ძუძუს კიბოს მკურნალობის თანამედროვე სტრატეგიებში ქირურგიული ჩარევა კვლავაც ცენტრალურ როლს ასრულებს, თუმცა ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაცია და პაციენტის ცხოვრების ხარისხი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი მასტექტომიის შემდეგ ძუძუს რეკონსტრუქციაა, რომელიც არა მხოლოდ ესთეტიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ და სოციალურ რეაბილიტაციასაც უზრუნველყოფს. ბოლო წლებში ჩატარებულმა მრავალცენტრულმა ევროპულმა კვლევამ ახალი სრულიად ახალი ხედვები გააჩინა ამ სფეროში, რაც პოლიურეთანით დაფარული იმპლანტების გამოყენებასა და მათ გავლენას ასახავს, ოპერაციის შემდგომ გართულებებზე.
კვლევა დაახლოებით 1500 ქალს აერთიანებდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ძუძუს კიბოს გამო მასტექტომია ჩაიტარეს, შემდგომ კი იმპლანტზე დაფუძნებული რეკონსტრუქცია და რადიოთერაპია მიიღეს. პაციენტები დაკვირვების ქვეშ საშუალოდ სამ წლამდე პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ. კვლევის მიზანი კი სტანდარტული სილიკონის იმპლანტებისა და პოლიურეთანით დაფარული იმპლანტების შედარება იყო, განსაკუთრებით ისეთი გართულებების კუთხით, როგორიცაა კაფსულარული კონტრაქტურა, ინფექციები და განმეორებითი ოპერაციების საჭიროება.
მიღებული შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. პოლიურეთანით დაფარული იმპლანტების შემთხვევაში კაფსულური კონტრაქტურის სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა სტანდარტულ იმპლანტებთან შედარებით. ეს გართულება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრობლემურია ძუძუს რეკონსტრუქციის შემდეგ, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებმაც მიიღეს რადიოთერაპიის კურს ჩაიტარეს. კაფსულური კონტრაქტურა გულისხმობს იმპლანტის გარშემო წარმოქმნილი ფიბროზული კაფსულის გამკვრივებას და შეკუმშვას, რაც ტკივილსა და დეფორმაციას იწვევს, ზოგჯერ კი განმეორებით ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.
პოლიურეთანის საფარის ეფექტურობა მის უნიკალურ მიკროსტრუქტურასთანაა დაკავშირებული. ეს მასალა არათანაბარ, ფოროვან ზედაპირს ქმნის, რომელიც ხელს კოლაგენის ბოჭკოების ორგანიზებულ და პარალელურ განლაგებას უშლის. შედეგად, ფიბროზული ქსოვილი უფრო ქაოტურად ფორმირდება და მისი შეკუმშვის უნარი ნაკლებად გამოხატულია. ამგვარად კაფსულის გამკვრივება და იმპლანტზე ზეწოლის ძალა მცირდება, რაც საბოლოოდ უკეთეს ფუნქციურ და ესთეტიკურ შედეგებს გვაძლევს.
ზოგადად რადიოთერაპია, რომელიც მრავალი ონკოლოგიური პაციენტისთვის აუცილებელია, მნიშვნელოვნად ზრდის ფიბროზის განვითარების რისკს. ის ქსოვილებში ანთებით პროცესებს იწვევს, ააქტიურებს ფიბრობლასტებებს და აჩქარებს კოლაგენის დეპოზიციას. სწორედ ამ პირობებში ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმპლანტის ზედაპირის თვისებები. პოლიურეთანით დაფარული იმპლანტები უკეთ ეგუება რადიოთერაპიით დაზიანებულ ქსოვილებს და ამცირებს გართულებების ალბათობას.
პოლიურეთანით დაფარული იმპლანტების გამოყენებისას მცირდება ინფექციების სიხშირე და განმეორებითი ოპერაციების საჭიროება. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ და კლინიკურ უპირატესობას წარმოადგენს, რადგან თითოეული დამატებითი ოპერაცია როგორც ფინანსურ ხარჯებთან, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის დამატებით რისკებთანაა კავშირში.
მიუხედავად ამისა, აღნიშნულ მეთოდს გარკვეული შეზღუდვებიც გააჩნია. პოლიურეთანის საფარი დროთა განმავლობაში იშლება და მისი გრძელვადიანი ეფექტი ბოლომდე შესწავლილი არ არის. ასევე არსებობს გარკვეული თეორიული შეშფოთება ქრონიკული ანთებითი რეაქციებისა და იშვიათი იმპლანტთან ასოცირებული ლიმფომის განვითარების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ეს რისკები დაბალ დონეზეა შეფასებული და დამატებით კვლევებს საჭიროებს.
თანამედროვე ქირურგია სულ უფრო მეტად მიდის პერსონალიზებული მედიცინისკენ, სადაც თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური მიდგომა არის გადამწყვეტი. პოლიურეთანით დაფარული იმპლანტების გამოყენება შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც საჭიროებენ რადიოთერაპიას და მაღალი რისკის ჯგუფში შედიან გართულებების განვითარების თვალსაზრისით. ეს მიდგომა საშუალებას იძლევა შემცირდეს ოპერაციის შემდგომი პრობლემები, გაუმჯობესდეს ესთეტიკური შედეგები და გაიზარდოს პაციენტის საერთო კმაყოფილება.

