21 მარტს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასმა“ მასშტაბურ სამედიცინო კონფერენციას – „ინოვაცია ბავშვთა ქირურგიაში – თანდაყოლილი პათოლოგიების მართვა“ უმასპინძლა. სს „საქართველოს კლინიკებისა“ და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალის ორგანიზებით გამართულ ფორუმზე აქცენტი პაციენტზე ორიენტირებულ ზრუნვასა და მაღალტექნოლოგიურ მიდგომებზე გაკეთდა.
კონფერენციის დღის წესრიგი კლინიკურ გამოცდილებაზე დაფუძნებული პრეზენტაციებით იყო დატვირთული. წარმოდგენილმა მასალებმა და განხილული თემების ამსახველმა ფოტოვიზუალიზაციამ ის რთული გზა გამოკვეთა, რომელიც ქართულმა პედიატრიულმა ქირურგიამ ბოლო წლებში განვლო. ეს შეხვედრა არა მხოლოდ მიღწეული შედეგების დემონსტრირებას, არამედ იმ პროფესიული დიალოგის გაღრმავებას ემსახურებოდა, რომელიც პრაქტიკული ცოდნის გაზიარებას უზრუნველყოფს.
ამ ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მედიცინის დოქტორი, სს „საქართველოს კლინიკები“ – ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ერეკლე მოსიძე გახლავთ. საქართველოში ბავშვთა ლაპარასკოპიულ-თორაკოსკოპიული ქირურგიის აქტიური დანერგვა სწორედ მის სახელს უკავშირდება, რაც ციციშვილის კლინიკამ ქვეყნის მასშტაბით პირველმა, ჯერ კიდევ 2019 წლიდან დაიწყო.
ბატონო ერეკლე, როგორ შეაფასებდით დღევანდელ შეხვედრას, რა იყო მისი მთავარი მიზანი და ზოგადად რა მნიშვნელობის მატარებელია მსგავსი ღონისძიებები?
საქართველოში პირველად ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ექსკლუზიურად ბავშვთა თანდაყოლილი ქირურგიული პათოლოგიების მართვას მიეძღვნა. ეს ღონისძიება პრიორიტეტულია როგორც ქვეყნისთვის, ისე პროფესიული წრისთვის – ჩვენს კოლეგებს უნდა ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია იმისა, თუ რა ეტაპზეა დღეს ქართული მედიცინა და რა შედეგებს მივაღწიეთ თანდაყოლილი ანომალიების მკურნალობის მიმართულებით.
დღეს ბავშვთა ქირურგიაში მთავარი ორიენტირი მინინვაზიური მიდგომებია. თქვენი დაკვირვებით, რამდენად წარმატებით გადავედით ტრადიციული მეთოდებიდან თანამედროვე სტანდარტებზე და რა უშლის ხელს ამ პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას?
მინინვაზიურ მიდგომებს რაც შეეხება, დღეს მთელი მსოფლიო არა მხოლოდ ლაპარასკოპიასა და თორაკოსკოპიაზე, არამედ უკვე რობოტულ ქირურგიაზეა გადასული. ჩვენ ამ გზას ეტაპობრივად მივყვებით – ნაბიჯ-ნაბიჯ ვნერგავთ ყველა იმ ტექნოლოგიას, რაც თანამედროვე სტანდარტად მიიჩნევა.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ პროცესისთვის ორი მთავარი კომპონენტია საჭირო: მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ციციშვილის კლინიკაში შესაბამისი აპარატურა ჯერ კიდევ 2019 წლიდან გვაქვს და მას შემდეგ წარმატებით ვატარებთ მსგავს ჩარევებს.
თუმცა, პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას დღეს დაბალი ინფორმირებულობა და იმ ახალგაზრდა, გადამზადებული სპეციალისტების ნაკლებობა აფერხებს, რომლებიც ამ მეთოდებს სრულყოფილად დაეუფლებიან და პრაქტიკაში დანერგავენ.
ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციაზე საუბრისას, უნდა აღინიშნოს, რომ თქვენს სახელს 6-ზე მეტი ისეთი ლაპარასკოპიულ-თორაკოსკოპიული ოპერაციის დანერგვა უკავშირდება, რომელიც მანამდე საქართველოში არ ჩატარებულა. როდესაც ქირურგი ქვეყნის მასშტაბით პირველ ნაბიჯებს დგამს ახალი მეთოდის დასამკვიდრებლად, რა არის ამ დროს ყველაზე დიდი სირთულე?
ჩემს პრაქტიკაში თანამედროვე მინინვაზიური ტექნოლოგიების – ლაპარასკოპიისა და თორაკოსკოპიის – დანერგვისას, უმთავრეს დაბრკოლებას მაინც ინფორმირებულობის დაბალი დონე წარმოადგენდა.
უმთავრეს სირთულეს, როგორც პაციენტების აგრეთვე კოლეგების მხრიდან ამ მეთოდების არსისა და უპირატესობებზე არაინფორმირებულობა წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ, ახალი მიდგომების დანერგვისას, მთავარ გამოწვევად არა მხოლოდ ტექნიკური შესრულება, არამედ იმ პროფესიული და საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება იქცევა, რაც ცოდნის დეფიციტის პირობებში საკმაოდ რთულად მიიღწევა.
როდესაც ბავშვთა ქირურგიასა და თანდაყოლილ პათოლოგიებზე ვსაუბრობთ, უნდა გავაანალიზოთ, რომ მკურნალობის პროცესი საოპერაციო ბლოკში არ სრულდება. თქვენი დაკვირვებით, რა როლს თამაშობს მშობელთა ინფორმირებულობა კლინიკურ გამოსავალსა და რეაბილიტაციის საბოლოო წარმატებაში?
ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთა ინფორმირებულობა, რაც გვეხმარება როგორც ოპერაციამდე ასევე პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაში. თუმცა, ღია მეთოდით ჩატარებული ოპერაციებისგან განსხვავებით ლაპარასკოპია-თორაკოსკოპიით ჩატარებულ ოპერაციებს მინიმალური პოსტოპერაციული პერიოდი და რეაბილიტაცია სჭირდება.

