გერმანელი მეცნიერების მიღწევა ბავშვთა ონკოლოგიაში: პირველი პაციენტი, რომელმაც იმუნური თერაპიით სოლიდური სიმსივნე დაამარცხა

გააზიარე

17 წლის მილო მსოფლიოში პირველი პაციენტია, რომელმაც ე.წ. „სოლიდური სიმსივნე“ (solid tumor) ახალი ტიპის იმუნური თერაპიით სრულად დაამარცხა. გერმანელი მოზარდი სიმსივნეს ათი წლის განმავლობაში ებრძოდა.

თავდაპირველად მოზარდს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მოგვიანებით, ქირურგიული ჩარევისა და ქიმიოთერაპიის მიუხედავად, მეტასტაზები ღვიძლში, ელენთაში, ფილტვებსა და ტვინში გავრცელდა.

მილოსთვის ბოლო შანსი ჰაიდელბერგის ბავშვთა სიმსივნეების ცენტრში (KiTZ) ჩატარებული ექსპერიმენტული თერაპია აღმოჩნდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოზარდის სიმსივნური უჯრედები შეიცავდა სპეციფიკურ ცილას, რამაც ექიმებს საშუალება მისცა, პაციენტის იმუნური უჯრედები, T-ლიმფოციტები, ამ ცილის ამოსაცნობად და გასანადგურებლად „გაეწვრთნათ“.

მკურნალობის პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავდა:

  • მოზარდის სისხლიდან იმუნური უჯრედების ექსტრაქცია;

  • მათი გენეტიკური მოდიფიცირება ლაბორატორიულ პირობებში;

  • მოდიფიცირებული უჯრედების ორგანიზმში დაბრუნება ინფუზიის სახით.

ინფუზიიდან სულ რაღაც 12 დღეში MRI კვლევამ სიმსივნური კერების გაქრობა დაადასტურა, ხოლო 120 დღის შემდეგ ორგანიზმში ცოცხალი სიმსივნური უჯრედი სრულად გაქრა.

ექიმები ხაზს უსვამენ, რომ აღნიშნული თერაპია ბავშვთა ონკოლოგიაში რევოლუციური მიღწევაა. აქამდე მსგავსი იმუნური თერაპიები ლეიკემიის სამკურნალოდ გამოიყენებოდა, მყარი ქსოვილის სიმსივნეების წინააღმდეგ კი ეს მეთოდი პირველად იქნა გამოყენებული.

სპეციალისტების განმარტებით, ბავშვთა სიმსივნეები ბიოლოგიურად განსხვავდება ზრდასრულთა სიმსივნეებისგან, მათში ნაკლები მუტაციაა, რის გამოც ბევრი ტრადიციული პრეპარატი მოზარდებში ნაკლებად ეფექტიანია. მილოს შემთხვევამ კი დაამტკიცა, რომ ინდივიდუალური გენეტიკური მიდგომით ყველაზე აგრესიული ფორმების დამარცხებაც შესაძლებელია.

მილო, რომელიც მთის ველოსიპედითაა გატაცებული, თერაპიის დასრულებიდან მალევე დაუბრუნდა ვარჯიშს. ახლა ის სკოლის დასრულებასა და ჰაიდელბერგში მედიცინის შესწავლაზე ოცნებობს, რათა თავადაც ექიმი გახდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვთა ონკოლოგიური შემთხვევები შედარებით იშვიათია (გერმანიაში წელიწადში დაახლოებით 2,000 შემთხვევა), ის მაინც რჩება სიკვდილიანობის მეორე მთავარ მიზეზად მოზარდებში, რაც მსგავსი კვლევების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

წყარო: Tengrinews

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები