ინდივიდუალური რისკისა და ფენოტიპის მიხედვით მართვაში — AI-ის უბრალო აღფრთოვანებიდან პასუხისმგებლიან AI-ში — პროცედურის ტექნიკური წარმატებიდან პაციენტის გრძელვადიან შედეგებში — გაიდლაინის დაწერიდან მის რეალურ ეროვნულ დანერგვაში.
და ალბათ სწორედ აქ ერთიანდება Lüscher-ის, Linde-სა და Price-ის გზავნილებიც — ტექნოლოგიამ ადამიანი არ უნდა ჩაანაცვლოს — ტრანსფორმაცია უნდა იყოს ერთიანი და ინკლუზიური — ხოლო ახალი ცოდნა საბოლოოდ რეალურ ჯანდაცვის პოლიტიკად და უკეთეს პაციენტურ შედეგებად უნდა იქცეს.
ჩემთვის სწორედ ეს იყო ESC Congress 2026-ის მთავარი შთაბეჭდილება — არა მხოლოდ ახალი ინფორმაციის მიღება, არამედ იმის შეგრძნება, თუ საით მიდის თანამედროვე კარდიოლოგია.“
— წერს დავით მალიძე, ექიმი-კარდიოლოგი სოციალურ ქსელში

