მედიცინის ისტორიაში პირველად, პაციენტს, რომელსაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმელი ჰქონდა გადანერგილი, ადამიანის ორგანო წარმატებით გადაუნერგეს. 66 წლის ტიმ ენდრიუსმა 271 დღის განმავლობაში დიალიზის გარეშე იცოცხლა, სანამ ადამიანის თირკმელს გადაუნერგავდნენ. ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ ქსენოტრანსპლანტაცია (ცხოველის ორგანოს ადამიანში გადანერგვა) პაციენტებისთვის დიალიზის ჩამანაცვლებელი, ქმედითი ალტერნატივაა.
ტრანსპლანტოლოგიაში დღეს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა ორგანოების დეფიციტია. მასაჩუსეტსის გენერალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ლეონარდო რიელას განმარტებით, ტერმინალური უკმარისობისას გადანერგვა საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ დონორების რაოდენობა მცირეა. “ქსენოტრანსპლანტაცია ამ დანაკლისს შეავსებს — თავდაპირველად როგორც გარდამავალი ეტაპი ადამიანის ორგანოს მოლოდინში, მომავალში კი როგორც დამოუკიდებელი, სრულფასოვანი თერაპია,” — აღნიშნავს რიელა.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის თირკმლის ადამიანისთვის გადანერგვის პირველი ოპერაცია 2024 წელს ჩატარდა, თუმცა მაშინ პაციენტმა მხოლოდ 52 დღე იცოცხლა. აქამდე არცერთი კვლევის არ დასტურდებოდა, რომ ცხოველის ორგანოს ორ თვეზე მეტხანს მუშაობა და დონორის გამოჩენამდე პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნება შეეძლო. ახალი მოდიფიცირებული ორგანოები ბიოტექნოლოგიურმა კომპანია eGenesis-მა და ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა ერთობლივად შექმნეს.
ტიმ ენდრიუსის ორგანიზმმა ღორის თირკმელი წარმატებით მიიღო და ორგანომ ფუნქციონირება დაიწყო. საწყის ეტაპზე გამოვლენილი უარყოფის რეაქცია ექიმებმა მედიკამენტებით სწრაფად შეაჩერეს. ოპერაციიდან დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ პაციენტს ინფექცია განუვითარდა, რის გამოც იმუნოსუპრესიული თერაპია შემცირდა. ამან კი, საბოლოოდ, ქსენოტრანსპლანტატის მიკროვასკულური დაზიანება, ანთება და ფუნქციის მოშლა გამოიწვია.
ღორის თირკმლის გათიშვის შემდეგ პაციენტს ადამიანის თირკმელი გადაუნერგეს. ორგანოს გადანერგვის შემდეგ სენსიბილიზაციის (უარყოფის) ნიშნები არ გამოვლენილა. მეცნიერების შეფასებით, ეს შემთხვევა ქსენოტრანსპლანტაციის უდიდეს პოტენციალს ამტკიცებს. ცხოველის ორგანოში განვითარებული ანთებითი პროცესების შესწავლა კი სპეციალისტებს სამომავლო კლინიკურ კვლევებში დაეხმარება.
წყარო: Harvard

