„ციკადა“: კორონავირუსის ახალი ვარიანტი ბავშვებში სხვა შტამებთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება

გააზიარე

მეცნიერები კორონავირუსის ახალ, ძლიერ მუტირებულ ვარიანტს აკვირდებიან, რომელმაც წინამორბედებისგან განსხვავებული ქცევა გამოავლინა. ვარიანტი BA.3.2, რომელსაც მკვლევარებმა სიმბოლურად „ციკადა“ (Cicada) შეარქვეს, ძირითადად ბავშვებს აინფიცირებს, თუმცა, არსებული მონაცემებით, დაავადების მიმდინარეობის დამძიმებას არ იწვევს.

რატომ უწოდეს ციკადა?

სახელწოდება შერჩეულ იქნა იმ მწერის ანალოგიით, რომელსაც ქართულ ენაში ჭიჭინობელას უწოდებენ. ამ მწერს მიწისქვეშ გაუჩინარება და წლების შემდეგ ზედაპირზე დაბრუნება შეუძლია. ვირუსის ეს შტამი (BA.3) პირველად 2022 წელს დაფიქსირდა, რის შემდეგაც ის გაუჩინარდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსი ორი წლის განმავლობაში ერთი, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანის ორგანიზმში „იმალებოდა“, განიცდიდა მუტაციას და საბოლოოდ, სახეცვლილი ფორმით კვლავ გამოჩნდა.

რატომ ინფიცირდებიან ბავშვები უფრო მეტად?

ნიუ-იორკის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბავშვები სხვა შტამებთან შედარებით ხუთჯერ უფრო ხშირად ინფიცირდებიან „ციკადით“, რომელიც 3-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში განსაკუთრებული ეფექტურობით ვრცელდება. მეცნიერთა ვარაუდით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ბავშვების შედარებით „მწირი“ იმუნური ისტორიაა; მოზრდილებისგან განსხვავებით, რომელთაც ვაქცინაციისა და სხვადასხვა ვარიანტის გადატანის შედეგად ანტისხეულების მრავალფეროვანი არსენალი დაუგროვდათ, ბავშვების იმუნური სისტემა ამ კონკრეტული მუტაციის წინაშე უფრო მოწყვლადი აღმოჩნდა.

გარდა ამისა, ვირუსმა განიცადა სპეციფიკური გენეტიკური ცვლილებები. შტამს აკლია გენომის ის ნაწილები, რომლებიც, როგორც წესი, ორგანიზმში განგაშის სიგნალს რთავენ და იმუნურ პასუხს ააქტიურებენ. ამ „უხილავი“ ბუნების გამო, „ციკადა“ ბავშვების ორგანიზმში უფრო მარტივად აღწევს, ვიდრე სხვა ვარიანტები. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად მაღალი გადამდებლობისა, მედიკოსების დაკვირვებით, აღნიშნული შტამი დაავადების მიმდინარეობის დამძიმებას არც ბავშვებში და არც მოზრდილებში არ იწვევს.

ახალი პანდემიის საფრთხე რეალურია?

მიუხედავად იმისა, რომ „ციკადა“ უკვე 23 ქვეყანაში და აშშ-ის 25 შტატში დაფიქსირდა, ექსპერტები მას „ზომიერ“ ვარიანტად აფასებენ. ექსპერტების თქმით, ეს ვარიანტი 2024 წლის ნოემბრიდან არსებობს, თუმცა მას გლობალური დომინაცია არ მოუპოვებია.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ არსებული ვაქცინები კვლავ სთავაზობენ მოსახლეობას დაცვას. ამ ეტაპზე ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების ზრდა არ ფიქსირდება, რის გამოც ვაქცინების სპეციალური განახლება მხოლოდ ამ ვარიანტისთვის საჭიროდ არ მიიჩნევა. მეცნიერების მთავარი რეკომენდაციაა ვირუსზე დაკვირვების გაგრძელება, რათა მისი შემდგომი ევოლუცია კონტროლიდან არ გამოვიდეს.

წყარო: CNN

გააზიარე

spot_img

სხვა სიახლეები