ტეხასის უნივერსიტეტის (UT Dallas) მკვლევრებმა შეიმუშავეს მოწყობილობა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთანაა (AI) კომბინაციაში, პოტენციურად შესაძლებელს ხდის ფილტვის კიბოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ამოსუნთქული ჰაერის ანალიზის მეშვეობით.
ეს ახალი ტექნოლოგია ელექტროქიმიურ ბიოსენსორს წარმოადგენს, რომელიც რვა აქროლად ორგანულ ნაერთს (VOCs) აიდენტიფიცირებს. ეს ნაერთები გულმკერდის კიბოს (ფილტვისა და საყლაპავის კიბო) პოტენციური ბიომარკერებია. ბიოსენსორის მიერ მოპოვებულ მონაცემებს შემდეგ ხელოვნური ინტელექტი (AI) აანალიზებს, რათა დადგინდეს, ემთხვევა თუ არა ნაერთების ბიოქიმიური მახასიათებლები სხვადასხვა გულმკერდის კიბოსთან დაკავშირებულ ინდიკატორებს.
ტექნოლოგია მიზნად ისახავს ისეთი სკრინინგის ინსტრუმენტის შექმნას, რომელიც ექიმებს დაავადების ადრეულ ფაზაში აღმოჩენის საშუალებას მისცემს, რაც პაციენტის მკურნალობის შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. UT Dallas-ის მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ეს მეთოდი კიბოს სკრინინგისთვის ხელმისაწვდომი, სწრაფი და არაინვაზიური საშუალებაა.
მოწყობილობის შემუშავების იდეა COVID-19-ის პანდემიის დროს გაჩნდა, როდესაც მკვლევრები არაინვაზიური ტექნოლოგიების შექმნაზე მუშაობდნენ. ამოსუნთქული ჰაერი სასუნთქი სისტემის მეშვეობით ატარებს მეტაბოლიტებს, რომლებიც დაავადების მაჩვენებლებია. მეტაბოლიტებში ადრეული ცვლილებების ანალიზის ამ განვითარებად მიმართულებას ბრეთომიკა (breathomics) ეწოდება.
ელექტროქიმიური მოწყობილობა გამოსცადეს 67 პაციენტის ამოსუნთქვის ნიმუშზე, რომელთაგან 30-ს ბიოფსიით დადასტურებული გულმკერდის კიბო ჰქონდა. მოწყობილობამ ზუსტად ამოიცნო VOC-ები დადასტურებული კიბოს შემთხვევების 90%-ში.
პროექტი UT Dallas-ის ბიოინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების და UT Southwestern სამედიცინო ცენტრის კლინიკური გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგია.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ფილტვის კიბო მსოფლიოში კიბოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზია, და ამიტომაც არაინვაზიური ტექნოლოგიები, რომლებიც მინიმალურ ზიანს აყენებს პაციენტებსა და ჯანდაცვის სისტემას, უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია.
გუნდი გააგრძელებს მუშაობას მოწყობილობის სრულყოფაზე და კლინიკური ვალიდაციის მოპოვებაზე. საბოლოო მიზანია, რომ ეს ტექნოლოგია დაინერგოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც პაციენტები შეძლებენ ყოველწლიური ფიზიკური შემოწმებისას ტესტის ჩატარებას.
წყარო: ScienceDirect

